პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

ტექსტი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და სამართლებრივი საფუძვლები 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ორგანიზებას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებს, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს. 2. ეს კანონი გამოიყენება საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილი/მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ან ინციდენტის შემთხვევაში, თუ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და თავდაცვის კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3516 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. მუხლი 2. კანონის ზოგადი პრინციპები სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისაკენ მიმართული ქმედებებისათვის უპირატესობის მინიჭება; ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობის ნებაყოფლობითობა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა; დ) სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტისადმი კომპლექსური მიდგომა. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო უსაფრთხოება – ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლის/ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ა¹) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; ბ) საგანგებო სიტუაცია − გარკვეულ ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე ან ობიექტზე/ობიექტებზე შექმნილი ისეთი ვითარება/ვითარებათა ერთობლიობა, რომლის დროსაც ირღვევა ადამიანთა ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობები და რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება აშკარა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას; გ) ინციდენტი – შემთხვევა, რომელიც აშკარა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას; დ) საგანგებო სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ობიექტი, ტერიტორია, აკვატორია ან საჰაერო სივრცე, სადაც წარმოიქმნა ან/და განვითარდა საგანგებო სიტუაცია; ე) საგანგებო სიტუაციის რისკი – გარკვეულ პერიოდში შესაძლო ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის მოსალოდნელი შედეგი, რომელიც გამოიხატება საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე, გარემოზე ან ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო, მუნიციპალურ ქონებაზე უარყოფითი ზემოქმედებით; ვ) მზადყოფნა – სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობა, ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ საგანგებო სიტუაციაზე, შეამცირონ მოწყვლადობა და საგანგებო სიტუაციის შედეგები; ზ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება − ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობა, ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია, სამაშველო სამუშაო, საავარიო-სამაშველო სამუშაო და სხვა გადაუდებელი სამუშაოები; თ) ხანძარი − უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას; ი) სამაშველო სამუშაო − მოქმედება, რომლის მიზანია საგანგებო სიტუაციის შედეგად დაშავებული ან/და დაკარგული ადამიანების მოძებნა და გადარჩენა, აგრეთვე საფრთხის შემცველი ადგილიდან ადამიანის გამოყვანა; კ) საავარიო-სამაშველო სამუშაო − მოქმედება, რომლის მიზანია ინციდენტისგან/საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენა, აგრეთვე ავარიისათვის, კატასტროფისათვის, ინციდენტისათვის/საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების მინიმუმამდე შემცირება; ლ) სხვა გადაუდებელი სამუშაოები − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების განხორციელება, ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდა და დეკონტამინაცია, საგანგებო სიტუაციის ზონაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება; მ) აღდგენითი სამუშაოები − პირველი რიგის გადაუდებელი ღონისძიება/ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით; ნ) ობიექტი − ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალება), რომლისთვისაც დადგენილია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ან საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები; ო) პოტენციურად საშიში ობიექტი − ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ობიექტი, რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს რადიოაქტიური, ხანძარსაშიში, აფეთქებახანძარსაშიში, საშიში ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას ან ტრანსპორტირებას და რომელზე ავარიის ან რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის არასწორი წარმართვის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას საგანგებო სიტუაცია (მათ შორის, ხანძრის, ნგრევის, აფეთქების, ემისიის ან ინტოქსიკაციის საფრთხე); პ) სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი − ჰიდროტექნიკური ნაგებობა, წყალმომარაგების, თბომომარაგების, ენერგეტიკული ან სხვა ობიექტი, რომელსაც სამოქალაქო უსაფრთხოების ინტერესებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ჟ) აფეთქებახანძარსაშიში ობიექტი − საწარმოო ან სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი, მიუხედავად მისი ფუნქციური დანიშნულებისა, რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება აფეთქებისა და ხანძრის განვითარების ან ხანძრის გაჩენის და შემდგომი აფეთქების შესაძლებლობით; რ) ხანძარსაშიში ობიექტი – ხანძარსაშიში კატეგორიის საწარმოო ან სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი, მიუხედავად მისი ფუნქციური დანიშნულებისა, რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება ხანძრის გაჩენისა და განვითარების, აგრეთვე ადამიანსა და მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობით; ს) ორგანიზაცია – საგანმანათლებლო, სააღმზრდელო ან სამედიცინო დაწესებულება, სამრეწველო საწარმო, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან შეიძლება წარმოიქმნას საგანგებო სიტუაციის საფრთხე; ტ) ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების/ნივთიერებების გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია პოტენციურად საშიში ობიექტის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის უკონტროლო განვითარებით და რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და გარემოს; უ) რეაგირების ძალები – ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების განკარგულებაში არსებული მორეაგირე დანაყოფები; ფ) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინება − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და საზოგადოებისათვის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან/და საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ შეტყობინების სიგნალების გადაცემა და გადაუდებელი ინფორმაციის მიწოდება; ქ) სახანძრო უსაფრთხოების ზომები − ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მისი ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის და ხანძრის შედეგების შესამცირებლად განსახორციელებელი მოქმედებები; ღ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები − სახანძრო უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები; ყ) განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი − საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის მომეტებული საფრთხის შესახებ მიღებული ინფორმაციის და მისი ანალიზის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე დადგენილი დროებითი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და ფიზიკური/იურიდიული პირის სპეციალურ ქცევის წესებს; შ) სავალდებულო ოპერაციები – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის დროს, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოს მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ვალდებულების დაკისრება შესაბამისი ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მიზნით; ჩ) საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები − საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური წესები; ც) სახანძრო-სამაშველო დანაყოფი – ხანძრის პროფილაქტიკისა და ჩაქრობის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების, აგრეთვე შესაბამის ტერიტორიაზე ან ორგანიზაციაში ადამიანთა