აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
თავი X
მუხლი 73. უმაღლესი საბჭოს აპარატის დასკვნა
1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს კანონპროექტის თაობაზე უმაღლესი საბჭოს აპარატის ინფორმაცია და დასკვნა.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას;
ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;
გ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
მუხლი 74. საკანონმდებლო წინადადება
1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, სხვა იურიდიულ პირებს.
3. საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ან/და მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე საკანონმდებლო წინადადების ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს (საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა კომიტეტს), რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ საკანონმდებლო წინადადების აღნიშნულ ვადაში განხილვა ვერ მოხერხდა, მისი განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა არაუმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება სხვა კომიტეტს გადაეცა, იგი საკანონმდებლო წინადადების გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადების თაობაზე დასკვნას.
5. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს მისი ავტორი. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებას განსახილველად წარადგენს სხდომის თავმჯდომარე.
6. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას.
7. საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ იანგარიშება უმაღლესი საბჭოს მორიგ სესიებს შორის პერიოდი.
8. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს მას პრეზიდიუმს.
9. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
10. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე.
11. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.
მუხლი 75. კანონპროექტზე მომხსენებელი და თანამომხსენებელი
1. კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი უმაღლესი საბჭოს წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან/და ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის/მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის/მთავრობის თავმჯდომარის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული. ფრაქციის, კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს წევრის და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლო საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი.
4. უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი.
5. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის) განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს კანონპროექტის განხილვას.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები განიხილება მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის ეტაპების გამოტოვებით.
მუხლი 76. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, ფრაქციები, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები და უმაღლესი საბჭოს აპარატი წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ კანონპროექტის თაობაზე შენიშვნებს, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
2. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წამყვანი კომიტეტი იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.
3. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა წარედგინება წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გააცნობს მას კომიტეტის წევრებს. თუ კომიტეტი ამ მოსაზრებას/შენიშვნას გაიზიარებს, იგი აისახება კომიტეტის დასკვნაში.
4. კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს კომიტეტი. იმისათვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება ალტერნატიულ წინადადებებს.
6. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას. თუ ინიციატორი მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტში კანონპროექტის განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მოწვეულ კომიტეტის სხდომაზე ვერ უზრუნველყოფს ინიციატივის კომიტეტის სხდომაზე წარდგენას, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილად ჩაითვლება.
7. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.
8. თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.
9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის საკითხს, იგი უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს აპარატი აწვდის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
10. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე.
11. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
12. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, აგრეთვე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი (შემდგომში – შენიშვნების ფურცელი).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
მუხლი 77. ალტერნატიული კანონპროექტი
1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონპროექტის საკომიტეტო განხილვამდე, რეგლამენტით განსაზღვრული საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი. ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს ძირითადი კანონპროექტის განმხილველ წამყვან კომიტეტს. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად.
2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი კანონპროექტისაგან.
3. წამყვანი კომიტეტი, ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას პლენარული სხდომისთვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი კანონპროექტი და ალტერნატიული კანონპროექტი. უმაღლესი საბჭო დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის დროს მომხსენებლად გამოდის ჯერ ძირითადი კანონპროექტის მომხსენებელი, ხოლო შემდეგ – ალტერნატიული კანონპროექტის მომხსენებელი. თითოეული მომხსენებლის მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. ამის შემდეგ კენჭი ეყრება შესაბამისი დადგენილების პროექტს.
მუხლი 78. ალტერნატიული წინადადება
1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვთ კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრს.
2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით შესაბამისი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვამდე. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატს.
3. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს. ალტერნატიული წინადადების წამყვანი კომიტეტის მიერ უარყოფის შემთხვევაში იგი წამყვანი კომიტეტის დასკვნასთან ერთად ეგზავნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
მუხლი 79. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება
1. კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.
2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით.
3. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.
4. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი − არა და რატომ.
5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.
6. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.
8. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ.
9. ამ მუხლის მე-2 –მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს.
10. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია.
11. უმაღლესი საბჭოს წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
12. ფრაქციის წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
13. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი.
14. პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი. თუ საკითხის განხილვისას ალტერნატიული წინადადების ავტორი დარბაზში არ იმყოფება ან იგი ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარს აცხადებს, ალტერნატიული წინადადება უარყოფილად ითვლება და მას კენჭი არ ეყრება.
15. კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის მიღების შესახებ.
16. კანონპროექტი, რომელიც კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ.
