საჯარო სამსახურის შესახებ
თავი VIIIადმინისტრაციული ხელშეკრულება საჯარო სამსახურში
მუხლი 79. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება
საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 80. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსი
1. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მის მიერ განსახორციელებელი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების დეტალურ აღწერას, რომლებიც კონკრეტული საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისი უნდა იყოს. 2. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტულ ფორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 9¹ მუხლის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლების, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და X თავის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 55-ე−57-ე, 61-ე, 63-ე−69-ე, 75-ე, 76-ე, 77-ე, 78-ე და მე-80 მუხლების მოქმედება. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 50-ე მუხლის მოქმედება. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 54-ე და 63-ე მუხლების მოქმედება. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7189 – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4452– ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №271 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №401 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.
მუხლი 81. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და მოქმედების ვადა
1. ადმინისტრაციული ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. 2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადისა და ამ ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებამდე პერიოდის ჯამს. საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №271 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
მუხლი 82. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ადმინისტრაციული ხელშეკრულება წყდება: ა) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმებით; დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტის თაობაზე 1 თვით ადრე ან უფრო გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე მხარისთვის 1 თვით ადრე შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე მხარისთვის 1 თვეზე უფრო გვიანდელი შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №271 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №401 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.
თავი IXშრომითი ხელშეკრულება საჯარო სამსახურში
მუხლი 83. პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღების წესი
1. პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისთვის, როგორც წესი, ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში განაცხადების წარდგენისთვის განისაზღვრება 10 კალენდარული დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. 2. საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
მუხლი 84. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ამ კანონის გავრცელების წესი
1. საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. 2. საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 9¹ მუხლის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი−მე-7 და მე-9 პუნქტების, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლების, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და X თავის მოქმედება. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4452– ვებგვერდი, 03.10.2024წ. თავი IX¹ სტაჟირება საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
მუხლი 84¹. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლა
1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საქართველოს პარლამენტის აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესი დგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა საჯარო დაწესებულებები, რომლებშიც სტაჟირების გავლის წესი დადგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. 3. პირის მიერ ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი. სტაჟიორს უფლება აქვს, ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 4. საჯარო დაწესებულების სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟიორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით. 5. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება: ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას. 6. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორისთვის საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გამოყოფს სათანადო საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. 6¹. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 7. სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის 9¹, 51-ე, 56-ე, მე-60, 66-ე, 68-ე და 71-ე–75-ე მუხლების, X თავისა და 109-ე და 124-ე მუხლების მოქმედება. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3625 – ვებგვერდი, 15.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4240 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4452– ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №705 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1279 - ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1298 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
მუხლი 84². სტაჟიორისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ანდა დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური. 2. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა; გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №503 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. თავი IX² მრჩეველი საჯარო სამსახურში საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
მუხლი 84³. მრჩეველი
1. პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო მოსამსახურისთვის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას, საჯარო სამსახურში მიიღება მრჩევლად. 2. მრჩეველი არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტითა და ამ თავით გათვალისწინებული ნორმებისა) მოქმედება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
მუხლი 84⁴. პირის მრჩევლად მიღების წესი
1. პირი მრჩევლად მიიღება მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება მრჩევლის საქმიანობის ძირითადი სფერო და მიმართულებები, აგრეთვე ამ ხელშეკრულების პირობები და მოქმედების ვადა. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის უფლებამოსილების ვადას. 2. მრჩეველთან დადებული ხელშეკრულება წყდება: ა) ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. 3. ამ მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
მუხლი 84⁵. მრჩევლის საქმიანობა
1. პირი მრჩევლის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად ახორციელებს. 2. საჯარო მოსამსახურე მრჩევლის უფლებამოსილებას შეიძლება ახორციელებდეს მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. 3. ერთი და იმავე პირის მრჩევლად მიღება სხვადასხვა საჯარო დაწესებულების სისტემაში დაუშვებელია. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
მუხლი 84⁶. მრჩევლის საქმიანობის ანაზღაურება
1. მრჩეველი თავის უფლებამოსილებას უსასყიდლოდ ახორციელებს. 2. მრჩევლის საქმიანობის ფულადი ჯილდოს, სახელფასო დანამატის ან სხვა მატერიალური სარგებლის სახით ანაზღაურება დაუშვებელია. 3. მრჩევლის მივლინებით გაგზავნასა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინებით გაგზავნისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებისთვის დადგენილი წესები. 4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს ბიზნესომბუდსმენზე, რომელსაც იმავდროულად უკავია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1279 - ვებგვერდი, 18.12.2025წ.
თავი Xდისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 85. დისციპლინური გადაცდომები
1. მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. 2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. 3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
მუხლი 86. დისციპლინური წარმოების მიზანი
დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.
