საქართველოს საზღვაო კოდექსი
თავი XXIV. პრეტენზია და სარჩელი
მუხლი 371
იმ მოთხოვნებზე, რომლებისთვისაც კოდექსით განსაზღვრული არ არის სასარჩელე ხანდაზმულობის ვადა, ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი საერთო ვადა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ამ მოთხოვნებისათვის სხვა ვადა არ არის დადგენილი.
მუხლი 372
1. კოდექსში მითითებულ სასარჩელე ხანდაზმულობის ვადაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესები სასარჩელე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის, შეჩერებისა და განახლების შესახებ.
2. თუ სასარჩელე თანხის დარიცხვა დამოკიდებულია საერთო ავარიასთან დაკავშირებულ გაანგარიშებებზე, ამ შემთხვევაში ხდება სასარჩელე ხანდაზმულობის ვადის დროებით შეჩერება, დისპაშორის მიერ საერთო ავარიის შესახებ დადგენილების მიღების დღიდან დაინტერესებული პირის მიერ დისპაშის მიღების დღემდე.
მუხლი 373
ამ კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მოთხოვნებისათვის დადგენილი სასარჩელე ხანდაზმულობის ვადა სამი წლით გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ გემი, რომელსაც ეს მოთხოვნები წაეყენა, სასარჩელე ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში არ შემოსულა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
მუხლი 374
1. კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისას გადასახდელ თანხას დაერიცხება წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ფარგლებში.
2. პროცენტები დაირიცხება მოცემული თანხის გადახდის წერილობითი მოთხოვნის დღიდან მისი გადახდის დღემდე.
3. ამ მუხლის წესები არ ეხება ჯარიმას და პრემიებს, აგრეთვე ზიანის შესახებ მოთხოვნებს, რომელთა ანაზღაურება ხდება საერთო ავარიის განაწილების გზით.
თავი XXIV¹. მეზღვაურის სამუშაო ფორმები
მუხლი 374¹
საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე მეზღვაურები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა. სამუშაო ფორმა უნდა შეესაბამებოდეს შრომის პირობებს და უნდა ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც განასხვავებს მეზღვაურთა კომპეტენციის დონეებს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
მუხლი 374²
1. სააგენტოს თანამშრომლები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა.
2. სააგენტოს იმ თანამშრომელთა სიას, რომლებიც ვალდებული არიან ატარონ სამუშაო ფორმა, განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
მუხლი 374³
ამ კოდექსის 374¹და 374² მუხლებში აღნიშნული სამუშაო ფორმების ძირითად მახასიათებლებს განსაზღვრავს სააგენტო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
თავი XXIV². გარდამავალი დებულებანი
მუხლი 374⁴
1. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II¹ თავის ამოქმედებამდე, იგი ჩაითვლება ამავე კოდექსის დებულებების შესაბამისად გაცემულად და ძალის მქონედ, თუ მისი გამცემი ორგანიზაცია მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად.
2. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II¹ თავის ამოქმედებამდე და მისი გამცემი ორგანიზაცია ვერ მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად, ამ მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემული მოწმობის მოქმედების ვადით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
მუხლი 374⁵
საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2022 წლის 20 სექტემბრის კანონი №1816 – ვებგვერდი, 30.09.2022წ.
მუხლი 374⁶
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფლებამონაცვლედ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე (გამოცემამდე), მათ შორის, ახალი ხელშეკრულებების დადებამდე.
3. 2025 წლის 1 აგვისტომდე:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყონ აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შერწყმა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
თავი XXV. დასკვნითი დებულებები
მუხლი 375
ეს კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივლისიდან.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.