პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

მუხლი 1

1. ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 96¹მუხლით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩაიდინეს 2012 წლის 1 იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 70 000 ქულაზე;

ბ) სახდელდადებული ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან) ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი) ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის მშობელი;

გ) აბონენტი, რომლის მისამართზე 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულია ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან) ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი).

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 2

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის განთავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის, აგრეთვე საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსათვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ივნისი.

№6394-Iს

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.