პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 12 თავი
  1. თავი I ზოგადი დებულებანი
  2. თავი II საავტორო უფლებები
  3. თავი III ქონებრივი უფლებების შეზღუდვა
  4. თავი IV საავტორო უფლების მოქმედების ვადა
  5. თავი V საავტორო უფლების გადაცემა
  6. თავი VI მომიჯნავე უფლებები
  7. თავი VII მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები
  8. თავი VIII მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების მოქმედების ვადა
  9. თავი IX საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვა
  10. თავი X ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე
  11. თავი XI გარდამავალი დებულებანი
  12. თავი XII დასკვნითი დებულებანი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

თავი X ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე

მუხლი 66¹². ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია წევრად მიიღოს უფლების მფლობელი (მათ შორის, იურიდიული პირი), თუ იგი აკმაყოფილებს ამ ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ წევრობის მოთხოვნებს. უფლების მფლობელის აღნიშნული ორგანიზაციის წევრად მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს უარის თქმის მიზეზი.

2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელის განაცხადი ამ ორგანიზაციის წევრად მიღების შესახებ განიხილოს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.

3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ამ ორგანიზაციის წევრობის კრიტერიუმები შეიძლება დარეგულირდეს ამავე ორგანიზაციის წესდებით, აგრეთვე შესაძლებელია დადგინდეს ორგანიზაციის წევრად მიღების სპეციალური წესები, რომლებიც, თავის მხრივ, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა ითვალისწინებდეს ეფექტიან და ქმედით მექანიზმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ ორგანიზაციის წევრების თანაბარი მონაწილეობა. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის წევრების წარმომადგენლების ჩართულობა უნდა იყოს სამართლიანი და დაბალანსებული.

5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ორგანიზაციის წევრებს მისცეს უფლება და შესაძლებლობა, მასთან კომუნიკაცია განახორციელონ ელექტრონულად, მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაწევრების შესახებ განაცხადის წარდგენა როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, აგრეთვე წევრის სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს და რეგულარულად განაახლოს თავისი წევრების რეესტრი.

7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციიდან წევრის გასვლის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ორგანიზაციიდან გასულ წევრთან საბოლოო ანგარიშსწორება მოახდინოს ორგანიზაციიდან მისი გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია დაადგინოს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ძალაში შევიდეს ფინანსური წლის დასრულების შემდეგ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

მუხლი 66¹³. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომ − საერთო კრება) მოიწვევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

2. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების (მათ შორის, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰონორარის განაწილების ძირითად პრინციპებსა და წესებს შეეხება) შეტანის შესახებ, აგრეთვე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული წესების თაობაზე.

3. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე, იხილავს მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ამტკიცებს მათ ანაზღაურებასა და წახალისებასთან, როგორიცაა ფულადი და არაფულადი სარგებლისა და საპენსიო დანამატების გაცემა, დაკავშირებულ წესს, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.

4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე:

ა) შეგროვებული ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები და პოლიტიკა;

ბ) გაუნაწილებელი ჰონორარების განკარგვის ზოგადი წესები და პოლიტიკა;

გ) გაუნაწილებელი ჰონორარების გამოყენება;

დ) შეგროვებული ჰონორარებიდან მიზნობრივი დაქვითვების განხორციელება;

ე) რისკების მართვის პოლიტიკა;

ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა;

ზ) რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, იურიდიული პირის დაფუძნება და სხვა იურიდიული პირის აქციების ან/და წილების შეძენა;

თ) სესხის აღება, სესხის გაცემა, თავდებობა ან სესხის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.

5. საერთო კრება აკონტროლებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობას სულ მცირე აუდიტორის დანიშვნითა და გათავისუფლებით, აგრეთვე ამტკიცებს ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშს.

6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10 პროცენტს ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ კვალიფიციური დასკვნის მოსამზადებლად შეუძლია მოიწვიოს დარგის სპეციალისტი.

7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ყველა წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში და ისარგებლოს ხმის უფლებით. აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ორგანიზაციის წევრის მიერ საერთო კრებაში მონაწილეობის მიღება დისტანციურად, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ამ ორგანიზაციის წესდებით.

8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. ეს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი იმ პირობით, რომ ასეთი წარმომადგენლობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ინტერესთა კონფლიქტი აგრეთვე არსებობს, თუ აღნიშნულ ორგანიზაციაში უფლების მფლობელსა და წარმომადგენელს აქვთ უფლებების სხვადასხვა კატეგორიის უფლების მფლობელის სტატუსი.

9. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გაიცემა მხოლოდ კონკრეტულ საერთო კრებაში მონაწილეობის მიზნით. საერთო კრებაში მონაწილე წარმომადგენელი სარგებლობს უფლების მფლობელის ანალოგიური უფლებებითა და ვალდებულებებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

მუხლი 66¹⁴. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ კანონითა და ამ ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელების კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო.

2. უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის მფლობელი ორგანიზაციის წევრები სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ სამართლიანად.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება 5 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება არჩეულ იქნენ პირები, რომელთა პროფესიული გამოცდილება მათ მიერ ეფექტიანი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრები.

4. სამეთვალყურეო საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე წელიწადში ერთხელ საერთო კრებას წარუდგენს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებული არიან საერთო კრებას წარუდგინონ ინფორმაცია არსებული ან სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება შეაფერხოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება.

5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებს, ისევე, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომლის უფლებებსაც ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს აღნიშნული ორგანიზაცია, უფლება აქვთ, სამეთვალყურეო საბჭოს ჩართულობის, დახმარების ან/და დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართონ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციას, ხელშეკრულების შეწყვეტას ან უფლებების გამოთხოვას, წევრობის პირობებს, აგრეთვე ჰონორარების შეგროვებას, განაწილებას ან/და მიზნობრივ დაქვითვას.

6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრ პირებს, რომელთა უფლებების ან უფლებათა კატეგორიების მართვასაც ახორციელებს აღნიშნული ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ, როდესაც განსახილველი საკითხი შეეხება ჰონორარების შეგროვებას, განაწილებას ან/და მიზნობრივ დაქვითვას.

7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე წარდგენილ ყველა საჩივარს ან მოთხოვნას უპასუხოს წერილობით. ამ ორგანიზაციის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს დასაბუთებული.

8. სამეთვალყურეო საბჭო ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ მიმართვას განიხილავს დაუყოვნებლივ.

9. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავა გადაწყვიტოს მხარეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმოქმედოს სამართლიანად და მიუკერძოებლად. დავის გადაწყვეტის პროცესის მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად.

10. დავის გადაწყვეტის პროცესში სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, გამგეობის წევრებს და ნებისმიერ თანამშრომელს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებამდე შეისწავლოს წლიური ანგარიში და საბუღალტრო დოკუმენტები.

11. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოშობილი დავა შეწყდება, თუ:

ა) მხარეებმა ხელი მოაწერეს მორიგების შეთანხმებას;

ბ) ნებისმიერი მხარე სამეთვალყურეო საბჭოს გაუგზავნის შეტყობინებას ნებისმიერ დროს, მას შემდეგ, რაც იგი ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს შეტყობინებას, რომ მხარეს აღარ სურს დავის გაგრძელება;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეფასებით, საკითხი ვერ გადაწყდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი დავის ფარგლებში, რის თაობაზედაც მხარეებს ეგზავნებათ დასაბუთებული წერილობითი შეტყობინება;

დ) ამოიწურა საქმისწარმოებისთვის დაწესებული თავდაპირველი და დამატებითი ვადები, რის თაობაზედაც მხარეებს ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება.

12. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დავის განხილვა არ ართმევს მხარეს უფლებას, მიმართოს სასამართლოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

მუხლი 66¹⁵. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან ორგანიზაციას უხელმძღვანელონ მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, სათანადო წესით, იმოქმედონ ორგანიზაციის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე ადმინისტრაციული, ფინანსური პროცედურებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გამოყენებით.

2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები, რათა გამორიცხოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების არსებული ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მისი იდენტიფიცირება, მართვა, კონტროლი და აღმოფხვრა ისეთი საშუალებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უარყოფითი ზეგავლენა ამ ორგანიზაციის წევრების ინტერესებზე.

3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან სულ მცირე წელიწადში ერთხელ საერთო კრებას წარუდგინონ ინდივიდუალური ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიმართ არსებული ნებისმიერი ინტერესის შესახებ;

ბ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან მიღებული ნებისმიერი ანაზღაურების თაობაზე, მათ შორის, საპენსიო დანამატის, აგრეთვე ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით მიღებული სარგებლის შესახებ;

გ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან მიღებული იმ ჰონორარის შესახებ, რომელიც მათ მიიღეს, როგორც უფლების მფლობელებმა;

დ) ნებისმიერი არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ინტერესებსა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ინტერესებს შორის, ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის.

4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. ერთი და იგივე პირი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლება-მოვალეობების სხვაგვარად შეუსრულებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პირის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

მუხლი 66¹⁶. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების და „საქპატენტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს „საქპატენტი“.

