სამოქალაქო აქტების შესახებ
თავი IX. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
მუხლი 78. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები;
ბ) მამობის დადგენის რეგისტრაცია;
გ) მშობლის ქორწინების რეგისტრაცია − ქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში;
დ) მშობლის განქორწინების რეგისტრაცია − განქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში;
ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია;
ვ) გვარის დადგენა;
ვ¹) გვარის კანონიერად აღიარება;
ზ) (ამოღებულია - 17.09.2024, №4442);
თ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ;
ი) გარდაცვლილის პიროვნების დადგენა – თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ მისი გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელა, როგორც უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია;
კ) პირის მოქალაქეობრივი სტატუსის შეცვლა – თუ პირს მიენიჭა ან შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ლ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების შესახებ − თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2636 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
მუხლი 79. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ;
გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
მუხლი 80. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დამატების შეტანა
სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას მონაცემების გამორჩენის ან არასრულად მითითების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია შეიტანოს დამატება ამ აქტის ჩანაწერში.
მუხლი 81. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის თაობაზე განცხადების განხილვა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის თაობაზე განცხადების განხილვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ უნდა დაასრულოს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო ცვლილების, შესწორების ან/და დამატების საკუთარი ინიციატივით შეტანის შემთხვევაში – ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 82. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ ახორციელებს ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანას სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
თავი X. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია
მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ:
ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ განხორციელებულა.
2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული დაბადების და მამობის დადგენის სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის მიმართ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 84. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამისი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. დაბადების ან გარდაცვალების ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელ მონაცემებს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია, თუ:
ა) მამობის დადგენის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი:
ა.ა) ბავშვისა და მამის პირადი ნომრები (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
ა.ბ) მამის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი;
ა.გ) ბავშვის სახელი, გვარი (მამობის დადგენის რეგისტრაციამდე და მამობის დადგენის რეგისტრაციის შემდეგ) და დაბადების თარიღი;
ა.დ) მამობის დადგენის რეგისტრაციის თარიღი;
ბ) შვილად აყვანის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი:
ბ.ა) მშვილებლისა და ნაშვილების პირადი ნომრები (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
ბ.ბ) მშვილებლის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი;
ბ.გ) ნაშვილების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი (შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ);
ბ.დ) ნაშვილების მშობლები (შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ);
ბ.ე) შვილად აყვანის რეგისტრაციის თარიღი;
გ) ქორწინების ან განქორწინების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი მეუღლის (მეუღლეთა):
გ.ა) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ.ბ) სახელი ან/და გვარი (ქორწინებამდე (განქორწინებამდე) და ქორწინების (განქორწინების) შემდეგ);
გ.გ) დაბადების თარიღი;
გ.დ) ქორწინების (განქორწინების) რეგისტრაციის თარიღი;
დ) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი პირის:
დ.ა) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ.ბ) სახელი ან/და გვარი – სახელის ან/და გვარის შეცვლამდე და შეცვლის შემდეგ;
დ.გ) დაბადების თარიღი;
დ.დ) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის თარიღი;
დ.ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ორგანოს დასახელება.
მუხლი 85. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია
1. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, ხოლო თუ აღნიშნული პირი გარდაცვლილია – ნებისმიერი პირის მოთხოვნით.
2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლის, ამ ჩანაწერიდან ამონაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის დამატებითი საფუძვლები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
თავი XI. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა
მუხლი 86. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის უფლებამოსილების მქონე ორგანო
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო.
2. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 87. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა
1. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ბათილად ცნობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.
3. თუ აღარ არსებობს ორგანო, რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.
4. თუ აღარ არსებობს ორგანო, რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და ამ ორგანოს სამოქმედო ტერიტორია არ შედის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არც ერთი სხვა ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ნებისმიერი ორგანო.
მუხლი 88. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებული პირობები
1. ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ საფუძვლით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით.
3. დაინტერესებული პირის თანხმობის არარსებობისას სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით სააგენტო მიმართავს სასამართლოს.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში დაუშვებელია სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 89. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადებას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
2. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელია მხარეთა ახსნა-განმარტების მიღება, მოწმის ან ექსპერტის დაკითხვა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამართოს ზეპირი მოსმენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე–112-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შედგება მხოლოდ ერთი თანამშრომლისაგან, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ.
