პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სოციალური მუშაობის შესახებ

ტექსტი

სოციალური მუშაობის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

სოციალური მუშაობის შესახებ

თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ძირითად პრინციპებს, სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსს, სოციალურ გარანტიებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. 2. ამ კანონის დებულებები ვრცელდება საჯარო დაწესებულებასა და კერძო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ, აგრეთვე თვითდასაქმებულ, პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელ სოციალურ მუშაკებზე და მათ პროფესიულ ზედამხედველებზე, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარი – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერვისით ან რომლის მიმართ სოციალური მუშაკი ადგენს ამ კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაობის ჩატარების საჭიროებას; ბ) ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი – ბენეფიციარის სოციალური უსაფრთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობის, განვითარების ან ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს; გ) გადაუდებელი შემთხვევა – მდგომარეობა, რომელიც მეყსეულ საფრთხეს უქმნის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს; დ) ვარაუდის საფუძველი – ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი – პირი, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; პირი, რომლის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი; პირი, რომელიც იმყოფება ისეთ გარემოში ან ავლენს ისეთ ასოციალურ ქცევას, რომელიც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ იგი ჩაიდენს დანაშაულს (დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი პირი); ვ) სამართლებრივი აქტი – უფლებამოსილი დაწესებულების მიერ ამ კანონის მიზნებისთვის გამოცემული, შესასრულებლად სავალდებულო აქტი; ზ) საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს; თ) სოციალური მუშაკი – პირი, რომელიც ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სოციალურ მუშაობას ატარებს ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფთან და რომელსაც მიღებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან სხვა განათლება; ი) სოციალური მუშაობა – პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას; კ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფი – ჯგუფი, რომელშიც შედის ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებული პირი, სოციალურად დაუცველი პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, არასრულწლოვანი, მრავალშვილიანი ოჯახი, მარტოხელა მშობელი, იძულებით გადაადგილებული პირი, უსახლკარო პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი, მხარდაჭერის მიმღები, ძალადობის მსხვერპლი, სხვა პირი, რომელიც გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია იყოს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მსგავს საფრთხეში; ლ) ხანდაზმული – ფიზიკური პირი 65 წლის ასაკიდან. მუხლი 3. კანონის მიზნები ამ კანონის მიზანია სოციალური მუშაობის იმგვარი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება: ა) ინდივიდის მიერ თავისი ცხოვრების წარმატებით წარმართვას, თვითდახმარებისა და თვითგანვითარების გზით მისი დამოუკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას; ბ) ინდივიდის საზოგადოებაში მდგრად ინტეგრაციას, მისი ფართო პირადი ავტონომიის შენარჩუნებას და მის მიერ საზოგადოებრივი სიკეთით სრულფასოვნად სარგებლობას; გ) ისეთი სტრუქტურული ცვლილებების დანერგვას, რომლებიც ხელს უშლის მარგინალიზაციასა და სოციალურ დაყოფას; დ) სოციალური უსაფრთხოების ხელშეწყობას; ე) ოჯახისა და საზოგადოების გაძლიერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მუხლი 4. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათ საფუძველზე გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტები. 2. სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე ამ კანონის დებულებები ვრცელდება, თუ პენიტენციური კოდექსით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5391 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4005 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. თავი II სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები მუხლი 5. სოციალური მუშაობის პრინციპების სავალდებულოობა 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობის ჩატარებისას გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, ინდივიდუალიზაცია, კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვა და სოციალური მუშაობის სისტემურობა. 2. სოციალური მუშაკის მიერ სოციალური მუშაობის პრინციპების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 6. ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპი 1. სოციალური მუშაობა ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირსებისა და სხვა ძირითადი უფლებების პატივისცემას. 2. სოციალური მუშაკი არა მხოლოდ თავად არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებებს, არამედ ხელს უნდა უწყობდეს ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებას. მუხლი 7. სოციალური სამართლიანობის პრინციპი 1. სოციალური მუშაკი ემსახურება საზოგადოებრივ ურთიერთობებში სოციალური სამართლიანობის მიღწევას. 2. სოციალური მუშაკი ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას და სოციალურ პროგრესს. მუხლი 8. თანასწორობის პრინციპი 1. სოციალური მუშაობა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს. 2. პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებისას დაუშვებელია დისკრიმინაციული მოპყრობა რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მუხლი 9. დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი 1. სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატარებს დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. დარგობრივი კომპეტენციის მიღება შესაძლებელია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. 2. აკადემიური ან სხვა საგანმანათლებლო კურსები უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით განათლების მიღებას და შემდგომ მის გაღრმავებას. მუხლი 10. თანაზომიერების პრინციპი 1. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. 2. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. 3. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ქმედების ადრესატს, ისე სხვა პირს. 4. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. მუხლი 11. ინდივიდუალიზაციის პრინციპი 1. სოციალური მუშაობა ორიენტირებულია ინდივიდზე. 2. სოციალური მუშაკი ახდენს ბენეფიციარის ინდივიდუალური სოციალური საჭიროების მხარდაჭერას, სოციალური პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრისკენ მიმართული ქმედებების განხორციელების ხელშეწყობას. მუხლი 12. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპი 1. სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატარებს ამ კანონის მიზნების, ღირებულებებისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად. 2. სოციალური მუშაკი მოქმედებს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. 3. სოციალური მუშაკის პროფესიული ეთიკის ნორმები ეფუძნება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას, ინდივიდის ღირსების პატივისცემის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, ბენეფიციარის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლების და მისი თვითგამორკვევის აღიარებას, სოციალური მუშაობის ჩატარებისას ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის აღიარებას. მუხლი 13. სოციალური მუშაობის სისტემურობის პრინციპი სოციალური მუშაობა მიმდინარეობს სისტემურად, სამ დონეზე: ინდივიდუალურად − მიკროდონეზე, საზოგადოებრივად − მეზოდონეზე, სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის − მაკროდონეზე. თავი III სოციალური მუშაკის ფუნქციები მუხლი 14. სოციალური მუშაკის ძირითადი და დარგობრივი ფუნქციები 1. სოციალურ მუშაკს აქვს ძირითადი და დარგობრივი ფუნქციები. 2. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ სოციალური მუშაობის ჩატარების ყველა ძირითადი და რამდენიმე შესაბამისი დარგობრივი უნარის შეძენას. მუხლი 15. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები 1. სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება. 2. სოციალური მუშაკის სპეციალიზაციის მიუხედავად, მისი ძირითადი ფუნქციებია: ა) სოციალური მუშაობის ფარგლებში განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე; გ) იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩაერიოს მასში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა; ე) ბენეფიციარის უშუალო მონაწილეობით დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური მუშაობის პროცესი; ვ) იმუშაოს სოციალურ საკითხებზე; ზ) მოახდინოს სოციალური კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, შეიმუშაოს პროფესიული ინიციატივები და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები; თ) ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კერძო და საჯარო დაწესებულებებთან; ი) მოახდინოს სასიკეთო ცვლილებების ინიციირება და განახორციელოს ისინი; კ) გაააქტიუროს ინდივიდების, ჯგუფების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების მისწრაფება სოციალური განვითარებისკენ; ლ) განახორციელოს პროფესიული საქმიანობის თვითშეფასება, აგრეთვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზედამხედველობის პროცესში. მუხლი 16. სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში 1. ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობა გულისხმობს: ა) ბავშვის შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობას; ბ) ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას, მის მეურვეობას, მზრუნველობას და საპროცესო წარმომადგენლობას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობის/მზრუნველობის დაწესების/მხარდაჭერის დანიშვნის პროცესში მონაწილეობას, მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობის ზედამხედველობას, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ქონებრივი უფლების განკარგვის საკითხზე რეკომენდაციის გაცემას; დ) ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას; ე) მიუსაფარი ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებების განსაზღვრას; ვ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს; ზ) ოჯახის მხარდაჭერას, პრევენციას, პირის სპეციალიზებული დაწესებულებიდან რეინტეგრაციას და მისი მდგომარეობის მონიტორინგს, 24-საათიანი ზრუნვის სისტემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას; თ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის, ბავშვების, სათანადო მომსახურებაში ჩართვის ხელშეწყობას; ი) ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას; კ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას; ლ) ბავშვის ძალადობისგან, პირის ოჯახში ძალადობისგან და ქალთა ძალადობისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას, მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და მონიტორინგს; მ) ხანდაზმულისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დღის ცენტრისა და გრძელვადიანი თავშესაფრის, შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას; ნ) დედებისა და ბავშვებისათვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას; ო) ბავშვის 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის (მათ შორის, მინდობით აღზრდის) მიზნით განთავსებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახური დავების ან მშობლის უფლების შეზღუდვის/ჩამორთმევის დროს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის და სათანადო დასკვნის გაცემის მიზნით; ჟ) სამეურვეო/სამზრუნველო და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალური და სამედიცინო მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათი შესაბამის დღის ცენტრსა და თავშესაფარში განთავსების ხელშეწყობას; რ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5391 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 17. სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან სოციალური მუშაობა გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისადმი − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის კონსულტაციების