მუხლი 87. დისციპლინური წარმოების პრინციპები
1. დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე. 2. არავის არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის. 3. მოხელე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე. 4. დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს. 5. პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მუხლი 88. დისციპლინური წარმოების დაწყება
1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიზანია მოხელის ან ყოფილი მოხელის შესახებ გავრცელებული, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გაბათილება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას. 4. დისციპლინური წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული.
მუხლი 89. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული
1. საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული. 2. თუ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, ან თუ დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის მოხელის მიმართ, დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს ამ საჯარო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი დაწესებულების (ზემდგომი ორგანოს) სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული. 3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი უფლებამოსილია შექმნას დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია: ა) თუ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული და ამ საჯარო დაწესებულებას არ ჰყავს ზემდგომი ორგანო; ბ) საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 90. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის უფლებამოსილება
1. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია; ბ) მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები; გ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა; დ) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა; ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 2. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 91. დისციპლინური წარმოება
1. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან პირის იდენტიფიცირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს. 2. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. 3. თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული მას დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე და განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები. 4. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს მას დისციპლინური წარმოების წესი და საქმის მასალები. 5. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინურ წარმოებაში ჩართოს ის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და შეუძლია წერილობით ან ზეპირად წარადგინოს ახსნა-განმარტება (მოწმე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტების წარდგენა ეწინააღმდეგება ამ პირის (მოწმის) ან მისი ოჯახის წევრის ინტერესებს. 6. თუ დისციპლინური წარმოების მოსალოდნელი შედეგია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდება, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მონაწილეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილეობაზე. 7. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას ზეპირი მოსმენის ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე–112-ე მუხლები.
მუხლი 92. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები
დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით; ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა; გ) წარადგინოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება; დ) წარადგინოს მტკიცებულება; ე) წარადგინოს წერილობითი მოსაზრება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნასთან დაკავშირებით; ვ) გაასაჩივროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 93. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა
1. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს: ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა; ბ) სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა; გ) დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი; დ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული სხვა ინფორმაცია; ე) პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესაბამისი დასაბუთება.
მუხლი 94. დისციპლინური წარმოების შედეგები
1. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს. 2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. 3. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დასკვნის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. თუ დისციპლინური წარმოების შედეგად არ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წყვეტს დისციპლინურ წარმოებას.
მუხლი 95. დისციპლინური წარმოების ვადები
1. დისციპლინური წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. 2. თუ დისციპლინური გადაცდომისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი 1-თვიანი ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური წარმოების ვადის დამატებით არაუმეტეს 2 თვით გაგრძელების თაობაზე.
მუხლი 96. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. 2. მოხელის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის, 1 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებით.
მუხლი 97. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. 2. მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების მიუხედავად, მოხელე ვალდებულია აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის შედეგად მიადგა საჯარო დაწესებულებას, თუ ეს გადაცდომა მან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა.
მუხლი 98. სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის
სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
მუხლი 99. დისციპლინური წარმოებისას მოხელის სამსახურისთვის ჩამოშორება
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი უფლებამოსილია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურს.
მუხლი 100. დისციპლინური წარმოების შეჩერება და შეწყვეტა
1. დისციპლინური წარმოება ჩერდება, თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ იმავე ქმედების გამო დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. 2. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას. 3. სასამართლოს მიერ შესაბამისი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას. 4. დისციპლინური წარმოება წყდება, თუ აღარ არსებობს დისციპლინური წარმოების ობიექტური საფუძველი, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 101. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა
1. პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში. 2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს უფლება აქვს, მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მას არ ჩაუდენია ახალი დისციპლინური გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოხელემ. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გასვლის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ინფორმაციები აისახება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
თავი XIსაჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა
მუხლი 102. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის მიზანი
1. საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. 2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 103. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის არსი
1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. 2. ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. 3. შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.
მუხლი 104. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესი
1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. 2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია: ა) საჯარო დაწესებულებას გაუწიოს მეთოდური დახმარება ინსტიტუციურ მოწყობაში და შეიმუშაოს ამ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციები; ბ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოიძიოს ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ; გ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში შტატების შემცირებისას ხელი შეუწყოს შესაბამისი მოხელეების მობილობას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის მობილობის წესის შესაბამისად. 4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
მუხლი 105. მოხელეთა რეზერვი
1. თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან. 2 ¹. მოხელეთა რეზერვში ირიცხებიან აგრეთვე: ა) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირის მეუღლე, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებით მეუღლის წარგზავნის გამო პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირები, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სათანადო ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობებზე. 2². ამ მუხლის 2¹ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირის რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება მისი მეუღლის როტაციის წესით სამუშაო მივლინების დასრულების დღიდან. 3. მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება. 4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში. 5. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე დაინიშნება. 6. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4142 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
თავი XIIმოხელის სამსახურიდან გათავისუფლება
მუხლი 106. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების არსი
1. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. 2. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. 3. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 107. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები
1. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მოხელის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა; ვ) ამ კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ზედიზედ ორჯერ შეფასება; ზ) მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ორჯერ შეფასება; თ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა; ი) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მოხელის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდება; კ) გარდაცვალება. 2. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების გამოვლენის დღიდან. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.