მუხლი 80. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის თავისებურება
1. საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას პაკეტში შემავალ თითოეულ კანონპროექტზე ცალკე იმართება რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-2-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.
2. საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ყველა კანონპროექტზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ ერთიანად იმართება რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გამოსვლები.
მუხლი 81. პლენარული სხდომის ოქმი
1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დგება სხდომის ოქმი.
2. უმაღლესი საბჭოს დახურული პლენარული სხდომის ოქმის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, აგრეთვე იმ ორგანოთა წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ.
მუხლი 82. საკანონმდებლო აქტების მიღება
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
2. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი.
4. კანონის მიღების თარიღად ითვლება უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
მუხლი 83. მიღებული კანონის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა, ხელმოწერა და გამოქვეყნება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი, 7 დღის ვადაში, კანონპროექტის ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ვიზირებისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ შესაბამის მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. მთავრობის თავმჯდომარე 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს, ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
მუხლი 84. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
2. პირველ რიგში კენჭი ეყრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას.
3. უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს კენჭს უყრის ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან რეგლამენტის 83-ე მუხლითა და ამ მუხლის მე-3–მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
6. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კანონს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს უმაღლეს საბჭოს, მაგრამ გამოცხადებულია უმაღლესი საბჭოს არდადეგები ან უმაღლესი საბჭოს არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნების განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია.
მუხლი 85. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უმაღლესი საბჭოს წევთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ხელმოწერების მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს მათ და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 3 მაისის რეგლამენტი N12 - ვებგვერდი, 05.05.2022 წ.
მუხლი 86. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი
1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით.
2. საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
3. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.
4. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება.
5. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.
6. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხელმოწერების ფურცლების შევსებით.
7. ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისა. ხელმოწერების სისწორისათვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
8. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს.
9. შევსებული ხელმოწერების ფურცლები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად.
10. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე.
11. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:
ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;
ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;
გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს;
დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს საარჩევნო უფლება.
12. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 20 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ინიციატივით აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
13. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.
მუხლი 87. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა
1. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო.
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ ფრაქციების წარმომადგენლები ან/და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.
5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 14 დღის ვადაში განიხილავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებულ მასალებს.
6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით მართავს შეხვედრებს.
7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
8. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტის არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, აგრეთვე რიგდება შეხვედრების დროს.
9. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე მოქალაქეთა მოსაზრებების დაფიქსირება ხდება ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმში და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.
მუხლი 88. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
1. უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრული კომიტეტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ 2 კვირის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს პლენარულ სხდომას წარუდგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი განხილული და მიღებული უნდა იქნეს უმაღლესი საბჭოს მიერ კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არის გათვალისწინებული.
4. დაუშვებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული კანონპროექტის ან ალტერნატიული წინადადების წარდგენა.
მუხლი 89. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 7000 მოქალაქის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.
2. საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
3. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა
4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.
5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხელმოწერების ფურცლების შევსებით.
6. ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისა. ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
7. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 7 000 მოქალაქის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს.
8. შევსებული ხელმოწერების ფურცლები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად.
9. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 7000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
10. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:
ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;
ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;
გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს;
დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს საარჩევნო უფლება.
11. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, ხოლო საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.
12. უმაღლესი საბჭო არანაკლებ 7 000 მოქალაქის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
მუხლი 90. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ან/და საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომ - კანონპროექტი).
2. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტი მზადდება და საქართველოს პარლამენტს წარედგინება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კანონპროექტის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
4. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისათვის დანიშნული მომხსენებლის ვინაობა.
5. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით წარსადგენი კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. უმაღლესი საბჭოს დადგენილება საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კანონპროექტის წარდგენის თაობაზე (კანონპროექტთან და სხვა მასალებთან ერთად), საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 91. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო
საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პაროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლობისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს.
თავი XI
მუხლი 92. უმაღლესი საბჭოს დადგენილების შინაარსი
1. უმაღლესი საბჭოს ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.
2. უმაღლესი საბჭოს დადგენილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის.
3. უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით ან სხვა ნორმატიული აქტით, უმაღლესი საბჭო წყვეტს დადგენილებით.
მუხლი 93. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
1. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენისა და კომიტეტის მიერ განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. უმაღლესი საბჭოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, თუ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების თარიღად ითვლება უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
მუხლი 94. უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
უმაღლესი საბჭოს დადგენილება, გარდა ნორმატიული ხასიათის დადგენილებისა, ძალაში შედის მიღებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. უმაღლესი საბჭოს ნორმატიული ხასიათის დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
თავი XII
მუხლი 95. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის (შემდგომში – რესპუბლიკური ბიუჯეტი) კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.
2. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღებისა და მასში ცვლილების შეტანის პროცესს ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.
3. უმაღლესი საბჭო ახორციელებს რესპუბლიკური ბიუჯეტის სისტემურ ანალიზს.
მუხლი 96. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა
1. უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.
3. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან, სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.
4. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, როგორც წესი, მათ გამგებლობას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არაუგვიანეს 25 ივნისისა წარედგინება უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის გადაგზავნის მიზნით გადასცემს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნულ მასალებს არაუგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
მუხლი 97. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტს (შემდგომში – პრიორიტეტების დოკუმენტი).
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით, მოხსენება მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის თანდართული მასალები (გარდა წლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა, ასევე რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისა) მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება უმაღლესი საბჭოს მიერ.
მუხლი 98. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ განრიგს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის შესახებ.
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენება და პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის განრიგი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებიდან მომდევნო დღეს უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის განრიგი.
3. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ასევე თავის მოხსენებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განხილვის განრიგის შესაბამისად რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებას და პრიორიტეტების დოკუმენტს განიხილავენ კომიტეტები და ფრაქციები. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტების მიერ, რეგლამენტის 29-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, შესაძლებელია ერთობლივი სხდომის ჩატარება.
5. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის დადგენილი წესით განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საჭიროებისამებრ წარუდგენს ინფორმაციას განხილვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
6. დარგობრივ კომიტეტებში განხილვების დროს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასა და პრიორიტეტების დოკუმენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე.
7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წარმოდგენილი დასკვნების შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასევე წარუდგენს კრებსითი სახით.
8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ შენიშვნებსა და წინადადებებს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის მიერ გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა უგზავნის მთავრობის თავმჯდომარეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის პრიორიტეტების დოკუმენტზე დასაგეგმის შემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
9. მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს არაუგვიანეს 5 დეკემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
10. მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
11. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არაუგვიანეს 10 დეკემბრისა განიხილავს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს და კომიტეტის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
მუხლი 99. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ თავით დადგენილი წესით.
2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე.
4. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენისას მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია მომხსენებლის მოთხოვნით.
5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვებით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.
6. მომხსენებელთან შეკითხვების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდიან თანამომხსენებლები:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი;
ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.
7. თითოეული თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულებისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.
8. მომხსენებელი და თანამომხსენებლი დასმულ შეკითხვებს პასუხობს ერთიანად შეკითხვების დასრულების შემდეგ.
9. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გამოდიან კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, თითოეული არაუმეტეს 10 წუთისა. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.
10. გამოსვლების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს აყენებს კენჭისყრაზე.
მუხლი 100. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
1. უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არაუგვიანეს დეკემბრის მესამე ხუთშაბათისა.
2. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მომხსენებელს და იგი დაეთანხმება ასეთი ცვლილების განხორციელებას.
3. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონს, ხარჯები დაიფარება წინა წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტის პროექტი, იგი უბრუნდება მთავრობის თავმჯდომარეს შენიშვნებით. მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს.
მუხლი 101. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა ხდება რეგლამენტის 98-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მიღებისთანავე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. ამ კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვის გრაფიკს.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის თაობაზე დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, კანონპროექტს განიხილავენ უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები და თავიანთ დასკვნებს უგზავნიან უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ წარმოდგენილ დასკვნებს თავის დასკვნასთან ერთად და შენიშვნების ფურცელს, კომიტეტის სხდომიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა უგზავნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. შენიშვნების ფურცელში ასახული უნდა იყოს, თუ რომელი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინება მომხსენებლის მიერ შესაძლებელია, რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
მუხლი 102. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს რეგლამენტის 99-ე მუხლით (გარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებული დებულებებისა) დადგენილი წესით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისათვის დასკვნების მიწოდებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
2. გამოსვლების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით არაუმეტეს 15 წუთისა, რომლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დააყენოს კენჭისყრაზე, თუ სხდომის მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
3. უმაღლესი საბჭო რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. თუ უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს, შესაძლებელია აღნიშნული კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.
მუხლი 103. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
1. უმაღლესი საბჭო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.
2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის მიღებიდან 2 დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.
