საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
კარი მესამე სასამართლო მტკიცებულებები # # # #
თავი XIX ნივთიერი მტკიცებულება
მუხლი 158. ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმება
1. ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება მხარეებს (წარმომადგენლებს). მათ შეუძლიათ გაეცნონ დათვალიერების ოქმებს. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ ნივთიერ მტკიცებულებათა თუ მათი დათვალიერების ოქმების შესახებ.
2. მხარეებს მთავარ სხდომაზე შეუძლიათ იშუამდგომლონ სასამართლოს წინაშე, რათა მათ ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით წარადგინონ ექსპერტის დასკვნები, თუ ასეთი შუამდგომლობა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთი შუამდგომლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი.
3. ექსპერტიზის დანიშვნა ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 159. ნივთიერ მტკიცებულებათა ადგილზე დათვალიერება
თუ ნივთიერ მტკიცებულებათა სასამართლოში წარდგენა ძნელი ან შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, დაადგინოს მათი ადგილზე დათვალიერება, რის შესახებაც გამოაქვს განჩინება. თუ საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, ადგილზე დათვალიერება შეიძლება მიენდოს ერთ-ერთ მოსამართლეს. ადგილზე დათვალიერება ხდება XV თავში დადგენილი წესებით.
მუხლი 160. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა
1. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქმეში ან საგანგებო აღწერის სიით ჩაბარდება სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახ კამერაში.
2. ნივთები, რომელთა სასამართლოში მიტანა შეუძლებელია, ადგილზე ინახება. ისინი დაწვრილებით უნდა იქნეს აღწერილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ფოტოგრაფირებულიც.
3. სასამართლო იღებს ღონისძიებებს ნივთების უცვლელ მდგომარეობაში შესანახად.
მუხლი 161. ნივთიერ მტკიცებულებათა დაბრუნება
1. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნდება მის წარმდგენ პირს ან გადაეცემა იმ პირს, რომელსაც სასამართლომ მიაკუთვნა უფლება ამ ნივთზე.
2. ნივთები, რომლებიც არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა მფლობელობაში, გადაეცემა სათანადო სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას.
3. ცალკეულ შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მათი შემოწმებისა და გამოკვლევის შემდეგ შეიძლება საქმის დამთავრებამდე დაუბრუნდეს მის წარმდგენ პირს, თუ უკანასკნელი ამას შუამდგომლობს და თუ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეიძლება საქმის განხილვისათვის ზიანის მიუყენებლად.
თავი XX ექსპერტის დასკვნა
მუხლი 162. ექსპერტიზის დანიშვნა
1. თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
2. მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.
3. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ექსპერტის დასკვნა მხარემ შეიძლება წარმოადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე მისთვის ექსპერტის დასკვნის წარდგენის საჭიროება ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა ამ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე.
4. მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი. სასამართლოს შეუძლია მხარეს დაუნიშნოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 163. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ
1. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად. აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს.
2. ექსპერტების შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ ექსპერტს ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.
3. მხარეებს აგრეთვე უფლება აქვთ, წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 164. რამდენიმე ექსპერტის დანიშვნა
რამდენიმე ექსპერტის დანიშვნისას მათ უფლება აქვთ ერთმანეთთან ითათბირონ. თუ ექსპერტები დაადგებიან საერთო აზრს, ყველანი ხელს აწერენ ერთ დასკვნას. ექსპერტი, რომელიც არ ეთანხმება დანარჩენ ექსპერტებს, ადგენს ცალკე დასკვნას.
მუხლი 165. ექსპერტიზის ჩატარების ადგილი
ექსპერტიზის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს სასამართლო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 166. ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში
1. თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის ჩატარება მინდობილი აქვს სპეციალური სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს.
2. სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ექსპერტიზის ჩატარებას მიანდობს ამ დაწესებულების ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს.
3. სასამართლოს დავალებით საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი განუმარტავს თანამშრომლებს, რომლებსაც მიენდოთ ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, აგრეთვე დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამის შესახებ მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი, რომელიც ექსპერტის დასკვნასთან ერთად გადაეგზავნება სასამართლოს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 167. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში
თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზა ტარდება არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში, შესაბამის პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ყველა მასალა, რომელიც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტად დანიშნულ პირს უშუალოდ სასამართლომ უნდა გადასცეს. განჩინების გადაცემისას სასამართლო ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის სპეციალობასა და კომპეტენტურობას, განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 168-ე მუხლით, და აფრთხილებს ექსპერტს დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის, მისი მიცემისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ყოველივე ეს აღინიშნება სასამართლოს განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც დამოწმდება ექსპერტის ხელმოწერით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 168. ექსპერტის უფლებები და მოვალეობები
1. ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე.