2. „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით აღნიშნული ორგანიზაციისგან ნებისმიერ დროს გამოითხოვოს მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ინფორმაციას ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ ორგანიზაციის მიერ განაწილებული ჰონორარის რაოდენობისა და განაწილების პრინციპის, უფლებების სამართავად დაკავებული თანხის ოდენობისა და ორგანიზაციის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.

3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით „საქპატენტი“ უფლებამოსილია ჩაატაროს მოკვლევა როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის შედეგად დგება ანგარიში. „საქპატენტის“ მიერ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, „საქპატენტი“ უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განსაზღვროს გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში ეგზავნება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და ქვეყნდება ამ ორგანიზაციის ვებგვერდსა და „საქპატენტის“ ვებგვერდზე.

5. „საქპატენტის“ მიერ მოკვლევის ჩატარებისას დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს.

6. „საქპატენტი“ უფლებამოსილია მოკვლევის შედეგების საფუძველზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მიიწვიოს ზეპირ განხილვაზე.

7. თუ „საქპატენტის“ მიერ მოკვლევის ჩატარებისას გამოვლინდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 66¹⁵ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოსთხოვოს, 1 თვის ვადაში მოიწვიოს საერთო კრება, რომელზედაც განხილული იქნება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

8. „საქპატენტი“ უფლებამოსილია მიიღოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისთვის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ამ ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 66¹⁵ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

მუხლი 66¹⁷. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მოკვლევის ჩატარება, მოკვლევის დასკვნის განხილვის შედეგები

1. „საქპატენტი“ უფლებამოსილია ამ კანონის 66¹⁶ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის ჩატარება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაავალოს იმ აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთ აუდიტორულ ფირმას, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება. დარღვევის დადგენის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ეკისრება აუდიტის მთლიანი ღირებულება, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მისი სამართავად გაწეული ხარჯებიდან.

2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოკვლევის ჩატარებისას ითანამშრომლოს აუდიტორთან, შეფერხების გარეშე, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც აუდიტორი საჭიროდ მიიჩნევს. ამ ორგანიზაციის მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმის ან დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში აუდიტორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „საქპატენტს“, რაც შეიძლება გახდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის საფუძველი, ამ კანონით დადგენილი წესით.

3. აუდიტორის მიერ ჩატარებული მოკვლევის დასკვნა ეგზავნება „საქპატენტს“.

4. აუდიტორის მოკვლევის დასკვნის საფუძველზე „საქპატენტი“ მიმართავს ამ კანონის 66¹⁶მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

მუხლი 66¹⁸. აკრედიტაციის შეწყვეტა

1. მიუხედავად ამ კანონის 66¹⁷მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებისა, თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი არ იქნება დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ.

2. „საქპატენტი“ ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

3. აკრედიტაციის შეწყვეტა ნიშნავს აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში „საქპატენტი“ მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეწყვეტას უფლების მფლობელებისთვის უფრო მეტი ზიანის გამოწვევა შეუძლია, ვიდრე აკრედიტაციის გაგრძელებას, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია გააგრძელოს ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება „საქპატენტის“ მიერ ახალი აკრედიტაციის მინიჭებამდე.

5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას აკრედიტაცია ვადაზე ადრე შეუწყდება აგრეთვე ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების წარუდგენლობის ან ამ ხელშეკრულებების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში.

6. ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შეუწყვიტოს აკრედიტაცია კონკრეტული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ.

7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში.

8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.

9. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად შეუწყდა უფლებამოსილება, უფლებათა იმავე კატეგორიაში ახალი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

10. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შემდეგ დაუშვებელია ამ კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ქმედების განხორციელება აღნიშნული ორგანიზაციის სახელით.

11. ორგანიზაცია, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით შეუწყდა აკრედიტაცია, ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უზრუნველყოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების შესაბამისობა ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან.

12. ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

თავი XI გარდამავალი დებულებანი

მუხლი 67. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე

1. ეს კანონი ვრცელდება იმ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

2. იმ ნაწარმოებზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული საავტორო უფლების დაცვის 70-წლიანი ვადა, ვრცელდება ამ კანონის 31-32-ე მუხლებით გათვალისწინებული საავტორო უფლების მოქმედების ვადები.

3. იმ შესრულებაზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მისი პირველი შესრულებიდან, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა.

4. იმ ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომელთა შექმნიდან, გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.

5. მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებზე, რომელთა შექმნიდან, პირველი გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

მუხლი 67¹. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5423 - სსმ I, №38, 14.11.2007 წ., მუხ.365

თავი XII დასკვნითი დებულებანი

მუხლი 68. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 69. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2112-IIს

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.