საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 450. ამ კოდექსის ზოგიერთი მუხლის მოქმედების გავრცელება ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე
1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის, 59-ე მუხლის 3¹ ნაწილის, 183-ე და 184-ე მუხლების, 186-ე მუხლის 1¹ და 1² ნაწილების, 201-ე მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.
2. ამ კოდექსის 445-ე-449-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3447 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
მუხლი 451. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირს მის ინდივიდუალურ შეფასებამდე არ ეზღუდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.
3. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს მას, თუ სარჩელი შეიტანა 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა, რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა.
4. სასამართლო მხარის განცხადების საფუძველზე ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს (განცხადებას), თუ სარჩელი (განცხადება) 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა და სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა.
5. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლოს სარჩელით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო.
6. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო.
7. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა იმ მხარის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 452. (ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 14 ნოემბერი.
№1106 –Iს
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4648 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.