2. თუ ექსპერტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლოში, თავს აარიდებს დასკვნის მიცემას ან შეგნებულად მისცემს ყალბ დასკვნას, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს.
4. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე.
5. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება
1. ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელი მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებები.
2. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აუცილებელია მოწმის დაკითხვა, სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას. ამ წესით დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისაგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკითხვისაგან.
3. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დაერთვის საქმეს.
4. თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
5. თუ ექსპერტიზის ობიექტი სხვა პირთანაა და ეს პირი ახორციელებს ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულ ქმედებებს, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა ამ პირს განჩინებით დაევალოს ექსპერტის მითითებების შესრულება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 170. ექსპერტის დასკვნის ფორმა და შინაარსი
1. ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით. სასამართლოს უფლება აქვს მისცეს ექსპერტს წინადადება, რომ მან ზეპირი განმარტება მისცეს სასამართლოს თავისი დასკვნის შესახებ. ზეპირი განმარტება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, წაეკითხება ექსპერტს, რომელიც ხელს აწერს მას.
2. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე.
მუხლი 171. ექსპერტის დასკვნის შემოწმება. ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესი
1. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები.
2. თუ ექსპერტიზა მხარის ინიციატივით დაინიშნა, ექსპერტს პირველად ეკითხებიან ის პირი, რომელმაც წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, და მისი წარმომადგენელი. სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 172. ექსპერტის დასკვნის შეფასება
ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
მუხლი 173. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა
1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
2. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 174. ექსპერტიზის მასალების დაბრუნება სასამართლოსათვის
ექსპერტი ვალდებულია, დაუბრუნოს სასამართლოს ექსპერტიზისათვის გამოყენებული ყველა მასალა და დოკუმენტი ექსპერტიზის დასრულებისთანავე ან როცა სასამართლო ამას მოითხოვს, ან თუ არ ტარდება ექსპერტიზა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 175. ფიცის დადება ექსპერტის მიერ
ექსპერტიზის ჩატარებამდე ან მის შემდეგ ექსპერტი დებს ფიცს. ფიცის შინაარსი განისაზღვრება იმით, რომ ექსპერტი ატარებს ექსპერტიზას საკუთარი ცოდნისა და სინდისის შესაბამისად. თუ ექსპერტს დადებული აქვს საერთო ფიცი ანალოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, მაშინ საკმარისია მითითება ამ ფიცზე. მასზე შეიძლება მიეთითოს ექსპერტის დასკვნაშიც.
მუხლი 176. ექსპერტის გასამრჯელო
1. ექსპერტის გასამრჯელო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ ექსპერტის აზრით, სასამართლოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება დავის საგნის ღირებულებასთან შედარებით, ან დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ექსპერტი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ სასამართლოს.
წიგნი მეორე
საქმეების წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
კარი მეოთხე სასარჩელო წარმოება
თავი XXI საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით
მუხლი 177. საქმის აღძვრა
1. საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით.
2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით.
3. სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
მუხლი 178. სარჩელის შინაარსი
1. სარჩელში უნდა აღინიშნოს:
ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი;
ბ) მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
გ) დავის საგანი;
დ) სარჩელის ფასი;
ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს;
ზ) მოსარჩელის მოთხოვნა;
თ) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
ი) არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობები:
ი.ა) სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
ი.ბ) სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და რომელთა გაცემაზედაც არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს;
ი.გ) სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები;
ი.დ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად;
ი.ე) სხვა სახის შუამდგომლობები;
კ) სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა;
ლ) ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი;
მ) მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე;
ნ) მოსარჩელის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე.
1¹. სარჩელში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
2. სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.
2¹. სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი).
3. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
3¹. სასამართლოს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
4. მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს სარჩელში საკუთარი, მოპასუხის, მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის მისამართები.
5. სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე სპეციალური მოსარჩელე.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
მუხლი 179. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 180. აღიარებითი სარჩელი
სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
მუხლი 181. სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ
სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ დასაშვებია, თუ:
ა) სასარჩელო მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და მისი შესრულების თარიღი დაკავშირებულია კალენდარული დღის დადგომასთან;
ბ) ვითარების მიხედვით გამართლებულია შიში იმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას.
მუხლი 182. რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება და გამოყოფა
1. მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ –არა.
2. სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია.
3. რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების მიღებისას, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.
4. თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
მუხლი 183. სარჩელის (განცხადების) რეგისტრაცია
სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს:
ა) არ არის შეტანილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით;
ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“, „მ“ ან/და „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები;
გ) არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა);
დ) არ ერთვის თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;
ე) არ ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს;
ვ) არ არის ხელმოწერილი;
ზ) არ არის წარდგენილი სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მუხლი 184. სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება
1. ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.
2. სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მოსარჩელის მიერ განჩინების ჩაბარებიდან, ხოლო ჩაუბარებლობის შემთხვევაში − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან მეორე დღეს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.
4. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები არ ვრცელდება ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
6. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები შესაძლებელია გავრცელდეს ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6144 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 185. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა
1. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ:
ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ბ¹) არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული მორიგების აქტი;
ბ ²) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით;
ბ³) მხარეთა შორის არსებობს მედიაციის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, რომ არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება;
გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) ( ამოღებულია - 18.03.2015, №3220);
დ ¹) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096);
ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის;
ვ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3340);
ზ) დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;
თ) (ამოღებულია - 30.06.2023, №3447);
ი) არსებობს ამ კოდექსის 363⁵⁰ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
1¹. თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის (თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მოთხოვნათა დარღვევისა) ან/და მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძვლის არარსებობისას სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, სასამართლო:
ა) მიიღებს სარჩელს, თუ აღნიშნული დარღვევა არსებითი არ არის. დარღვევა არსებითი არ არის, თუ მისი გამოსწორება შესაძლებელია მოსარჩელისთვის ისეთი სასამართლო დავალების მიცემით, რომელიც ხელს არ უშლის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარებას;
ბ) გამოიტანს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულ განჩინებას, თუ აღნიშნული დარღვევა არსებითია. დარღვევა არსებითია, თუ მისი გამოსწორება შეუძლებელია მოსარჩელისთვის ისეთი სასამართლო დავალების მიცემით, რომელიც ხელს არ უშლის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარებას.
1². ამ მუხლის 1¹ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მოსარჩელეს მისცემს ყველა შესაბამისი დარღვევის გამოსწორების შესახებ სასამართლო დავალებას. აღნიშნული სასამართლო დავალება მოსარჩელეს ეცნობება სარჩელის მიღებასთან ერთად ან საქმის მომზადების ეტაპზე, ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს სასამართლო დავალება არ საჩივრდება. აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვადა 10 დღეა. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მოსარჩელის მიერ სასამართლო დავალების აღნიშნულ ვადაში სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
2. ამ მ უხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
ცვლილებები ამ მუხლში (13)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3220 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1481 – ვებგვერდი, 07.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3447 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 187. განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ
1. მოსამართლე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. ამ განჩინებაში უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ის, რომ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია თავის განჩინებაში მიუთითოს, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე ის, თუ როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სასამართლოსთვის იმავე სარჩელით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომელიც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში მითითებული არ ყოფილა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საფუძველი აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოიშვა/გამოვლინდა.
2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.
3. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3447 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
თავი XXI¹ სასამართლო მედიაცია # # # #
მუხლი 187¹. სასამართლო მედიაცია
1. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმე შეიძლება დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით მედიატორს გადაეცეს.
