პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

ტექსტი

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო 1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებას შვილად აყვანისას და მინდობით აღზრდისას. 2. ეს კანონი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესებსა და პირობებს, აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც შვილად აყვანისას/მინდობით აღზრდისას წარმოიშობა სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, აგრეთვე განსაზღვრავს წარმოშობის სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს. 3. ეს კანონი გამოიყენება: ა) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ან/და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა; ბ) უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა; გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ბავშვის მინდობით აღზრდა; დ) საქართველოში ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მიმართ, რომელიც ექვემდებარება შვილად აყვანას; ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელიც ექვემდებარება მინდობით აღზრდას. მუხლი 2. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლები შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები (მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“ და კონვენცია „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (შემდგომ – ჰააგის კონვენცია)), საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2521 – ვებგვერდი, 29.06.2018წ. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი; ბ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და შვილად აყვანილ ბავშვს (ნაშვილებს) შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის; გ) გასაშვილებელი ბავშვი – პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრში; დ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ე) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი (შემდგომ – რეესტრი) – გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების სისტემატიზებული ერთობლიობა; ვ) მშვილებელი (მშვილებლები) – პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) აკმაყოფილებს (აკმაყოფილებენ) გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რეგისტრირებულია (რეგისტრირებული არიან) რეესტრში; ზ) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი – პირი ან მისი მეუღლე, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, გერი და, გერი ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი დის შვილი, გერი ძმის შვილი, დეიდა, მამიდა, ბიძა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი ან რომელიმე მათგანის შვილი; თ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, არ არის უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი და არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა; ი) უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უცხო ქვეყანაში და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი; კ) მიმღები სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც შვილად აჰყავთ წარმოშობის სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვი; ლ) წარმოშობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვიც შვილად აჰყავთ მიმღებ სახელმწიფოში; მ) კომპეტენტური ორგანო – საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში უფლებამოსილების მქონე უცხო ქვეყნის ცენტრალური ორგანო, აკრედიტებული ორგანო ან/და სხვა უფლებამოსილი ორგანო; ნ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; ო) ნათესაური მინდობით აღზრდა – ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მისი ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან განთავსება; პ) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით მინდობით აღსაზრდელის მინდობით აღმზრდელთან განთავსება; ჟ) ჩამნაცვლებელი მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული ბავშვის დროებით სხვა მინდობით აღმზრდელთან განთავსებას; რ) სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია მინდობით აღმზრდელად და გადამზადებულია განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის მოვლისა და ზრუნვის საკითხებში; ს) მინდობით აღმზრდელი – დედობილი/მამობილი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ამ კანონის 70-ე მუხლით განსაზღვრული პირი; ტ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინდობით აღმზრდელისთვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული პირი; უ) მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზა (შემდგომ – მონაცემთა ბაზა) – მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, მინდობით აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელის შესახებ მონაცემების სისტემატიზებული ერთობლიობა; ფ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც არცერთი მშობელი არ ჰყავს; ქ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენიდან ვინაობის დადგენამდე; ღ) მშობლის ვინაობის დადგენა – მშობლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოპოვება; ყ) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; შ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნება; ჩ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ც) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ძ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; წ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში – ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე; ჭ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; ხ) შვილად აყვანის კომისია – ცენტრალური აპარატის სათათბირო სტრუქტურა, რომელიც წარმართავს საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესს. მისი მუშაობის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით; ჯ) ბავშვის საუკეთესო ინტერესები – პრინციპი, რომელიც აღიარებს ბავშვის ინტერესების უპირატესობას ყველა სხვა სუბიექტის ინტერესებზე და მოიცავს ბავშვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც მისი ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3088 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5461 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. მუხლი 4. ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმები 1. ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას. 2. ბავშვის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც შვილად აყვანამდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა. 3. ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმებია: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა/მზრუნველობა, შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა. 4. დაუშვებელია დედმამიშვილების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. 5. დაუშვებელია ბავშვის შვილად აყვანა იმ ადამიანის მიერ, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. 6. დაუშვებელია ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4439 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. მუხლი 5. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები 1. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო. 2. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოა სასამართლო. 3. უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის, აგრეთვე ასეთი საქმიანობისთვის ან გარიგებისთვის ხელის შეწყობა, რომლის მიზანია შვილად აყვანა. ამასთანავე, შვილად აყვანის დროს დასაშვებია ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო შვილად აყვანის დროს – კომპეტენტური ორგანოს მიერ მომსახურების გაწევა. მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში 1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს: ა) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა და ბავშვის უფლებების დაცვა; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინირება; გ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება; დ) მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება; ე) საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურები; ვ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა და გაცემა; ზ) მინდობით აღზრდის ანაზღაურების ადმინისტრირება; თ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის/მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ორგანიზება; ი) შვილად აყვანის მსურველი პირის/მინდობით აღზრდის მსურველი პირის სერტიფიცირება სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის საფუძველზე; კ) საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების მომზადება; ლ) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში 1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვას; ბ) შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას; გ) ბავშვის გაშვილების მსურველი პირისთვის და ბავშვის მიტოვების მსურველი პირისთვის კონსულტაციის გაწევას; დ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის შვილად აყვანის შესახებ კონსულტაციის გაწევას, რაც დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს; ე) ბავშვისთვის საჭირო კონსულტაციის გაწევას მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით; ვ) შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღებას; ზ) ამ კანონით დადგენილი წესით პირისათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებას; თ) შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) ოჯახის და გასაშვილებელი ბავშვის შეფასებას; ი) შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) რეგისტრაციას; კ) შვილად აყვანის პროცესის განხორციელებას; ლ) შვილად აყვანის შესახებ სასამართლო საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობას; მ) შვილად აყვანის შემდეგ მშვილებლისთვის (მშვილებლებისთვის) დახმარების გაწევას, მათ შორის, ახალ გარემოში ბავშვის ფსიქოსოციალური ადაპტაციისთვის; ნ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას; ო) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის რეგისტრაციას; პ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; ჟ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას; რ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ს) მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდა-განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობას, აგრეთვე მინდობით აღმზრდელის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობას, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ტ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მინდობით აღზრდის საკითხებზე კონსულტაციების გამართვას; უ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. 3. მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოა უფლებამოსილი, მიიღოს ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) თანხმობა ბავშვის გაშვილებასა და ბავშვის მიტოვებაზე. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი. თავი II შვილად აყვანის ძირითადი პირობები მუხლი 8. შვილად აყვანა პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს შეუძლია შვილად აიყვანოს ბავშვი როგორც საქართველოში, ისე უცხო ქვეყანაში. 2. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირს შეუძლია ამ კანონით დადგენილი წესით შვილად აიყვანოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვი. 3. თუ საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია მშვილებლად უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების მომენტისთვის გახდა მესამე სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, საერთაშორისო შვილად აყვანის საკითხი წყდება საქართველოს, იმ სახელმწიფოს, რომელშიც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, და მესამე სახელმწიფოს შორის შეთანხმებით. 4. თუ საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია მშვილებლად საქართველოში ბავშვის შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების მომენტისთვის გახდა სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, შვილად აყვანის საკითხი წყდება საერთაშორისო შვილად აყვანისთვის დადგენილი წესით (ჰააგის კონვენციის გამოყენებით) ან/და საქართველოსა და იმ სახელმწიფოს შორის შეთანხმებით, რომელში მუდმივად მცხოვრები პირიც გახდა მშვილებელი. 5. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია მშვილებლად საქართველოში ბავშვის შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების მომენტისთვის გახდა მესამე სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, შვილად აყვანის საკითხი წყდება საერთაშორისო შვილად აყვანისთვის დადგენილი წესით და საქართველოს, იმ სახელმწიფოს, რომელშიც მშვილებელი მუდმივად ცხოვრობდა, და მესამე სახელმწიფოს შორის შეთანხმებით. 6. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია მშვილებლად საქართველოში ბავშვის შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების მომენტისთვის გახდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, შვილად აყვანის საკითხი წყდება საქართველოში შვილად აყვანისთვის დადგენილი წესით და საქართველოსა და იმ სახელმწიფოს შორის შეთანხმებით, რომელშიც მშვილებელი მუდმივად ცხოვრობდა. მუხლი 9. გასაშვილებელი ბავშვი 1. შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. 2. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს: ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ) რომელიც არის ობოლი; გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; დ) რომლის მშობელს (მშობლებს) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება; ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 3. ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში. მუხლი 10. გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა 1. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ადმინისტრაცია, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია ნაპოვნი ბავშვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს. 2. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა ან/და მისი დაქვემდებარებისა) ადმინისტრაცია ვალდებულია სააგენტოსთვის ბავშვის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, ან/და სააგენტოს მოთხოვნით, წარუდგინოს მას აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი ბავშვის შესახებ არსებული ინფორმაცია. 3. ბავშვი რეესტრში აღრიცხვიდან მოიხსნება მხოლოდ შვილად აყვანის, გარდაცვალების, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის შეცვლის ან სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში. 4. გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 11. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების ხელშეწყობის ღონისძიებები 1. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულ დაწესებულებაში მელოგინის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლის შესახებ მისი შესვლიდან 24 საათში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს. 2. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ასევე ვალდებულია მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების და გაპარვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის დედის ვინაობას (საიდენტიფიკაციო მონაცემებს) და სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის მისამართს. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12. მშობლის (მშობლების) თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე 1. დაუშვებელია ბავშვის მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის გარეშე გაშვილება. 2. მშობელმა (მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა უნდა დაადასტუროს (დაადასტურონ) სპეციალური ფორმით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. 3. ბავშვის მშობლის (მშობლების) თანხმობის გარეშე გაშვილება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სასამართლოს მიერ მშობელს (მშობლებს) ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება; ბ) სასამართლოს მიერ მშობელი (მშობლები) უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის (არიან) აღიარებული; გ) მშობელი (მშობლები) გარდაცვლილია (გარდაცვლილი არიან); დ) სასამართლოს მიერ ბავშვი აღიარებულია მიტოვებულად. 4. თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ გასაშვილებელი ბავშვის მიმართ დაწყებულია მამობის დადგენის პროცედურები, შვილად აყვანის პროცესი შეჩერდება. თუ მამობა არ დადგინდა, შვილად აყვანის პროცესი გაგრძელდება, ხოლო მამობის დადგენის შემთხვევაში შვილად აყვანის პროცესი შეწყდება. 5. თუ მშობელმა (მშობლებმა) ან

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.