გაწევას, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ბ) მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით მასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი საჭიროებების შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მისთვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებას, მისი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობას, კრიზისული შემთხვევების მართვას; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალური გარემოს, უნარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლას, მის შესახებ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით ინფორმაციის მიღებას, განრიდების პროგრამების ფარგლებში მისი ინდივიდუალური საქმის მართვას; დ) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთან რეფერალის სისტემის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით მუშაობას; ე) მსჯავრდებული არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას; ვ) პენიტენციური კოდექსით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5391 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4005 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. მუხლი 18. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს: ა) მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევების შემცირების მიზნით პრევენციულ მუშაობას და მათ მართვაზე ზრუნვას, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებთან, ოჯახთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მუშაობას; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სოციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების, აგრეთვე ინკლუზიური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებას და მათთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, მოსწავლეთა რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახებისთვის კონსულტაციის გაწევას; გ) მოსწავლის ზოგადი განათლების, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფას და მისი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას; დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას. მუხლი 19. სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სოციალური მუშაობა გულისხმობს ბენეფიციართან სოციალურ მუშაობას მისი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში, მათ შორის, მისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების პროცესში, კერძოდ: ა) ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასებას, მისი საჭიროებების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვას; ბ) ბენეფიციარისთვის კონსულტაციისა და საგანმანათლებლო დახმარების გაწევას, მათ შორის, მისი ჯანსაღი ქცევის მხარდაჭერას/წახალისებას მკურნალობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, კრიზისულ ინტერვენციას, ბენეფიციარის ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას და რეაბილიტაციას. მუხლი 20. სხვა ფუნქციები 1. სოციალური მუშაკი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესასრულებელ იმ სპეციალურ ფუნქციებს, რომლებიც ამ კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გამომდინარეობს ამ კანონით დადგენილი პრინციპებიდან, უფლებამოსილებებიდან და ფუნქციებიდან და ემსახურება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისათვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო კერძო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული სოციალური მუშაკისათვის − დამსაქმებელი. თავი IV სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები მუხლი 21. სოციალური მუშაკის საქმიანობის მხარდაჭერა 1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ჰქონდეს სოციალური მუშაობის ეფექტიანი ჩატარებისთვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა იმ დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია იგი. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისთვის აუცილებელი სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლები და მისი უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც ექვემდებარება სოციალური მუშაკი. 3. სოციალური მუშაკი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს მომსახურების მიწოდების დადგენილი პროფესიული სტანდარტით და პროფესიული ეთიკის ნორმებით. მუხლი 22. დამოუკიდებლობა 1. სოციალური მუშაკის დამოუკიდებლობაზე გავლენის მოხდენა დაუშვებელია. 2. სოციალური მუშაობის პრინციპებიდან და ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ერთად განსაზღვრავს მისაწოდებელი მომსახურების ტიპს და მის ხელმისაწვდომობას, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც მრავალმხრივი ან დისციპლინათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში განიხილება. მუხლი 23. ბენეფიციარისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობა ჩაატაროს ბენეფიციარისთვის ღიად, მისთვის ინფორმაციის მიწოდებით და მისი თანხმობით. გადაუდებელი შემთხვევის დროს ბენეფიციარის თანხმობა აუცილებელი არ არის. 2. სოციალური მუშაკი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საჭირო მომსახურების, არსებული რისკისა და დაბრკოლების შესახებ. მუხლი 24. სასამართლოში წარმომადგენლობა 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე. 2. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სოციალურ მუშაკს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მედიაციის პროცესში. 3. სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და უზრუნველყოს სასამართლოსთვის შემთხვევის ან ბენეფიციარის შესახებ ობიექტური ფსიქოსოციალური დასკვნის მომზადება. მუხლი 25. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება 1. სოციალურ მუშაკს ეკისრება იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სოციალური მუშაობის ჩატარებისას. 2. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სოციალური მუშაკის საქმიანობაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი ათავისუფლებს სოციალურ მუშაკს ამ ვალდებულების შესრულებისგან და ინფორმაციის გაცემა არ დააზიანებს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. თუ ბენეფიციარი არასრულწლოვა

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.