2. მედიატორისათვის საქმის გადაცემის შესახებ განჩინება არ გასაჩივრდება.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მუხლი 187². სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოსაყენებელი ნორმები
სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოიყენება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, ამ კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მუხლი 187³. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავები
1. სასამართლო მედიაცია შეიძლება გავრცელდეს:
ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანასთან, შვილად აყვანის ბათილად ცნობასთან, შვილად აყვანის გაუქმებასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დავებისა;
ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე;
გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე;
გ¹) შრომით სამართლებრივ დავებზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული კოლექტიური დავისა;
გ²) საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დავებზე;
გ³) ქონებრივ დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება;
გ⁴) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან) გამომდინარე დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 10000 ლარს არ აღემატება;
გ⁵) არაქონებრივ დავებზე;
დ) ნებისმიერ სხვა დავაზე − მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მედიატორს შეიძლება გადაეცეს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ⁵“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლე შესაბამისი საქმის გარემოებებს წინასწარ აფასებს და მხარეთა თანხმობის გარეშე, ხოლო თუ ამავე დავაზე გამოყენებულ იქნა კერძო მედიაციის შესაძლებლობა და იგი უშედეგოდ დასრულდა − მხარეთა თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას დავის საქმის მედიატორისათვის გადაცემის შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №753 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №767 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მუხლი 187⁴. მედიატორის აცილება
მედიატორის აცილება დასაშვებია ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 187⁵. სასამართლო მედიაციის ვადა
1. სასამართლო მედიაციის ვადაა 45 დღე, რომლის განმავლობაშიც სულ მცირე 2 შეხვედრა უნდა გაიმართოს. ამ ვადის დენა იწყება საქმის მედიატორისთვის განაწილების მომენტიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
მუხლი 187⁶. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები
1. მხარეები ვალდებული არიან გამოცხადდნენ მედიატორის მიერ დანიშნულ დროსა და ადგილზე სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის.
2. სასამართლო მედიაციის პროცესში მედიატორის მიერ ამ კოდექსის 187⁵მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანიშნულ შეხვედრაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება სასამართლო ხარჯების სრულად დაფარვა, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება სასამართლოში საქმის განხილვა, და ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.
3. სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მხარეს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება, თუ საქმის სასამართლოში განხილვის დროს დავა მხარეთა შორის მორიგებით დასრულდა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 187⁷. სასამართლო მედიაციის პროცესის დასრულება
1. (ამოღებულია - 09.12.2025, №1159).
2. თუ სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილ ვადაში დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
3. თუ სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არცერთი მხარე არ მიმართავს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
მუხლი 187⁸. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მუხლი 187⁹. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
თავი XXII შეგებებული სარჩელი
მუხლი 188. შეგებებული სარჩელის აღძვრა
1. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.
2. ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
მუხლი 189. შეგებებული სარჩელის მიღების პირობები
1. შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით.
2. მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:
ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.
3. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად სასამართლოს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება, გარდა 245-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 190. საქმის განხილვის გადადება შეგებებული სარჩელის აღძვრის გამო
1. თუ შეგებებული სარჩელი აღძრული და მიღებულია საქმის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ, მოსარჩელის თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება ამ საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება.
2. საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარჩელი.
თავი XXIII სარჩელის უზრუნველყოფა # # #
მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
2. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
3. თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
4. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე) და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4¹. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე.
5. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საპრიზო ფონდზე.
6. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრის კუთვნილ განცალკევებულ ანგარიშზე.
7. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 16¹ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე.
7¹. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2¹ მუხლის 4² პუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული შესაბამისი კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე.
7². ამ თავით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2¹ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აქტივებზე, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე.
7³. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გამოიყენება, ხოლო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ჩერდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 1 დღის განმავლობაში. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას.
ცვლილებები ამ მუხლში (15)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1827 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.256
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6313 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4626 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5594 - ვებგვერდი, 07.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1414 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1777 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4940 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5659 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5679 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2116 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3352 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3727 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3943 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
მუხლი 192. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე
1. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 193. განცხადების განხილვის წესი
განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 193-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განცხადების განხილვას მოპასუხე მხარის მოწვევით) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/7/1462 – ვებგვერდი, 10.10.2025წ.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/7/1462 – ვებგვერდი, 10.10.2025წ.
მუხლი 194. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
1. სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომელიც უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია სასამართლომ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი.
2. სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ;
გ) გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ.
3. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.
4. საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები.
5. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1827 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.256
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5594 - ვებგვერდი, 07.07.2016წ.
მუხლი 195. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულება
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 196. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით
1. მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
2. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
3. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
მუხლი 196¹. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა
1. ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.
2. მოპასუხეს ასევე შეუძლია სასამართლოს მიმართოს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის შესახებ განცხადებით.
3. სასამართლო უზრუნველყოფის საგნის შეცვლისა და ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის საკითხს განიხილავს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვას და გადაწყვეტას.
4. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა შესაძლებელია და გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონება საკმარისია სარჩელის უზრუნველსაყოფად, მას გამოაქვს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინება.