მუხლი 108. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები
მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; დ) ამ კანონის 112-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოხელის კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება; ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2210 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
მუხლი 109. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე
1. მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. 3. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე.
მუხლი 110. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით
1. მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობის განხორციელება შეუძლებელია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება არ იწვევს მოხელის სტატუსის შეწყვეტას მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადის გასვლამდე. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ.
მუხლი 111. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო
1. მოხელე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით დადასტურებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. 2. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ასევე იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას და შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 112. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის დროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში
1. მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს, თუ: ა) დარღვეულია საჯარო სამსახურში მიღებისათვის ამ კანონით დადგენილი წესი ან მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება, თუ მას საფუძვლად უდევს მოხელის უკანონო ქმედება. 3. მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის დროს ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ დაუშვებელია ამ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება არ იწვევს ამ მოხელის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების უკანონოდ ცნობას და მიღებული შრომის ანაზღაურების დაბრუნებას. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
მუხლი 113. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში
1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა შესაძლებელია გახდეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის დაცვით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2210 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
მუხლი 114. მოხელის გაფრთხილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ
1. ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხელეს, ამ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაციის გარდა, 1 თვის თანამდებობრივი სარგო ეძლევა.
მუხლი 115. კომპენსაცია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში
ამ კანონის 108-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №401 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.
მუხლი 116. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვა
მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.
თავი XIIIუფლების დაცვა
მუხლი 117. კონკურსის მონაწილე კანდიდატის უფლების დაცვა
1. კონკურსის მონაწილე კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა კონკურსის შესაბამისი ეტაპი, უფლება აქვს, ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში და დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საკონკურსო კომისიას და კონკურსის მონაწილე კანდიდატს. 3. ამ კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შემთხვევაში კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
მუხლი 118. მოხელის უფლების დაცვა
1. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში ან/და ამ პროცესთან დაკავშირებით მიღებული რომელიმე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 3. ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – მის ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. 6. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული პირი მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
მუხლი 119. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლების დაცვა
1. შრომითი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XIV სამსახურის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
მუხლი 120. თანამდებობრივი სარგოების დადგენა
1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული ან არჩეული საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის წესი დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრების ფარგლებში. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოების ოდენობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მოხელეთა თანამდებობების იერარქიული რანგებისთვის მიკუთვნებული თანამდებობების თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის წესი დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. იმ პირთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა კატეგორიას, განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3890 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
მუხლი 121. საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება
საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
მუხლი 122. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი
საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი; ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ვ) საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი; ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები; თ) საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი; ი) საჯარო დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
მუხლი 123. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცება და საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობა
1. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი დამტკიცებამდე 2 კვირით ადრე საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის პროექტს წარუდგენს საჯარო მოსამსახურეებს გაცნობის და მასში შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის ეს შენიშვნები და წინადადებები სავალდებულოა, თუ ეს პირდაპირ გამომდინარეობს კანონიდან. 2. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესს ამტკიცებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის ასლი ეგზავნება ამ საჯარო დაწესებულების მოხელეთა პროფესიულ გაერთიანებას (მისი არსებობის შემთხვევაში). 3. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესი ამოქმედდება დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს, თუ თვით შინაგანაწესით არ არის დადგენილი მისი ამოქმედების უფრო გვიანდელი თარიღი. 4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას საჯარო მოსამსახურეს გააცნოს საჯარო დაწესებულების შინაგანაწესი ხელწერილის დადებით, აგრეთვე უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურის მიერ მისი ნებისმიერ დროს გაცნობის შესაძლებლობა.