2¹. რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, ყოველკვარტალურად განიხილავს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, დარგობრივი კომიტეტები – მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით, ხოლო სურვილის შემთხვევაში სხვა კომიტეტებიც. ისინი უფლებამოსილი არიან, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. განხილვის შედეგები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც ცნობად იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა შეიძლება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანიც გახდეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 29 ოქტომბრის რეგლამენტი №19 - ვებგვერდი, 30.10.2025 წ.
მუხლი 104. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
2. მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ანგარიში განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
4. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიღებიდან ორი დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.
5. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს ინფორმაციას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის უმაღლეს საბჭოში განხილვის მიმდინარეობის შესახებ.
6. კომიტეტები განიხილავენ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თავიანთ დასკვნებს უგზავნიან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს მათ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
8. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.
9. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება მიმდინარეობს ამ რეგლამენტით კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით.
10. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს, ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში.
11. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
მუხლი 105. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება
1. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და მთავრობისათვის წარდგენას უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი მტკიცდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოსათვის მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების შესაბამისად.
3. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და უმაღლესი საბჭოს აპარატის წინადადებების საფუძველზე.
4. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტს, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის სახით, თავის დასკვნასთან ერთად არაუგვიანეს 1 ივნისისა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განსახილველად გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც დადგენილების პროექტი განსახილველად შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.
5. რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.
6. უმაღლესი საბჭოსათვის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირების თაობაზე შესაბამის წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტის მომზადებისა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის წარდგენის მიზნით უგზავნის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც დადგენილების პროექტი შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.
7. უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს უმაღლესი საბჭოსათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი გადანაწილების პროცენტული ოდენობის მიხედვით – უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით.
8. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინების და უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 წ.
თავი XIII
მუხლი 106. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
1. უმაღლეს საბჭოს აქვს ოფიციალური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნების რეგიონების წარმომადგენელობით ორგანოებთან. აღნიშნულ ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2. საზღვარგარეთის ქვეყნებში უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით მისი მოადგილე ან უმაღლესი საბჭოს წევრი.
3. უმაღლესი საბჭოს წევრები საზღვარგარეთ სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ, ხოლო უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს დელეგაციის საზღვარგარეთ ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს, ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს სახელით საზღვარგარეთის ქვეყნების რეგიონების წარმომადგენლობით ორგანოებთან დადოს შეთანხმებები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის რეგლამენტი №13 - ვებგვერდი, 04.09.2026 წ.
თავი XIV
მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.
2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს.
3. კითხვა ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს. კითხვას უმაღლესი საბჭოს აპარატი ადრესატს გადასცემს ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 დღისა.
4. თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია უმაღლესი საბჭოს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გაუგრძელდეს 5 დღით. კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წევრი.
5. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა.
6. კითხვაზე პასუხი უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს.
მუხლი 108. ინტერპელაცია
1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს (შემდგომ – ადრესატი).
2. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი. შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს.
3. შეკითხვა ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს 1 დღისა.
4. ადრესატი ვალდებულია შეკითხვაზე წერილობითი პასუხი გადასცეს უმაღლესი საბჭოს აპარატს პლენარული სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 2 დღისა. შეკითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წევრი. უმაღლესი საბჭოს აპარატი წერილობით პასუხს დაუყოვნებლივ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს. ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.
5. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი უმაღლეს საბჭოში წარდგება, როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში პლენარული სხდომის დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.
6. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკითხვა. ამ შემთხვევაში ადრესატი უმაღლესი საბჭოს წინაშე აღარ წარდგება.
7. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.
8. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს ეძლევა არაუმეტეს 10 წუთისა.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას ეძლევა 15 წუთი, ხოლო უმაღლესი საბჭოს თითოეულ დამოუკიდებელ წევრს – 5 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, შემდეგ – ფრაქციების წარმომადგენლები ამ თანმიმდევრობით. ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.
10. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 18 დეკემბრის რეგლამენტი №21-ს - ვებგვერდი, 19.12.2025 წ.
მუხლი 109. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით უმაღლეს საბჭოს წარედგინება 31 მარტამდე.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენების დასრულების შემდეგ შეკითხვების დასმის უფლება აქვთ: კომიტეტის, ფრაქციის და უმაღლესი საბჭოს წევრებს.
4. კომიტეტის, ფრაქციის, უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვთ შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ.
5. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს.
6. განხილვის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 9 ივნისის რეგლამენტი №18-ს - ვებგვერდი, 10.06.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის რეგლამენტი №21 - ვებგვერდი, 14.11.2022 წ.