5. თუ მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება რეგისტრაციას ექვემდებარება, სარეგისტრაციო მონაცემებში უნდა აღინიშნოს უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5594 - ვებგვერდი, 07.07.2016წ.
მუხლი 197. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება
1. სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.
2. სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე საჩივრის შეტანა შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5594 - ვებგვერდი, 07.07.2016წ.
მუხლი 197¹. სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა, საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში
1. სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად.
2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესით.
3. საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს.
4. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
მუხლი 198. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
1. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით; (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.
( ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.
დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;
ე) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ;
ვ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ;
კ) უფლებამოსილების შეჩერება ისეთ საქმეზე, რომელიც აღძრულია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების პარტნიორისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ჩამორთმევის მოთხოვნით.
3. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის . აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე. ( ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.
( ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.
4. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, სპეციალური მმართველი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, სხვა მიკრობანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.
5. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფინანსურ ინსტიტუტში.
ცვლილებები ამ მუხლში (15)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1827 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.256
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5291 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.331
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №212 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.128
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1701 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.184
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4075 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.505
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი №1/7/681 – ვებგვერდი, 26.11.2015წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1900 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5659 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6988 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1807 - ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2621 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3727 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 199. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება
1. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
3. თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 363³⁰ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/746 – ვებგვერდი, 05.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.04.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მუხლი 199¹. სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
თავი XXIV საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად # # #
მუხლი 200. საქმის მომზადების მიზანი
1. თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრი ამზადებს, რათა დაჩქარდეს მისი განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება და საქმის სწორად გადაწყვეტა.
2. მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწემ.
მუხლი 201. მოპასუხის პასუხი (შესაგებელი)
1. მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:
ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც მას შეაქვს პასუხი;
ბ) მოპასუხის, მისი წარმომადგენლის (თუ პასუხი (შესაგებელი) შეაქვს წარმომადგენელს), მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. პასუხში (შესაგებელში) შესაძლოა მოპასუხემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ მოპასუხე იურიდიული პირია ან ინდივიდუალური მეწარმეა − თავად მოპასუხე, ხოლო თუ მას ჰყავს წარმომადგენელი (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა) − მისი წარმომადგენელი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
გ) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს და რა ნაწილში;
დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ;
ე) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს;
ვ) რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას;
ზ) არსებობის შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობები:
ზ.ა) ხომ არ ექნება აცილება სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ და ა. შ.;
ზ.ბ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად;
ზ.გ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული სასამართლო სხდომაზე;
ზ.დ) სხვა სახის შუამდგომლობები;
თ) პასუხისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა;
ი) მოპასუხის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე;
კ) მოპასუხის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე.
2¹. მოპასუხის წერილობით პასუხში შესაძლებელია მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებსაც ემყარება მოპასუხის პოზიცია.
3. პასუხს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პასუხი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.
4. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
5. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
6. (ამოღებულია – 28.12.2011, №5667).
7. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
8. მოპასუხეს შეუძლია პასუხის შეტანისას განაცხადოს, რომ თანახმაა, წერილობითი მასალები მიიღოს ელექტრონული ფოსტით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი, მოპასუხეს მასალებს უგზავნის ელექტრონული ფოსტით.
9. პასუხს ხელს აწერს მოპასუხე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
მუხლი 202. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 203. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით
1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია:
ა) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;
ბ) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუ მოქალაქეებისაგან, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;
გ) გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი;
დ) შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;
ე) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;
ვ) მისცეს სასამართლო დავალებები;
ზ) მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა;
თ) დანიშნოს ექსპერტიზა, გადაწყვიტოს ექსპერტის მოწვევის საკითხი;
ი) გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი;
კ) დაიბაროს მოწმეები, აგრეთვე ექსპერტები და სპეციალისტები სასამართლო სხდომის დღისათვის.
2. მოსამართლეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
მუხლი 204. სპეციალისტის მოწვევა
1. ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა. შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი.
1¹. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს.
2. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება.
3. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173
მუხლი 205. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა
1. თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. მოსამართლესთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია ხორციელდება სატელეფონო ხაზზე მხარეების ან მათი წარმომადგენლების ერთდროულად ჩართვით და ფიქსირდება ოქმის სახით. თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არიან სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის შესახებ და ვერ ხერხდება ერთ-ერთ მხარესთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, სასამართლო უფლებამოსილია გაესაუბროს მხოლოდ მეორე მხარეს ან მის წარმომადგენელს.
