არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
კარი Iარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და ზოგადი პრინციპები
თავი XIIIარასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ყოფნის პირობები #
მუხლი 79. არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსება
1. არასრულწლოვანი ბრალდებული, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული, თავსდება პატიმრობის დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. პატიმრობის დაწესებულების/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მომსახურება, სადაც მოთავსებულია არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული, უნდა აკმაყოფილებდეს მისი ჯანმრთელობის დაცვის და ღირსების პატივისცემის მოთხოვნებს. 2. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური და გადამზადებული პერსონალი (პედიატრი, ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი და სხვა). 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პენიტენციური კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 79¹. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება
უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან ბრალდებულს ან მსჯავრდებულს (გარდა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აწვდის ინფორმაციას პენიტენციური კოდექსის 41¹ მუხლით გათვალისწინებული საკითხების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №877 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
მუხლი 80. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა დაცვის და მათზე ზრუნვის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს: ა) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს; ბ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს; გ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის წესს; დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ წახალისების ფორმების და სხვა ღონისძიებების გამოყენების წესს; ე) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების წესს; ვ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული წარმოების პროცედურებს; ზ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ორგანიზების წესს; თ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესსა და პირობებს; ი) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმეების წარმოების წესს. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 81. არასრულწლოვანთა განცალკევებით მოთავსება
1. ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ: ა) ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნები; ბ) მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის არასრულწლოვნები.
2. დაუშვებელია არასრულწლოვნის სრულწლოვანთან ერთად მოთავსება ან ტრანსპორტირება, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. #
3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ისინი უნდა განთავსდნენ ასაკობრივი ჯგუფის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სხვა მახასიათებლების მიხედვით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში სხვადასხვა სქესის არასრულწლოვნები შეიძლება ერთად მონაწილეობდნენ.
5. მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავსდება ქალთა სპეციალური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნორმები.
მუხლი 82. არასრულწლოვნის მკურნალობა
1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია რეგულარული სამედიცინო შემოწმებით, საჭირო მკურნალობით, პრევენციული სამედიცინო მომსახურებითა და სპეციალური სამედიცინო ინვენტარით. # # 2. არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს და იმ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს, სადაც მოთავსებულია არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული. თუ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების შესახებ ეჭვს აღუძრავდა, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 83. არასრულწლოვნის საყოფაცხოვრებო და კვების პირობები
1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობები. 2. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა შეექმნას მისი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები. 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დღის განრიგით დადგენილი წესით, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად გადაადგილდეს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე.
მუხლი 84. არასრულწლოვნისათვის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება
1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. # # 2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ზოგადი განათლების მიცემის და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის პროფესიული განათლების მიცემის მიზნით პატიმრობის დაწესებულება/არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს. 4. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანისთვის პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ მის დასაქმებას. 4¹. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით, რომელიც ხორციელდება პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით. 5. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 6. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულად ყოფნის/სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია არასრულწლოვნის, როგორც ნასამართლევის ან ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირება. 7. იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის, რომელსაც აქვს შემეცნებასა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ან არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია, სპეციალური პროგრამები უნდა არსებობდეს. მისი სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა მიმდინარეობდეს. 8. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მასთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3840 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 85. არასრულწლოვნის მუშაობის შესაძლებლობა
1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება. 2. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს. ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს. 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას. დასაშვებია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების გარეთ მუშაობა. 4. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ასრულებდეს მხოლოდ ისეთ სამუშაოს, რომელიც ხელს შეუწყობს გათავისუფლების შემდეგ მის პროფესიულ მომზადებას და დასაქმებას, აგრეთვე ხელს არ შეუშლის მის მიერ განათლების მიღებას. 5. დაუშვებელია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
მუხლი 86. სპორტი და რეკრეაცია
1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განხორციელებისა და სეირნობის უფლებით. ამ მიზნით მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათანადო აღჭურვილობა და სივრცე. სასეირნო ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას. 2. არასრულწლოვნისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, უნდა არსებობდეს შესაფერისი რეკრეაციული და ფიზიკური აღზრდის პროგრამები. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 87. არასრულწლოვნის ოჯახთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა # # # # # #
1. არასრულწლოვან მსჯავრდებულს აქვს ოჯახთან და გარე სამყაროსთან ხშირი და რეგულარული კონტაქტის უფლება. კერძოდ, მას უფლება აქვს: ა) ჰქონდეს თვეში 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ბ) ჰქონდეს წელიწადში 4 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 6 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; გ) თვეში ჰქონდეს საკუთარი ხარჯით 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი; დ) ჰქონდეს თვეში 4 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 2 დამატებითი ვიდეოპაემანი; ე) შეუზღუდავად მიიღოს წერილები, ამანათები და გზავნილები. ამასთანავე, ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ამ კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ვ) ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით; ზ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში. 2. არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს თვეში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემანი, აგრეთვე პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში (გარდა პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვისა) − 1 ხანგრძლივი პაემანი. მას ასევე უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს თვეში არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, და შეუზღუდავად მიიღოს წერილები და ამანათები. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 2¹. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. 2². ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით/მე-2 ნაწილით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით. 2³. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე მეტი სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით, აღნიშნული დაწესებულების ინფრასტრუქტურისა და საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გათვალისწინებით. 2⁴. განსაკუთრებული გარემოების (არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელსაც შეზღუდული არ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის არასრულწლოვანს უფლება აქვს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირების გარდა, მისი კანონიერი წარმომადგენლისა და პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით შეხვდეს აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს. 4. არასრულწლოვნის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას პატიმრობის დაწესებულება და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის შეუფერხებელ კონტაქტს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №980 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1322 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №699 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
მუხლი 88. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
1. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს, წელიწადში სამჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. 2. არასრულწლოვან მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.
მუხლი 89. თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში
1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში დასაშვებია პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისი ან სხვა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის. 2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში დროებით გადაყვანისთანავე: ა) მას უტარდება სამედიცინო შემოწმება; ბ) კანონიერ წარმომადგენელს მიეწოდება ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის შესახებ; გ) მას ეძლევა უფლება, ჰქონდეს სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 90. მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა
1. არასრულწლოვანი მსჯავრდებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასჯელს იხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. 2. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით, პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე. 4. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 21 წლის მიღწევისა. 5. 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები. 6. 21 წელს მიღწეული მსჯავრდებული, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული და რომელმაც 21 წლის მიღწევამდე მიიღო ზოგადი განათლება და გაიარა პროფესიული მომზადება, სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 91. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევის, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ან/და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) გამოყენებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც არასრულწლოვან მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის; ი) კომპიუტერული თამაშების თამაშის უფლების მიცემა; კ) აუდიოვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა; ლ) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა − დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების სახეობები და რაოდენობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 92. არასრულწლოვნის დისციპლინური სახდელის სახეები
1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილების მიცემა; ბ) საყვედურის გამოცხადება; გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით; ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორს მიმართოს შეზღუდვის გაუქმების შესახებ განცხადებით; ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით. 1¹. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვან მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად. 2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსება დაუშვებელია. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის საერთო ვადა 1 წლის განმავლობაში 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №980 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1322 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №699 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
მუხლი 93. დისციპლინური სამართალწარმოება
1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე ზეპირი მოსმენით განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას, არ ცხადდება სხდომაზე ან უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე. ეს ფაქტი აღინიშნება დისციპლინური სამართალწარმოების ოქმში. 2. ზეპირი მოსმენის დროს არასრულწლოვან ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომის, ჩანაწერების გაკეთების და ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემის საშუალება. 3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვისას ჰყავდეს ადვოკატი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 6 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება.