მუხლი 110. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში
1. უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ამ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით უმაღლეს საბჭოს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში და არაუგვიანეს 3 კვირისა უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგება შესაბამისი ანგარიშით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება კანონპროექტის განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.
მუხლი 111. თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
1. უმაღლესი საბჭო კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის პლენარული სხდომის დღეს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის თანამდებობის პირს ეძლევა 30 წუთი.
4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 1 წუთით, დაზუსტების უფლების გარეშე. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამის შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.
6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს დადგენილება.
მუხლი 112. (ამოღებულია)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 3 მაისის რეგლამენტი N12 - ვებგვერდი, 05.05.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 სექტემბრის რეგლამენტი N18-ს - ვებგვერდი, 18.09.2025 წ.
მუხლი 113. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე მოუსმენს უმაღლესი საბჭო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი ვალდებულია უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე არა უგვიანეს 3 დღისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრებისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.
4. თანამდებობის პირის მიმართვის დასრულების შემდეგ თანამდებობის პირის გამოსვლა განიხილება რეგლამენტით კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 114. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა და მთავრობის დამტკიცება
1. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
2. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იმავე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 6 ნოემბრის რეგლამენტი №15 - ვებგვერდი, 07.11.2024წ.
მუხლი 115. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლება
1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს მთავრობას მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მისაღებად.
2. საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ უმაღლესი საბჭო 1 კვირის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.
მუხლი 116. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
1. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილ ანგარიშს, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭო განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. ანგარიშს უმაღლესი საბჭოს აპარატი წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას.
3. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს და ფრაქციებს.
4. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.
5. წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
6. ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა.
7. თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული არ არის ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა, წარდგენილი ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან უმაღლესი საჭოს პრეზიდიუმის (პრეზიდიუმის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
8. ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის დასკვნაში.
9. ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით.
10. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად, როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული მომხსენებელი.
11. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.
12. კანონით და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება, მიმოხილვა ან ინფორმაცია განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
თავი XV
მუხლი 117. დაინტერესებული პირების წერილები და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ურთიერთობა
1. უმაღლესი საბჭოს წევრი იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს.
2. კომიტეტი მიღებულ ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აანალიზებს და რეაგირების შედეგებს აცნობებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.
3. უმაღლესი საბჭოს წევრები, კომიტეტები, უმაღლესი საბჭოს სხვა სუბიექტები ვალდებული არიან განიხილონ დაინტერესებული პირების წერილები და განცხადებები და პასუხი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აცნობონ ავტორს ერთი თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
თავი XVI
მუხლი 118. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევის წესი
1. უმაღლესი საბჭო, თავისი შემადგენლობიდან, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, ფარული კენჭისყრით ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 1 წევრს.
2. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს.
3. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.
4. კანდიდატის დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
5. თუ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
6. თუ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
7. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
8. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი შეიძლება გამოწვეულ იქნეს საჯარო სამსახურის საბჭოდან, თუ ამას სათანადო წერილობითი დადასტურებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციანი ჯგუფი.
9. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი, საჯარო სამსახურის საბჭოდან გამოწვეულად ჩაითვლება, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით.
10. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს მისთვის საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც მას გააცნობს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განცხადების პრეზიდიუმისთვის წარდგენის დღიდან. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.
11. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭო ირჩევს ამ მუხლით დადგენილი წესით უახლოეს სხდომაზე.
თავი XVII
მუხლი 119. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება
1. უმაღლესი საბჭოს აპარატი ახორციელებს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, დოკუმენტურ, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მართვა და ეკონომიკურ, შრომით, სამართლებრივ და სხვა ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა, მისი უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.
3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტითა და უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.
4. უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 120. უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. უმაღლესი საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი.
4. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი არის უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირი. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი თავისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.
4¹. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მივლინებაში წარგზავნის საკითხებს და ახორციელებს კანონმდებლობით მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს.
5. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე.
6. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
მუხლი 121. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა
1. უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, სამსახურები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატები, უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისიების აპარატები, უმაღლესი საბჭოს ფრაქციების აპარატები.
2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული უმაღლესი საბჭოს აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 122. დებულებები და წესები
1. უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
4. უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების უფროსებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
5. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულ სხვა პირებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
6. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულ პირთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება კანონმდებლობით და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.
7. უმაღლესი საბჭოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით, უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაო აღწერილობით.
8. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებებით.
9. სამუშაოთა აღწერილობებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით, ხოლო კომიტეტების აპარატებში – შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
10. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. უმაღლესი საბჭოს აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
თავი XVIII
მუხლი 123. სანქციები რეგლამენტის დარღვევისათვის
რეგლამენტის დარღვევისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ დაწესებულია ზემოქმედების შემდეგი ფორმები:
ა) სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;
ბ) გაფრთხილება;
გ) კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინება;
დ) ხელფასის დაკავება.
მუხლი 124. უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება
1. კომიტეტის ან პლენარულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე სიტყვას ჩამოართმევს უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც:
ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის;
ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;
გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო;
დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს.
2. გაფრთხილება გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;
ბ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.
3. კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგაც აგრძელებს იმავე მოქმედებას;
ბ) დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;
გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს.
4. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას.
5. უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ, განხილვის საგნად აქციონ წესრიგის დაცვისაკენ მოწოდების საკითხი.
6. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
7. (ამოღებულია - 11.03.2022, №07).
8. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელი ან თანამომხსენებელია), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტი სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
9. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი (გარდა რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა) არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.
10. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას, შესაბამისად, ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 5%.
11. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის მიმდინარეობისას კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს პლენარულ სხდომას, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის დაუკავდება ხელფასის 5%. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი რიგგარეშე სესიის მიმდინარეობისას არასაპატიო მიზეზით გააცდენს პლენარულ სხდომას, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის დაუკავდება ხელფასის 5%.
12. (ამოღებულია - 11.03.2022, №07).
13. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მოიწვევს კომიტეტის ერთ სხდომას მაინც, მას დაუკავდება ხელფასის 5%. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს კომიტეტის სხდომის მოუწვევლობის მიზეზს და იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი.
14. ამ მუხლის მე-6, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს წევრის ხელფასის 20%-ს.
15. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენს უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
16. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტების სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს.
17. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 მარტის რეგლამენტი N07-ს - ვებგვერდი, 11.03.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 9 ივნისის რეგლამენტი №17-ს - ვებგვერდი, 10.06.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის რეგლამენტი №21 - ვებგვერდი, 14.11.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის რეგლამენტი №06-ს - ვებგვერდი, 19.04.2024 წ.
მუხლი 125. პროტესტი პასუხისმგებლობის ზომაზე
უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-6–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული ზემოქმედების ფორმა, უფლება აქვს, წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი. პროტესტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 126. სხვა თანამდებობის პირის მიერ რეგლამენტის დარღვევა და სანქციები
1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა.
2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:
ა) მოწვეულია უმაღლეს საბჭოში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;
ბ) არღვევს უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;
გ) უმაღლეს საბჭოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;
დ) არ ასრულებს უმაღლესი საბჭოს დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;
ე) დაბრკოლებებს უქმნის უმაღლესი საბჭოს წევრს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
3. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის ან/და პლენარულ სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის მიმდინარეობის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება ისეთი მოქმედება, რომელიც უმაღლესი საბჭოს ან უმაღლესი საბჭოს წევრს ხელს უშლის ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმარს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს კომიტეტის სხდომის დარბაზი ან სხდომათა დარბაზი.
4. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო თანამდებობის პირის (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა) მიმართ იყენებს რეაგირების შემდეგ ფორმებს:
ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად;
ბ) შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
მუხლი 127. ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები
1. უმაღლესი საბჭოს წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმებით, რომლებსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დადგენილებით.
2. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დაცვას.
3. უმაღლესი საბჭო დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.
4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. ფრაქციის მიერ ეთიკის საბჭოს წევრად წარდგენილი პირი წელიწადში ერთხელ ექვემდებარება როტაციას. ამ ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.
5. შესაბამისი ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამ კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
6. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
7. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები წესრიგდება უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითა და ეთიკის საბჭოს დებულებით.
8. ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
თავი XIX
მუხლი 128. აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა
აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662 და 1995 წლის 14 ივნისის №759 დადგენილებების შესაბამისად, 1991 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და 1992 წელს აფხაზეთიდან საქართველოს პარლამენტში არჩეული შესაბამისი წევრებით.
მუხლი 129. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 21 ნოემბრის კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე არჩეული უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 21 ნოემბრის კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე არჩეული უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 10 აპრილამდე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
ქ. თბილისი,
2012 წლის 15 ივნისი.
№156- 2 ს
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.