1¹. თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით/201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მოსარჩელემ/მოპასუხემ უარი თქვა დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, მოსამართლე ვალდებულია მოსამზადებელ სხდომაზე ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრებისას ანდა ვიდეოკონფერენციის დროს გამოარკვიოს ამ უარის მიზეზი და განუმარტოს მხარეს/მხარეებს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის დადებითი მხარეები და სამართლებრივი შედეგები.
1². თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით/201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მხარეებმა თანხმობა განაცხადეს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, საქმე დაუყოვნებლივ, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გადაეცემა მედიატორს.
2. თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მუხლი 206. მხარეთა მოვალეობა
მხარეები ვალდებული არიან, საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, მისი მითითებების შეუსრულებლობისათვის მხარე დააჯარიმოს 50 ლარით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 207. განჩინება საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ
1. მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.
2. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
3. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს, მათ შორის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდეს, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 208. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
1. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო იმავე განჩინებით დაამტკიცებს მორიგების პირობებს. იგივე წესი გავრცელდება სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, აგრეთვე სასამართლო მედიაციის შემთხვევაზე.
2. საქმის წარმოების შეწყვეტა აღნიშნული საფუძვლებით იწვევს შედეგებს, რაც გათვალისწინებულია 273-ე მუხლით.
3. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
4. სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5159 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
მუხლი 209. საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვება საქმის მომზადების დროს
272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
თავი XXV სასამართლოს მთავარი სხდომა
მუხლი 210. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება
1. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.
2. სასამართლო სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. სასამართლო უფლებამოსილია, გააფრთხილოს პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების შესრულების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 211. წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითებათა სავალდებულოობა
მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სასამართლოს სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლის განკარგულებას.
მუხლი 212. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა # #
1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე), რომელიც უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.
2. სასამართლო აფრთხილებს მხარეებს, რომ თუ ისინი თვითნებურად მიატოვებენ სხდომას, მათ მიმართ გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.
4. თუ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება გაძევების შესახებ ეხება წარმომადგენელს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმეს თავიდანვე აწარმოებდა რამდენიმე წარმომადგენელი. ადვოკატის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს შესაბამისი განჩინება, რომელიც ეგზავნება ადვოკატთა გაერთიანებას.
5. პირი სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.
6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.
7. თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს (მოსამართლის), პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას, და უგზავნის განკარგულების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს (მოსამართლეს), რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირს ერთხელ უკვე შეფარდებული ჰქონდა ამ ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობა, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის არა უმეტეს 60 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან ორზე მეტი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გარდა დიდი პალატისა, განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, შეიძლება გადაეცეს პოლიციას. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება გამოიტანება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.
8. სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს წესრიგის დამრღვევი პირი, რის შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 212-ე მუხლის მე-9 ნაწილი, გარდა იმ ნორმატიული შინაარსისა, რომელიც შეეხება სხდომაზე დამსწრის გაძევების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 – ვებგვერდი, 12.03.2014წ.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობის შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო დაკავებულ პირს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს. მხარის გამოუცხადებლობა არ იწვევს სხდომის გადადებას. საქმის განხილვა იწყება სასამართლოს თავმჯდომარის (მოსამართლის) მოხსენებით, რომელიც აცხადებს, ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრობა, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს წესრიგის დარღვევის თაობაზე შედგენილ მიმართვას და უსმენს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს. ზეპირი მოსმენისას დამრღვევ პირს/მის დამცველს საშუალება ეძლევა, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები და მისცეს განმარტებები დაკავების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პატიმრობის გამოყენების შესახებ. განკარგულების გამომტანი სასამართლო (მოსამართლე) განკარგულების ასლს დაუყოვნებლივ გადასცემს დამრღვევ პირს, ასევე განკარგულების ასლს აღსასრულებლად უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. დაკავების ვადა ჩაითვლება პატიმრობის საერთო ვადაში.
11. პატიმრობის გამოყენების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს (მოსამართლეს). პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
შენიშვნა:
ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის საფუძველზე დაჯარიმებულ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი:
ა) 150 ლარის ოდენობით – 50-დან 250 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში;
ბ) 300 ლარის ოდენობით – 250-დან 500 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში.
საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს პირველი კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 - სსმ IV, №42, 20.12.2006წ., გვ.1
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.51
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5284 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.325
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2261 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.305
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 – ვებგვერდი, 12.03.2014წ.
მუხლი 213. თარჯიმნისათვის მისი მოვალეობის განმარტება
1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას ან აქვთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მათთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.
2. სასამართლო აფრთხილებს თარჯიმანს, რომ შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის იგი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.
3. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი დაჯარიმდება 50 ლარით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 214. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება
თავმჯდომარე (მოსამართლე) აცხადებს სასამართლო შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, სასამართლო სხდომის მდივნად, და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა მოსამართლე ანდა სხვა სასამართლო შემადგენლობა, და არა ის, რომელიც ცნობილი იყო ამ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
მუხლი 215. მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა
1. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.
2. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.
3. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 216. საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება
1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.
2. თუ მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდნენ, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა გრძელდება, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
3. სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
4. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოსამართლეს შეუძლია განიხილოს საქმე ან/და მიიღოს გადაწყვეტილება არასამუშაო დროს, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 217. საქმის განხილვის დაწყება
1. საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას პირველად სასამართლო ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ საქმის მორიგებით დამთავრება, რის შემდეგაც მოსამართლე მოახსენებს სასამართლოს საქმის შესახებ, მოკლედ გადმოსცემს სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, რომლებიც უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მასალებს. მოსამართლემ უნდა ჩამოაყალიბოს ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნას, ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოპასუხის შესაგებელს, ფაქტები, რომლებზედაც მხარეები არ დავობენ, და ის ფაქტებიც, რომლებიც სადავოა, აგრეთვე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაერთვის საქმეს. მოსამართლე საქმის მოხსენების შემდეგ ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმეს დამატება ან/და დაზუსტება.
2. მოსამართლის მოხსენების შემდეგ პირველად სასამართლო მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, ხოლო შემდეგ – მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს.
3. მოსამართლე მხარეს სიტყვისათვის ან/და საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის განუსაზღვრავს დროს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს განუსაზღვროს დამატებითი დრო, რომელიც არ გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 217¹. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა
1. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები განიხილება დაჩქარებული წესით.
2. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმეზე მოხსენებით, რომელიც უნდა შეეხებოდეს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე მოხსენების შემდეგ მოსამართლეს უფლება აქვს, მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენას და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევას. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს შეკითხვები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. მტკიცებულებათა გამოქვეყნება სავალდებულო არ არის. საქმის განხილვა მთავრდება მხარეთა პაექრობითა და რეპლიკით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2110 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.293
მუხლი 218. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე მხარეთა მორიგების მიზნით
1. სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს.
2. მოსამართლეს შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები.
2 ¹. საქმის მორიგებით დამთავრებამდე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს მხარეთა მორიგების მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს.
3. მოსამართლეს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს მედიატორისათვის საქმის გადაცემის გზით დავის შეთანხმებით დასრულების შესაძლებლობა.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5159 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
მუხლი 219. ახალ გარემოებებზე მითითება
1. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი მტკიცებულებების წარდგენა ან ახალ გარემოებებზე მითითება არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ, წარდგენილი მტკიცებულებების სირთულიდან ან/და მოცულობიდან გამომდინარე, მათი გაცნობა სასამართლო სხდომაზე შეუძლებელია, აგრეთვე თუ მხარე არგუმენტირებულად მიუთითებს მათ გასაქარწყლებლად მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე და სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსადგენ მტკიცებულებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.
3. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 216-ე მუხლით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 220. ახსნა-განმარტების მიღება გამოცხადებული პირისაგან
თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, სასამართლო მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისაგან.
მუხლი 221. მხარეთა შეკითხვები
მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2110 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.293
მუხლი 222. მოსამართლეთა შეკითხვები
მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
მუხლი 223. მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა
1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს მხარეს; სიტყვას ჩამოართმევს მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს; სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.
2. სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
მუხლი 224. მოსარჩელის მიერ სარჩელის შეცვლისა და მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის შესახებ საკითხების გადაწყვეტის წესი
1. მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლისა თუ საგნის შეცვლის ან სასარჩელო მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 83-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრისა და სასამართლოს მიერ მისი მიღების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 188–190-ე მუხლებით დადგენილი წესით.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.