პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

ტექსტი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

თავი I ძირითადი დებულებანი მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო 1. ეს კოდექსი ადგენს: ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს. 2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სოციალური საცხოვრისის და სხვა, მსგავსი საკითხები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 2. კოდექსის მიზანი და ამოცანები 1. ამ კოდექსის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება. 2. ამ კოდექსის ამოცანებია: ა) საქართველოს მთელი ტერიტორიისა და მისი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგება საჯარო ინტერესებისა და კერძო ინტერესების შეჯერების საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მეშვეობით; ბ) ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის ღირსეული გარემოს შექმნა, სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; გ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფოს მიერ არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; ე) სახელმწიფოს მიერ არქიტექტორის შემოქმედებითი თავისუფლების და არქიტექტურული განათლების განვითარების უზრუნველყოფა; ვ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცესთან, მდგრადობასთან, საიმედოობასთან, სეისმომედეგობასთან, ცეცხლმედეგობასთან, ენერგოეფექტიანობასთან და ხმაურისაგან დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების დადგენა; ზ) ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა, სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება და მშენებლობის ხარისხის ამაღლება; თ) მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებითა და მშენებლობის ზედამხედველობის ეფექტიანობის ამაღლებით სტაბილური საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აგლომერაცია − მონოცენტრული ან პოლიცენტრული კონფიგურაციის ისეთ დასახლებათა სივრცითი დაჯგუფება, რომლებიც დამოკიდებულია ერთმანეთზე ინტენსიური საქმიანი, საწარმოო, კულტურულ-საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურული კავშირებით; ბ) არქიტექტურული ესკიზი − არქიტექტურული შემოქმედების შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი მონახაზი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს; გ) არქიტექტურული პროექტი − არქიტექტურული შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს; დ) არქიტექტურული საქმიანობა − საქმიანობა, რომელიც გულისხმობს შენობის, ნაგებობის, ინტერიერის, ექსტერიერის დაპროექტებას, სივრცით-გეგმარებითი საკითხების გადაწყვეტას, პროექტის საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დაპროექტებისათვის დავალებების განსაზღვრას; ე) ახალი მშენებლობა − მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება; დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; ვ) გამოყენების სახეობა − ტერიტორიის ფაქტობრივი ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით განსაზღვრულისარგებლობის სახეობა. გამოყენების სახეობა ერთგვაროვანია (დომინირებული სახეობა), თუ ტერიტორიის არანაკლებ 75%-ისა იდენტური ფუნქციითაა გამოყენებული, ხოლო გამოყენების სახეობა შერეულია, თუ ტერიტორიის 25%-ზე მეტი განსხვავებული ფუნქციითაა გამოყენებული; ზ) განაშენიანების გეგმა − ამ კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გეგმა; თ) განაშენიანების დეტალური გეგმა − ამ კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გეგმა; ი) განაშენიანების რეგულირების ხაზი (წითელი ხაზი) – მიწის ნაკვეთისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობა. მიწის ნაკვეთისათვის შეიძლება დადგინდეს ერთი ან ერთზე მეტი წითელი ხაზი; კ) განაშენიანების სავალდებულო ხაზი (ლურჯი ხაზი) – მიწის ნაკვეთისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობა. მიწის ნაკვეთისათვის შეიძლება დადგინდეს ერთი ან ერთზე მეტი ლურჯი ხაზი; ლ) განაშენიანებული ტერიტორია − დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ძირითადი დებულებებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი ზონისა, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა, სასოფლო-სამეურნეო ზონისა, სატრანსპორტო ზონა 2-ისა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ისა; მ) (ამოღებულია - 03.09.2025, №952). ნ) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია − დიდი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, საკურორტო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სარეკრეაციო, კულტურული ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებისთვის ან მუნიციპალიტეტისთვის ან მისი ტერიტორიის ნაწილისთვის მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორია; ო) განსახლება − მოსახლეობის ეკონომიკური და სხვა სახის აქტივობის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაწილება; პ) გენერალური გეგმა − ამ კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გეგმა; ჟ) დასახლება − საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული მოსახლეობის განსახლების ტერიტორიული ერთეული; რ) დასახლების შიდა განვითარება − ქალაქთმშენებლობითი პროცესი, რომლის მიზანია ჩამოყალიბებული დასახლების პოტენციალის ამაღლება ცალკეულ ტერიტორიებზე განაშენიანების გამჭიდროებით (განაშენიანების ინტენსივობის გაზრდით), დეგრადირებული სივრცეების ხელახლა გამოყენებით და სხვა, მსგავსი ღონისძიებებით; ს) დემონტაჟი − არსებული შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის ორგანიზებულად დანგრევა/დაშლა; ტ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5693); უ) ინსოლაცია − ტერიტორიის ზედაპირის ან/და შენობის შიდა, სამყოფი ნაწილების მზის სხივებით განათება; ფ) აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო; ქ) ინფრასტრუქტურა − საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების, ნაგებობებისა და ქსელების ერთობლიობა; ღ) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა − „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ყ) კონსერვაცია − შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების, შენობა-ნაგებობის განადგურებისაგან ან შეუქცევი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; შ) კონსტრუქციული პროექტი − მშენებლობის განხორციელებისთვის საჭირო კონსტრუქციული გაანგარიშებისა და გადაწყვეტის ამსახველი დეტალური (მუშა) დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს; ჩ) კონსტრუქციული სქემა − მშენებლობის განხორციელებისთვის საჭირო კონსტრუქციული გადაწყვეტისა და გაანგარიშების ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს; ც) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა − „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა; ძ) სამეზობლო მიჯნის ზონა − მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან 3 მეტრზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული; წ) მშენებლობა − იმ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ახალი მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს; ჭ) მშენებლობის განმახორციელებელი პირი − მშენებლობის ნებართვის მფლობელი ან პირი, რომელიც ახორციელებს უნებართვო მშენებლობას; ხ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი − მშენებლობის პროექტის განუყოფელი ნაწილი, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის: სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე, მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა, მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი, დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების ადგილი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, ამა თუ იმ სამუშაოს განხორციელების ოპტიმალური ვადა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები; ჯ) მშენებლობის შეტყობინება − I-II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების მიზნით მშენებლობის განმახორციელებელი პირის მიერ მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოსათვისშეტყობინების (მარტივი შეტყობინება, დეტალური შეტყობინება) ვალდებულება; ჰ) ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული; ჰ¹) რეკონსტრუქცია − არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით; ჰ²) საეტაპო ოქმი − მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შედგენილი შესაბამისი დოკუმენტი; ჰ³) საზოგადოებრივი მიჯნის ზონა − მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრიდან მომიჯნავე საზოგადოებრივი სივრცის შუა ხაზამდე არაუმეტეს 15 მეტრი სიგრძის (თუ განაშენიანების დეტალური გეგმით მეტი მანძილიარ არის დადგენილი) ზონა; ჰ⁴) საზოგადოებრივი სივრცე − მიწის ნაკვეთის მომიჯნავე დარეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი სივრცე, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულებით გამოიყენება, კერძოდ, ქუჩა, გზა, მაგისტრალი, ჩიხი, ტროტუარი, გაზონი, ბაღი, სკვერი, წყლის სარკე, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, საზოგადოებრივი გზა, სერვიტუტი და სხვა, მსგავსი სივრცე; ჰ⁵) სააგენტო − სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო; ჰ⁶) სამშენებლო დოკუმენტაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული/შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის განხორციელების საფუძველია; ჰ⁷) სამშენებლო მასალა − სამშენებლო მიზნისთვის წარმოებული პროდუქტი; ჰ⁸) სამშენებლო მასალის ხარისხი − სამშენებლო მასალის ხარისხობრივი მახასიათებლების