მუხლი 124. სამსახურის სტაჟი
1. სამსახურის სტაჟი მოიცავს სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატში საქმიანობის, სტაჟირების, გამოსაცდელ, პროფესიული განვითარებისა და რეზერვში ყოფნის პერიოდებს. 2. საჯარო სამსახურის სტაჟის შესახებ ინფორმაცია აისახება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 3. სამსახურის სტაჟის დამადასტურებელ ცნობას გასცემს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
თავი XVგარდამავალი დებულებები
მუხლი 125. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2017 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში არსებული თანამდებობების ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების ან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება. 2. პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტურია, შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს პროფესიულ საჯარო მოხელედ. პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული დამხმარე მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტურია (პირი საჯარო დაწესებულებაში არ ასრულებს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებსა და მოვალეობებს), შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს პროფესიულ საჯარო მოხელედ. პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული და რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტური არ არის (პირი საჯარო დაწესებულებაში ასრულებს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებსა და მოვალეობებს), შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად (ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-6 მუხლით დადგენილი წესით). პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული და ასრულებს ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის შესაბამის ფუნქციებს, შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად. 3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობა გარდაიქმნება საერთო წესით, ხოლო ამ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელს უნარჩუნდება უფლებამოსილება უკვე განსაზღვრული ვადით. 4. თანამდებობათა (პოზიციათა) გარდაქმნის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება არ აბრკოლებს თანამდებობათა (პოზიციათა) გარდაქმნას. 5. 2017 წლის 1 სექტემბრამდე ბიურომ უზრუნველყოს სერტიფიცირების ელექტრონული პროგრამის გამართვა. 6. ამ კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამის კლასს გაუთანაბრდეს 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო მოხელისათვის მინიჭებული საკლასო ჩინი, მიუხედავად იმისა, 2017 წლის 1 ივლისამდე ეკავა თუ არა მას საჯარო მოხელის თანამდებობა. 7. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას. 8. 2017 წლის 1 ივლისამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული საჯარო მოხელის მიერ გავლილი ვადა ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიული საჯარო მოხელის გამოსაცდელ ვადაში. 9. 2017 წლის 1 ივლისამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოანგარიშებული საჯარო მოხელის სტაჟი ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ სამსახურის სტაჟში. 10. 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ გამოცხადებული კონკურსებისა და დაწყებული წარმოებების დასრულება. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
მუხლი 126. ამ კანონის ამოქმედებამდე მისაღები ნორმატიული აქტები
1. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები სპეციალურ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 2. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფა, მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის გათვალისწინებით. 3. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა) „პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; ბ) „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; გ) „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება. 4. 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა) „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; ბ) „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; გ) „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; დ) „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; ე) „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; ვ) „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; ზ) „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; თ) „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; ი) „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; კ) „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება. 5. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს სახელმწიფო მოსამსახურეებისა და საჯარო მოსამსახურეების ნარკოლოგიური შემოწმებისა და შესაბამისი ცნობის გაცემის წესი და პირობები. 6. ეთხოვოთ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, 2016 წლის 1 სექტემბრამდე სათანადო საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრონ საჯარო სამსახურის საბჭოს შესაბამისი წევრის არჩევის წესი. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
მუხლი 126¹. გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი
1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისთვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის 1¹ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 1¹. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის და საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მათი სისტემის (სტრუქტურის) თანამშრომელთა, მათ შორის, მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა, მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის დასრულების ვადად განისაზღვროს 2018 წლის 31 მარტი. 2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა, 9¹ მუხლისა, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა, 84¹ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და 6¹ პუნქტებისა, 84² მუხლისა და IX² თავისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2¹. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. 3. გარდამავალ პერიოდში ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) გამოაცხადოს ღია კონკურსი ან განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარება (უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა) ან ჰორიზონტალური გადაყვანა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე კონკურსის წესით არის დანიშნული. ღია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარების წესი და პირობები დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულება (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) უფლებამოსილია პირველი, მეორე და მესამე რანგების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოაცხადოს ღია კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით. 6. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კანდიდატი თავისუფლდება მოხელის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან. 7. 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას აქვს ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების კორექტირების უფლება. ბიურო საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია გაითვალისწინოს ბიუროს რეკომენდაციები და ამ პუნქტის საფუძველზე მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება. 8. (ამოღებულია - 23.12.2017, №1924). 9. (ამოღებულია - 23.12.2017, №1924). 10. საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს 2022 წლის 1 ნოემბრამდე შესაბამის აპარატში საქმიანობის პერიოდი ჩაეთვალოთ საჯარო სამსახურის სტაჟში. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1710 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1924 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №4003 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5506 – ვებგვერდი, 13.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 30 დეკემბრის კანონი №48 – ვებგვერდი, 30.12.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1139 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2300 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3625 – ვებგვერდი, 15.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4452– ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №152 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
თავი XVIდასკვნითი დებულებები
მუხლი 127. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები
2017 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტები. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №126 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
მუხლი 128. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–124-ე მუხლებისა, 125-ე მუხლის მე-2 და მე-5–მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი–124-ე მუხლები, 125-ე მუხლის მე-2 და მე-5–მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №126 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4346-Iს
საქართველოს პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.