ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
თავი IX¹
მუხლი 55³. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის საფუძვლები და პროცედურა
1. ამ კანონის 55² მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსს დაკარგავს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები (მათ შორის, სასესხო ფასიანი ქაღალდები − მათი სრულად დაფარვის შედეგად), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად გაუქმდა ან/და აღარ არსებობს;
ბ) საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლისთანავე. ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან საჯარო ფასიან ქაღალდებად აღარ მიიჩნევა.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის შესახებ, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელის/მფლობელების ხმათა არანაკლებ 75%-ის თანხმობით მიღებულ გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ;
ბ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი/მფლობელები, რომელმაც/რომლებმაც მხარი დაუჭირა/დაუჭირეს გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელებს/განახორციელებენ სატენდერო შეთავაზებას ემიტენტის მიერ გამოშვებული ყველა საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე;
გ) შემთავაზებელი/შემთავაზებლები სატენდერო შეთავაზების ვადის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს/წარუდგენენ წერილობით დასტურს იმის თაობაზე, რომ შეთავაზებისას დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და შეთავაზების ადრესატებს მიეცათ საკუთარი უფლებების დადგენილი წესით განხორციელების შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზება განხორციელდება ამ კანონის მე-15 მუხლითა და 15¹ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ამავე მუხლის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გამოსასყიდ ფასს აუდიტორი ადგენს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ არის დაშვებული ან მიმოქცევაშია ემიტენტის მიერ გამოშვებული სხვა საჯარო ფასიანი ქაღალდები, გარდა იმავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა.
5. ემიტენტმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დაკარგა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი, ეს სტატუსი შეიძლება ხელახლა მოიპოვოს საერთო წესების საფუძველზე.
6. ეს მუხლი არ გამოიყენება საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული ერთეულების მიმართ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
თავი X გარდამავალი დებულებანი
მუხლი 56. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 56¹. ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები
1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადება, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში შესაბამისი ანგარიშის გახსნა და ფასიანი ქაღალდების რეესტრების ცენტრალური დეპოზიტარისთვის გადაცემა.
2. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომამდე განახორციელოს ემიტენტის საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება იმ მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რომელსაც ეს ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდა. ცენტრალური დეპოზიტარი იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებას, რომლებიც ნომინალურ მფლობელობაში არცერთ მონაწილეს (ანგარიშის მწარმოებელს) არ ჰქონია, განახორციელებს ანგარიშის მფლობელთათვის ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გახსნილ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ემიტენტსა და ცენტრალურ დეპოზიტარს გადასცეს მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა ინფორმაცია/დოკუმენტი, რომლებიც ფასიანი ქაღალდების რეესტრშია დაცული.
4. რეგისტრირებულმა მესაკუთრემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე დაკრედიტებულ ფასიან ქაღალდებზე პრეტენზიას აცხადებს, იმავე პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნა. რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნამდე ჩერდება შესაბამისი ფასიანი ქაღალდის/ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე უფლებები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნის შემდეგ ცენტრალური დეპოზიტარი შესაბამისი რაოდენობის საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებას განახორციელებს მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რაც მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) მიერ ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაკრედიტების საფუძველია.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს საჯარო ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციის დამატებითი წესები და მოთხოვნები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს შესაბამისი ვალდებულებები.
7. ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ნომინალური მფლობელი 2024 წლის 1 მარტამდე გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ამ მუხლით დადგენილი წესით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გადატანამდე მოქმედებენ 2024 წლის 1 მარტამდე არსებული წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 56². ცენტრალური დეპოზიტარის განახლებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შემდეგ საქმიანობა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
თავი XI დასკვნითი დებულებანი
მუხლი 57. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №412 ბრძანებულება „სააქციო საზოგადოებების აქციათა რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბების ზოგიერთ ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“.
3. 2008 წლის 15 ივლისიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულება „აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების თაობაზე".
4. ამ კანონის საფუძველზე 2008 წლის 15 აპრილამდე გაცემულ ყველა ლიცენზიას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა , როგორიც 2008 წლის 15 აპრილის შემდეგ გაცემულ ლიცენზიებს.
5. 2009 წლის 15 თებერვლამდე ძალას ინარჩუნებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყველა ის წესი , რომელიც მოქმედებდა 2008 წლის 15 აპრილამდე, ხოლო 2009 წლის 15 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს ახალი წესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი იქნება .
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი.
№1745–IIს
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.