მუხლი 94. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე
1. პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლების) და მოვალეობების შესახებ და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე. 2. წერა-კითხვის არმცოდნე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს. 3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №840 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 95. არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
1. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 3 თვეზე ნაკლები. 3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური აცნობებს სააგენტოს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. სააგენტო შეისწავლის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესწავლის შედეგებს სააგენტო პენიტენციურ სამსახურს უგზავნის. 4. პენიტენციური სამსახური ამზადებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს, რომელშიც აღნიშნულია სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოს მიერ გაგზავნილ შესწავლის შედეგებთან ერთად, გადაწყვეტილების მისაღებად პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს უგზავნის. შესწავლის შედეგები და მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმე ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ნაწილია. 5. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე. 6. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 3¹ ნაწილით გათვალისწინებული შინაპატიმრობის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, შინაპატიმრობის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის 1 დღე – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიცავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის და მისი გათავისუფლებისთვის მზადყოფნის სრულ შეფასებას, აგრეთვე საკითხის განხილვისას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. 8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აგრეთვე პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ მისაღებ ზომებს. 9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
მუხლი 96. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლა
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ან 3¹ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი. 2. არასრულწლოვან მსჯავრდებულზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა. 3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
მუხლი 97. არასრულწლოვნის პირადი საქმე
არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე წარმოებს მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე. არასრულწლოვანი ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი პირადი საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება პატიმრობის დაწესებულების/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების არქივში. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე ამ ვადის გასვლისთანავე ნადგურდება.
თავი XIVარასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მზადება, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანზე ზრუნვა და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია #
მუხლი 98. არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მზადება
1. საპატიმრო სასჯელის არანაკლებ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება: ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს; ბ) არასრულწლოვანს უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამით; გ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში ამზადებს მისი სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოსთვის გადასაცემად, არასრულწლოვნის რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის; დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულს მისთვის გასაგები ფორმით აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზით შეუძლია მას გათავისუფლების შემდეგ შესაბამისი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება. 2. სააგენტოს წარმომადგენლები: ა) არასრულწლოვანს ხვდებიან დაწესებულებაში; ბ) იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა არასრულწლოვნისათვის გასაგები იყოს მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის პირობები და საჭიროება; გ) ეცნობიან არასრულწლოვნის სოციალური ჩართულობის საქმეს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; დ) გათავისუფლების შემდეგ ყოფილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მათთვის მიმართვის შემთხვევაში, მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვისა ამტკიცებენ მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმას; ე) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაწყებული პროგრამების დასრულებას და სრულყოფას. 3. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური: ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და სააგენტოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს; ბ) სააგენტოს წერილობით მიმართავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის მოთხოვნით. 4. სააგენტოს წარმომადგენელი: ა) აფასებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებს და განსაზღვრავს მის საჭიროებებს; ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების დასრულებისთანავე შესაბამის დოკუმენტებს უგზავნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მიმართვის და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის ფორმასა და წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 2¹ ნაწილის საფუძველზეა დანიშნული და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 3 თვეს არ აღემატება. 7. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმა უნდა მომზადდეს მის გათავისუფლებამდე სულ მცირე 2 თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის დაცვა შეუძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლების ან ამნისტიის/შეწყალების აქტის გამოცემის ანდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის გამო. 8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის მოსამზადებლად მისი გათავისუფლებიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში სააგენტო თანამშრომლობს იმ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, სადაც არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ან სადაც ის აპირებს დაბრუნებას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 98¹. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №877 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
მუხლი 99. პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის მხარდაჭერა და ზედამხედველობა
1. პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი, როგორც წესი, კანონიერ წარმომადგენელს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაეცემა. 2. სააგენტო: ა) კოორდინაციას უწევს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში; ბ) უზრუნველყოფს პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მის პრაქტიკულ და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. (ამოღებულია - 29.11.2019, №5396). საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
კარი VIIIგარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XVგარდამავალი დებულებანი
მუხლი 100. კოდექსის უკუძალა
1. ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. 2. ამ კოდექსის საპროცესო ნორმებში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა.
მუხლი 101. კოდექსის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. 2. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიღება. 3. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრებმა უზრუნველყონ ამ კოდექსით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა. 4. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უზრუნველყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ადვოკატის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმის დამტკიცება.
თავი XVIდასკვნითი დებულებანი
მუხლი 102. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის პირველი−მე-100 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კოდექსის პირველი−26-ე მუხლები, 27-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები და მე-5−მე-10 ნაწილები, 28-ე−65-ე მუხლები, 66-ე მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 67-ე, 68-ე, 70-ე, 71-ე და 73-ე−მე-100 მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 69-ე მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. 4. ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. 5. (ამოღებულია - 01.06.2017, №949). საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 12 ივნისი 2015 წ. N3708-IIს
საქართველოს პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.