ძებნისა და სხვა სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით შექმნილი დანაყოფი; ძ) ზედამხედველობა − ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმება და სათანადო რეაგირების ღონისძიებების განხორციელება; წ) თავშესაფარი – შენობა ან ნაგებობა, რომელიც საგანგებო სიტუაციის ან საომარი მოქმედებების დროს, გარკვეულ პერიოდში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორისაგან ადამიანის დასაცავად. თავშესაფარი შეიძლება იყოს ორმაგი დანიშნულების, სამოქალაქო ან სამრეწველო შენობა ან/და სპეციალური ჰერმეტული დამცავი ნაგებობა, რომელიც დამაზიანებელი ფაქტორების გათვალისწინებით არის დაპროექტებული; ჭ) საოჯახო სასტუმრო − სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნებისთვის, გასაქირავებლად განკუთვნილი ან გამოყენებული არანაკლებ 3, ერთმანეთისგან იზოლირებული, საცხოვრებლად და საძინებლად მოწყობილი სამყოფისაგან შემდგარი შენობა/შენობები, სადაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს კვება; ხ) მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი − მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისათვის განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მის მიერ საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი; ჯ) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტი − პოტენციურად საშიში ობიექტის მომსახურე პერსონალისათვის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისათვის საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობის, საგანგებო სიტუაციის შედეგების განსაზღვრის, საგანგებო სიტუაციის შედეგების მეზობელ ობიექტზე ზემოქმედების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის მზადყოფნის შეფასების, აგრეთვე პოტენციურად საშიშ ობიექტზე საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი; ჰ) ეროვნული სიტუაციური ოთახი − შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც ხორციელდება საგანგებო სიტუაციის სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე მართვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ უწყებათა კოორდინირებული მუშაობის მიზნით; ჰ¹) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე (შემდგომ − მოსამსახურე) − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული მოსამსახურე, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ჰ²) მეხანძრე-მაშველი − პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკასა და ჩაქრობას, ატარებს სამაშველო/საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4407 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. თავი II სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქციები და მოვალეობები მუხლი 4. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა 1. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა (შემდგომ − ეროვნული სისტემა) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების (ეროვნული სისტემის სუბიექტების) ერთიანი ქსელი, რომელიც სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, სათანადო რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დაცვის მიზნით. 2. ეროვნული სისტემა უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის მართვის უწყვეტი პროცესის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რეაგირების ძალების საქმიანობის ორგანიზებას, მათ მართვას და მატერიალური რესურსების შექმნას. 3. ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანო მშვიდობიან პერიოდში არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტი წარმოადგენს ეროვნული სისტემის ძირითად საოპერაციო ძალებს. 4. ეროვნული სისტემის სუბიექტების ჩამონათვალი, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მათი კომპეტენცია, საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით მუშავდება და რომელსაც სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 5. მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული სისტემა ფუნქციონირებს ამ კანონის მე-16−მე-18 მუხლებითა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით განსაზღვრული საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელობით. ინციდენტის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტები გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. მუხლი 5. ეროვნული სისტემის სუბიექტების მოვალეობები 1. ეროვნული სისტემის სუბიექტები, გარდა ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ: ა) საგანგებო სიტუაციის რისკის მართვას − საფრთხის იდენტიფიცირებას, საგანგებო სიტუაციის რისკისა და მისი ზემოქმედების ანალიზს და მის საფუძველზე საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავებას; ბ) საგანგებო სიტუაციის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნას; დ) ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას; ე) ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის, გარემოსა და ქონების დაცვას; ვ) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის, მათ შორის, ადრეული შეტყობინების სისტემის, განვითარებას; ზ) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების დროულად გადაცემას და ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის დროს ქცევის წესების შესახებ ინფორმირებას; თ) აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას; ი) სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობას; კ) საგანგებო სიტუაციის დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანებისათვის თავშესაფრის შექმნას, პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტებისა და წყლის მომარაგებას, ინდივიდუალური/კოლექტიური დაცვის საშუალებების და სხვა მატერიალური რესურსების მობილიზებას; ლ) ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებების ორგანიზებას; მ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და გაცვლას; ნ) საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებას; ო) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეების მომზადებას და საგანგებო სიტუაციის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას; პ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლამდე ადამიანებისა და ქონების გადასარჩენად აუცილებელი ზომების მიღებას; ჟ) ადამიანების ევაკუაციის ორგანიზებაში დახმარების გაწევას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ თავშესაფარში მოთავსებას; რ) მათ სარგებლობაში არსებული თავშესაფრისათვის თვისებრივი მახასიათებლების შენარჩუნებას; ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს დელეგირების საფუძველზე ახორციელებენ. მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებას დებს სამინისტრო. 3. ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ: ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებას; გ) რეაგირების ძალების მზადყოფნას და ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო მატერიალური რესურსების მობილიზებას; დ) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოსათვის გაგზავნას; ე) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლამდე ადამიანების, ქონების ან/და გარემოს გადასარჩენად აუცილებელი ზომების მიღებას; ვ) თავიანთი თანამშრომლების და მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფი სხვა პირების სწავლებას; ზ) მათ სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის, მათ შორის, ადრეული შეტყობინების სისტემის, ელემენტების მუდმივ მზადყოფნას; თ) მათ სარგებლობაში არსებული თავშესაფრისათვის თვისებრივი მახასიათებლების შენარჩუნებას; ი) საგანგებო სიტუაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის, ამ მიზნით კომუნიკაციის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას. 4. ეროვნული სისტემის სუბიექტები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდონ ინფორმაცია ინციდენტის/ მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ. 5. საგანგებო მართვის გეგმისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. 6. ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მატერიალური რესურსების შექმნას. ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესს ამტკიცებს

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.