ერთობლიობა; ჰ⁹) სამშენებლო მოედანი – მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მათი მომსახურებისათვის; ჰ¹⁰) სამშენებლო სამუშაოები − ობიექტის მშენებლობის განხორციელების პროცესი; ჰ¹¹) სამშენებლო/სანებართვო პირობები − მშენებლობის პირობები, რომლებიც განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვით ან მშენებლობის შეტყობინებით და სამშენებლო დოკუმენტაციით; ჰ¹²) სამშენებლო საქმიანობა − სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, სამშენებლო მოედნის ორგანიზება, მშენებლობის წარმოებისა და სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულება − თითოეული ეს საქმიანობა ცალ-ცალკე ან ერთობლივად; ჰ¹³) სანებართვო დოკუმენტაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული დოკუმენტები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარედგინება. სანებართვო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ამ კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად; ჰ¹⁴) სივრცის დაგეგმარება − საზოგადოების ეკონომიკური (მათ შორის, აგრარული, სამრეწველო, სატრანსპორტო და ა. შ.), სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური პოლიტიკის გეოგრაფიული ასახვა, რომელიც ვითარდება მრავალმხრივი და მრავალდისციპლინური მიდგომის ფარგლებში და უზრუნველყოფს საერთო სტრატეგიის შესაბამისად, დაბალანსებულ განვითარებას და სივრცის ფიზიკურ ორგანიზებას; ჰ¹⁵) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროება − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიზნების, ამოცანებისა და ძირითადი პრინციპების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტი და აუცილებლობა, რომლებსაც ადგენს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო; ჰ¹⁶) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება − შესაბამის კვლევებზე დაფუძნებით, ამ კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გეგმის განხორციელების შედეგად გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა; ჰ¹⁷) ტექნოლოგიური სქემა − მშენებლობის განხორციელებისთვის საჭირო ტექნოლოგიური მოწყობილობა-დანადგარების ან/და სისტემების მონტაჟისა და ფუნქციონირების ამსახველი ძირითადი დოკუმენტი; ჰ¹⁸) უნებართვო მშენებლობა − მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება; ჰ¹⁹) ურბანული მემკვიდრეობა − ქალაქური ცხოვრების მატერიალურ და არამატერიალურ ფასეულობათა ჩამოყალიბებული ერთობლიობა; ჰ²⁰) ფუნქციური ზონა − რეგულირებული არეალი, რომელსაც აქვს ზოგადი მახასიათებლები, დანიშნულება, გამოყენება და კონკრეტული შეზღუდვების საგანია. ფუნქციური ზონა იყოფა სხვადასხვა დანიშნულების ქვეზონებად (კონკრეტული მახასიათებლების მქონე ზონებად); ჰ²¹) ქალაქთმშენებლობითი გეგმა − გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა ან/და განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ქალაქთმშენებლობითი გეგმა შეიძლება მომზადდეს ქალაქისთვის, დაბისთვის, სოფლისთვის; ჰ²²) ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა − მდგრადი განვითარების პრინციპებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპების საფუძველზე ადამიანის ცხოვრების, საქმიანობისა და რეკრეაციისათვის ღირსეული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დასახლებებისა და სხვადასხვა ტიპის ტერიტორიებისთვის ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესი; ჰ²³) ქალაქთმშენებლობითი ზონირება − დასახლებული ტერიტორიის დაგეგმარება ფუნქციური ზონების განსაზღვრისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენის მიზნით; ჰ²⁴) ქალაქთმშენებლობითი ღონისძიება − ღონისძიებათა სისტემა ქალაქთმშენებლობაში, რომელიც ხორციელდება ტერიტორიის სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისგაჯანსაღების, მიზნით; ჰ²⁵) შეკეთება − მშენებლობა, რომლის განხორციელების დროს დეფექტები შენობა-ნაგებობის იერსახისა და მზიდი კონსტრუქციების შეუცვლელად აღმოიფხვრება; ჰ²⁶) შენობა-ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით; ჰ²⁷) შენობა-ნაგებობა − შენობა ან/და ნაგებობა; ჰ²⁸) ძირითადი დებულებები − „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; ჰ²⁹) წინასაპროექტო კვლევა − ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური კვლევა, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ეკოლოგიური მდგომარეობის კვლევა, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის კვლევა, განაშენიანების კვლევა, დოკუმენტური კვლევა ან/და სხვა შესაბამისი კვლევა; ჰ³⁰) წინასაპროექტო კვლევის შედეგები − სანებართვო დოკუმენტაციის ნაწილი, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულია ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური მდგომარეობის, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის, განაშენიანების, დოკუმენტური