პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 15 თავი
  1. კარი Iზოგადი დებულებანი
  2. თავი Iზოგადი დებულებანი
  3. თავი IIუცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის ზოგადი პრინციპები
  4. თავი IIIსაქართველოს ვიზა
  5. თავი IVსაქართველოში ბინადრობის ნებართვა
  6. თავი Vმოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა
  7. თავი VIუცხოელის უფლებები და მოვალეობები
  8. თავი VIIუცხოელის საქართველოდან გასვლა
  9. თავი VIIIზოგადი დებულებები უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ
  10. თავი IXუცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
  11. თავი Xუცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
  12. თავი XIსაქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება
  13. თავი XIIუცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
  14. თავი XIIIუცხოელის პასუხისმგებლობა
  15. თავი XIVსაქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური
  16. თავი XVგარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

კარი Iზოგადი დებულებანი

თავი Xუცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება

მუხლი 63¹. უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა

1. უცხოელთა აღრიცხვისა და მათი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით შეიძლება შეიქმნას უცხოელთა რეესტრი, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს სააგენტო. უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების, ამ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების) დამუშავებისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის გაზიარების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია ინახება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. ეს დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია საჯარო ინფორმაცია არ არის. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში ინახება აგრეთვე იმ უცხოელის პერსონალური მონაცემები და მის შესახებ ინფორმაცია, რომლის ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით საქართველოდან გაძევების საკითხიც განიხილება ან რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის ან სასჯელის სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა განესაზღვრა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე მონაცემების დამუშავებისა და გაცვლის წესებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 63². უცხოელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი

1. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა, სასამართლო უწყება, აგრეთვე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, განჩინების გამოტანისას ან ბრძანების გამოცემისას გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი უცხოელს ამ კანონის 56¹ მუხლით დადგენილი წესით ჰბარდება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელს ჰბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, ამ კანონის 56¹ მუხლით დადგენილი წესით და მისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIსაქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება

მუხლი 64. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები

1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოში მყოფი უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში: ა) თუ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; ბ) თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; გ) თუ მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ე) თუ იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) მისი სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად; თ) თუ იგი ამ კანონის 51¹ მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან; ი) თუ მას არ აქვს დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტები ან აღნიშნული დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ან ტრანზიტის ქვეყნიდან მიღება გვიანდება, ან იგი უარს აცხადებს ან/და არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელებისთვის; კ) სასჯელად ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დანიშნული უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსასრულებლად; ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა; მ) თუ მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა; ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად, რომლითაც მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა. 3. უცხოელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. 4. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს როგორც მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 5. დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. 6. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი უცხოელი, ოჯახი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმალურად მცირე ვადით, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 7. უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება. 8. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 24 საათისა, ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. 9. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირია, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს. 10. დაკავებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას მისი სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ დროებითი განთავსების ცენტრში ინახება. 11. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან გათავისუფლება არ წარმოშობს მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველს. 12. უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 64¹. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება

1. დროებითი განთავსების ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი მოთავსდება დროებითი მოთავსების იზოლატორში. დროებითი მოთავსების იზოლატორში უცხოელის მოთავსების ვადა 60 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 2. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი სარგებლობს დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. 3. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ უცხოელთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაუბრება და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისთვის სხვა საჭირო პროცედურები ტარდება დროებითი მოთავსების იზოლატორში. 4. თუ უცხოელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ დატოვებს საქართველოს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გათვალისწინებით, უცხოელი გადაყვანილი იქნება დროებითი განთავსების ცენტრში. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №863 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 64². უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება

1. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოდან გასაძევებელ უცხოელთან დაკავშირებით დროებითი განთავსების ცენტრს გადასცემს უცხოელის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო დოკუმენტსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს; ბ) მოწმდება უცხოელის პირადი ნივთები და ტარდება მისი პირადი დათვალიერება უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის შესაბამისად. უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ნივთი, რომელთა დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე შენახვაც ნებადართული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიება; გ) იგი გადის სამედიცინო შემოწმებას; დ) ხდება მისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება. 2. საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას იხსნება მისი პირადი საქმე, რომელშიც შეტანილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს უცხოელის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია. 3. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელს მისი უფლებები და მოვალეობები განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 64³. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების პირობები

1. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირს შეიძლება ჩაუტარდეთ დათვალიერება აკრძალული ნივთების გამოსავლენად. ასევე შეიძლება გაისინჯოს მათი პირადი ნივთები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების პროპორციული ღონისძიება. 2. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის/ქცევის წესები; ბ) არ შეუქმნას საფრთხე დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ სხვა უცხოელს ან სხვა პირს, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის უსაფრთხოებას; გ) განზრახ არ დააზიანოს საკუთარი და სხვა პირის ჯანმრთელობა ან დროებითი განთავსების ცენტრის საკუთრება. 3. უცხოელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 65. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა

1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განესაზღვროს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადება; ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა, ან რეგულარული შემოსავლის მიღების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა; გ) არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარება; ე) ვალდებულების დაკისრება, არ შეიცვალოს ის საცხოვრებელი მისამართი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მიუთითა. 3. კონკრეტული საქმის ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ორი ალტერნატიული ზომა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს უცხოელს ან სხვა პირს მისი სახელით ან მის სასარგებლოდ. 5. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადად სასამართლომ შეიძლება განსაზღვროს 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, მაგრამ საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 66. დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები

1. დაკავებული უცხოელი განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დროებითი განთავსების ცენტრში. 2. დროებითი განთავსების ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს: ა) უცხოელის მიმართ დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა; ბ) უცხოელის მიმართ მისი სქესის, ასაკის და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით მოპყრობა; გ) დროებითი განთავსების ცენტრში ოჯახის მოთავსების შემთხვევაში ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა; დ) არასრულწლოვნის უფლებების დაცვა; ე) ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განთავსება.

თავი XI¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 66¹. იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას

1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 3. თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს არ წარედგინება, თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში თავშესაფრის მაძიებლის სასამართლოსთვის წარდგენამდე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაჩქარებული წესით მიღებულია გადაწყვეტილება მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საქმეს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი დაკავების შემდეგ ამ კანონის 64² მუხლით დადგენილი წესით თავსდება დროებითი განთავსების ცენტრში. 6. დაკავებული თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 66². თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა

1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. თავშესაფრის მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს ამ კანონის 65-ე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული ზომა იმავე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIIუცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

მუხლი 67. უცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. უცხოელის პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უცხოელის პერსონალურ მონაცემთა გამოყენების და მათში დაცული ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავით.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIIIუცხოელის პასუხისმგებლობა

მუხლი 68. უცხოელის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის უცხოელს დადგენილი წესით ეკისრება სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 69. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIVსაქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური

მუხლი 70. საქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური

1. უცხოელი საქართველოს ვიზის გაცემისთვის იხდის საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ხოლო სასაზღვრო გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისთვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის − სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 2. უცხოელი მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით იხდის: ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 1¹ და 1² პუნქტებითა და მე-9 მუხლის 4¹ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გასაცემად, აგრეთვე D3, D5 და D6 კატეგორიების საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო, ან სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტი ახორციელებს; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

კარი IVგარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ბმული ამ მუხლზე

თავი XVგარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 71. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს: ა) საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცება; ბ) იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცება, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა; გ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცება; დ) (ამოღებულია - 26.06.2025, №865); ე) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცება; ვ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცება. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცება. 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 72. გარდამავალი დებულებანი

1. იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა, ამავე კანონის III თავის მოქმედება არ ვრცელდება მის მიერ საქართველოს დატოვებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. 2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც სტატუსი მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი წარმოების განხორციელების გარეშე და რომელთა ბინადრობის მოწმობებს ვადა გაუვიდათ, ვალდებული არიან, 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიმართონ სააგენტოს ახალი ბინადრობის მოწმობების ასაღებად. მითითებულ ვადაში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ პირებს შეუწყდებათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი. 3. საქართველოში შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელი, რომელზედაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული იყო საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, 2015 წლის 1 ივლისამდე თავისუფლდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობის დაცვისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. 4. უცხოელს, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში ბინადრობის ნებართვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მიიღებს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. 5. უცხოელს, რომელიც 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 1 ივლისამდე, ამ კანონის მე-6 მუხლის 1¹ პუნქტის შესაბამისად საქართველოში წარადგინოს განაცხადი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უცხოელს, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3101 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 73. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16); ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; გ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №401 ბრძანებულება „უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; დ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ე) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულება „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 74. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 5 მარტი 2014 წ. N2045-IIს

საქართველოს პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.