4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მტკიცებულებების მოპოვებისას და მათი გამოკვლევისას გამოიყენება ამ კანონის 92-ე მუხლით დადგენილი წესები.
თავი XII. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფაქტის დადგენა
მუხლი 90. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ამ თავით განსაზღვრული წესით ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს:
ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტს;
ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს;
გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტს;
დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტს.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი.
3. საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები საქართველოში მცხოვრები იმ პირის მიმართ, რომლის მოქალაქეობრივი სტატუსი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის მომენტისთვის გაურკვეველია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა.
5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №50 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
მუხლი 91. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირები
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მუხლი 92. მტკიცებულებები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ წარმოებაში
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, გარდა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისა, ასევე გამოიყენოს და დაეყრდნოს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებს და სხვა მტკიცებულებებს.
2. თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას მტკიცებულებების მოპოვების, გამოკვლევისა და შეფასების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე კარის დებულებები, გარდა იმავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, 103-ე მუხლისა, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 106-ე მუხლისა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 110-ე მუხლისა, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 118-ე, 119-ე, 126-ე და 131-ე–133-ე მუხლებისა, 134-ე მუხლის მე-2 და 2¹ ნაწილებისა, 136-ე მუხლისა, 145-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 146-ე და 155-ე–157-ე მუხლებისა და 169-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებს იყენებს ამ კანონითა და სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
მუხლი 93. პასუხისმგებლობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეცდომაში შეყვანისთვის
1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის ცრუ ახსნა-განმარტების ან ცრუ ჩვენების მიცემისთვის ან მისი შეცდომაში შეყვანისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება, შესაბამისად, ახსნა-განმარტების ან ჩვენების მიმცემ დაინტერესებულ მხარეს, ექსპერტს ან/და მოწმეს.
2. მოწმედ მოწვეული პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 94. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის წესი
1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია გამართოს ზეპირი მოსმენა, რომელზედაც მოწვეული უნდა იქნენ განმცხადებელი, სხვა დაინტერესებული პირები და მოწმეები. განმცხადებელს, დაინტერესებულ პირებსა და მოწმეებს ზეპირი მოსმენის შესახებ უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც და მოწვეული უნდა იქნენ მასში მონაწილეობის მისაღებად.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VIII თავებით დადგენილი წესები, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.
3. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შედგება მხოლოდ ერთი თანამშრომლისაგან, ამ თავით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ.
4. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების შესახებ.
5. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
მუხლი 95. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
1. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესადგენად აუცილებელ ინფორმაციას.
2. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, ასევე დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს მშობლების მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს შორის არის დავა მშობლების ვინაობასთან დაკავშირებით.
3. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემის დადგენის შეუძლებლობა არ შეიძლება გახდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის საჭირო ცალკეული მონაცემის გარეშე, თუ მისი დადგენა შეუძლებელია საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ან სხვა მიზეზით.
4. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო დაბადების თვისა და რიცხვის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული მონაცემები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
5. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა დაუშვებელია, თუ:
ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის სახელი, გვარი ან დაბადების თარიღი (წელი);
ბ) პირის დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის დაბადების რეგისტრაციის სავარაუდო თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანო ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მონაცემი;
გ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის სახელი, გვარი, დაბადების ან გარდაცვალების თარიღი;
დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის სავარაუდო თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანო ან ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მონაცემი.
6. თუ გარდაცვლილი პირის მიმართ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას მისი გვარის განსაზღვრა შეუძლებელია იმ მიზეზით, რომ ვერ ხერხდება ამ პირის მშობლების გვარების დადგენა, ამასთანავე, მასზე არ გაცემულა არანაირი ოფიციალური დოკუმენტები გვარის მითითებით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის ამ პირის გვარის მითითების გარეშე დადგენის შესახებ.
7. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არასაკმარისად ან არასარწმუნოდ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს და სხვა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იგი უფლებამოსილია უარი თქვას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე.
მუხლი 96. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა
1. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით და შემდგომ გამოვლინდა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შესაძლებელია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას წყვეტს ნებისმიერ სტადიაზე, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
2. თუ განმცხადებელს აღარ აქვს ინტერესი დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის მიმართ, ის უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, თუ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა არის საჯარო ინტერესი ან/და მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის.