ან/და სხვა შესაბამისი კვლევის შედეგები; ჰ³¹) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ჰ³²) გამწვანების პროექტი − სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლებელია ითვალისწინებდეს შესაბამის ადგილზე არსებულ მწვანე ნარგავს/ნარგავებს, მათ შორის, მერქნიან მცენარეებს (ხე, ბუჩქი) და არამერქნიან მცენარეებს, მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელებას ან/და მწვანე ნარგავების გაშენებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1516 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2738 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025წ. თავი II სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა მუხლი 4. სივრცის დაგეგმარებისადა ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ამოცანები 1. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ამოცანებია: საქართველოს მთელი ტერიტორიის და მისი ნაწილების, დასახლებების მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა, განსხვავებული დარგობრივი ინტერესების შეჯერება და დაგეგმვის სხვადასხვა დონეს შორის შესაძლო წინააღმდეგობების დაძლევა, ადამიანის საარსებო გარემოს ჰარმონიული განვითარებისათვის პირობების შექმნა. 2. საქართველოს ტერიტორიის ცალკეული ნაწილების განვითარება უნდა შეესაბამებოდეს სივრცის დაგეგმარების ძირითად პრინციპებს, ხოლო საქართველოს მთელი ტერიტორიის სივრცის დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ცალკეული ნაწილების განვითარების ძირითადი მოთხოვნები. 3. საქართველოს სივრცის დაგეგმარების ძირითადი მიზნები ხელს უნდა უწყობდეს მის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპული და საერთაშორისო განვითარების ძირითად მოთხოვნებთან. მუხლი 4¹. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და წარმართვა 1. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს სამინისტრო და თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს სააგენტო. 2. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროს მეთოდური ხელმძღვანელობის, კოორდინაციისა და მართვის უზრუნველსაყოფად სააგენტო ახორციელებს შემუშავებული/დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების, აგრეთვე დასაგეგმარებელი ტერიტორიის კვლევას, ანალიზსა და შეფასებას, ადგენს ამ დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამზადებს და გასცემს სათანადო დასკვნას. 3. სააგენტოს ან/და სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვალდებულია მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის სივრცის დაგეგმარების გეგმების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისას ან მათში ცვლილებების შეტანისას. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025წ. მუხლი 5. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემა, მათი იერარქია და თავსებადობა 1. საქართველოში მოქმედებს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდეგი იერარქია: ა) სივრცის დაგეგმარების გეგმები. მათ მიეკუთვნება: ა.ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა; ა.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმა; ა.გ) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა; ბ) ქალაქთმშენებლობითი გეგმები. მათ მიეკუთვნება: ბ.ა) გენერალური გეგმა; ბ.ბ) განაშენიანების გეგმა; ბ.გ) განაშენიანების დეტალური გეგმა. 2. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იერარქიულად ქვემდგომი გეგმების იერარქიულად ზემდგომ გეგმებთან თავსებადობა. 3. იერარქიულად ზემდგომი გეგმის ან გეგმის შემადგენლობის ცალკეული ნაწილების არარსებობა არ აფერხებს იერარქიულად ქვემდგომი გეგმის შემუშავებას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები. 4. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია შემუშავდეს დასახლებათა აგლომერაციის გეგმა. მის მიმართ გამოიყენება მულტიმუნიციპალური/ მუნიციპალიტეტისსივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესები. 5. იერარქიულად ქვემდგომი გეგმით იერარქიულად ზემდგომი გეგმის მოთხოვნებისგან არსებითად განსხვავებული მოთხოვნების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ იერარქიულად ზემდგომ გეგმაში შესაბამისი ცვლილებისშეტანის შემდეგ ან მასთან ერთდროულად. მუხლი 6. ინტეგრირებული გეგმები და დარგობრივი გეგმები 1. სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ხორციელდება ინტეგრირებული გეგმებისა და დარგობრივი გეგმების მეშვეობით. 2. ამ კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გეგმები არის ინტეგრირებული გეგმები. 3. ინტეგრირებული გეგმა აერთიანებს სივრცის დაგეგმარების ყველა ძირითად საკითხს და აყალიბებს სივრცითი განვითარების ძირითად მიმართულებებს შ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.