მუხლი 97. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე
ამ თავით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
თავი XIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 98. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორ ეგზემპლარს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში ერთ-ერთი ეგზემპლარის მონაცემებისთვის უპირატესი ძალის მინიჭების საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ნამდვილად მიჩნევის შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით ადგენს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.
3. სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ, ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც აღნიშნული ჩანაწერის დედანს.
3¹. 2021 წლის 1 ივნისამდე სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემებს აქვს აღნიშნული ჩანაწერის დედნის თანაბარი იურიდიული ძალა.
4. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ დაქორწინდა, მაშინ წინა ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა ერთობლივი მოთხოვნით მათი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება მომდევნო ქორწინების რეგისტრაციის დღიდან.
5. 2006 წლის 30 იანვრამდე რეგისტრირებული ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს მოწმეთა ხელმოწერას, ჩაითვლება ნამდვილად, თუ მასში შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები ან/და დარღვეული არ არის ქორწინების რეგისტრაციის სხვა წესი.
6. 2009 წლის 1 სექტემბრამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც არ არის დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით, ჩაითვლება ნამდვილად, თუ მასში შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები ან/და დარღვეული არ არის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის სხვა წესები. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სამოქალაქო აქტის იმ ჩანაწერზე, რომლის მონაცემებით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საფუძველზე რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი.
6¹. 2014 წლის 1 ივნისამდე განხორციელებული სახელის შეცვლა არ ზღუდავს ამ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის სახელის შეცვლის უფლებას.
6². დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის შეცვლას ან შესწორებას, რომელიც დადასტურებული არ არის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო კანონიერად აღიარებს, თუ დაბადების სამოქალაქო აქტი 2008 წლამდეა რეგისტრირებული და პირი ფლობს დაბადების მოწმობას ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტს, შეცვლილი ან შესწორებული მონაცემით (სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება).
6³. ამ კანონის 67¹ მუხლითა და 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა მოთხოვნა განპირობებულია სამოქალაქო აქტების ჩანაწერებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის საჭიროებით და პირს სურს იმ მონაცემების მიღება, რომლებიც მის სახელზე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშია მითითებული.
7. თუ დაბადების ან გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული არ არის რეგისტრაციის თარიღი და სხვა გზით მისი დადგენა შეუძლებელია, რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა, შესაბამისად, ბავშვის დაბადების ან პირის გარდაცვალების თარიღი. ეს წესი ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებზე.
8. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ სააგენტოს მიერ საკონსულო თანამდებობის პირისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები.
9. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტები, მათი შედგენისა და გაგზავნის წესები.
10. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 15 აპრილის კანონი №4966 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
მუხლი 98¹. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. ქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
2. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე.
3. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება, ამ კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების გარდა, აქვს ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.
4. თუ სრულწლოვანი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, მის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. თუ ბავშვის მამა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, მამობის დადგენის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება, თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა მათი საერთო თანასაკუთრების გაყოფასთან, შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებასთან ან საერთო ბავშვებთან დაკავშირებით.
7. იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არარსებობის შესამოწმებლად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს ატყობინებს განქორწინების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას წერილობითი პასუხის წარსადგენად.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 1 თვეს, თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვე საქართველოში იმყოფება. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვის სხვა სახელმწიფოში ყოფნის შემთხვევაში აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6 თვეს.
9. თუ იმ მეუღლის, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, მეურვე მეუღლეებს შორის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დავის არარსებობის შესახებ განაცხადებს ან განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს წერილობით პასუხს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.
10. იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო პასუხის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში − ამ ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
11. იმ სრულწლოვნის მიმართ, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მეურვის განცხადების საფუძველზე.
12. იმ სრულწლოვნის, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია მისი მეურვის მოთხოვნით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 98². (ძალადაკარგულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4650 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.
მუხლი 99. დასკვნითი დებულებანი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30).
2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი − 97-ე მუხლებისა, 98-ე მუხლის პირველი − მე-7 პუნქტებისა და 99-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ კანონის პირველი − 97-ე მუხლები, 98-ე მუხლის პირველი − მე-7 პუნქტები და 99-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5562-რს
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.