პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 15 თავი
  1. თავი I. ზოგადი დებულებანი
  2. თავი II. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება
  3. თავი III. სახელმწიფო სერტიფიკატი
  4. თავი IV. უწყვეტი პროფესიული განვითარება
  5. თავი IV¹. საექიმო სუბსპეციალობა
  6. თავი V. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პაციენტის მიმართ
  7. თავი VI. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას
  8. თავი VII. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოების მოვალეობა
  9. თავი VIII. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა კოლეგის მიმართ
  10. თავი IX. სახელმწიფო ზედამხედველობა საექიმო საქმიანობაზე
  11. თავი X. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა
  12. თავი XI. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა
  13. თავი XII. ტელემედიცინა
  14. თავი XIII. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სოციალური და სამართლებრივი უფლებები
  15. თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საექიმო საქმიანობის შესახებ

თავი X. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა

მუხლი 75. წერილობითი გაფრთხილება

1. წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს.

2. წერილობითი გაფრთხილების საფუძველია:

ა) პაციენტის განცხადება ან საჩივარი;

ბ) პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი;

გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;

დ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგა;

ე) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი;

ვ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მუშაობს.

3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი ქმედებისათვის, იმავე ქმედებისათვის შემოსული განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

4. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში წერილობითი გაფრთხილება მიეცა სულ ცოტა 3-ჯერ, საბჭო უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განიხილოს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საკითხი.

5. საბჭო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მოთხოვნისთანავე გააცნოს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს 2 თვისა;

დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს.

6. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს არ მიეცემა ამ კანონით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება დარღვევიდან 5 წლის შემდეგ ანდა გაფიცვაში ან სხვა მსგავს ქმედებაში მონაწილეობისათვის.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

მუხლი 76. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებითი აკრძალვა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

მუხლი 77. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველი

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია:

ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 6 თვისა.

3. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით ეცნობება მის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის მითითებით; ამასთან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.

4. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 78. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლება მოქმედების შეჩერების შემდეგ

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

2. საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადება სახელმწიფო სერტფიკატის მოქმედების განახლების შესახებ განიხილოს პირველსავე სხდომაზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

მუხლი 79. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება

1. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან;

ბ) (ამოღებულია);

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს;

დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;

ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება;

ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ იღებს საბჭო.

3. (ამოღებულია);

4. საბჭო ვალდებულია:

ა) 7 დღის ვადაში წერილობით აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, შესაბამისი საფუძვლების მითითებით;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიტანოს შესაბამისი მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.

5. (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

მუხლი 80. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე

თავი XI. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა

მუხლი 81. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განმხილველი ორგანო

ამ კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 82. განცხადების ან საჩივრის წარდგენა საბჭოში

1. განცხადება ან საჩივარი საბჭოს უნდა წარედგინოს წერილობით.

2. საბჭოში წარდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ან მომჩივნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

ბ) იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;

გ) განცხადების ან საჩივრის არსსა და მოთხოვნას;

დ) სხვა გარემოებებს.

3. განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ.

4. თუ განცხადებას ან საჩივარს წარადგენს განმცხადებლის ან მომჩივნის ნათესავი ან საქართველოს კანონიერი წარმომადგენელი, მისი უფლებამოსილება უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 83. განცხადების ან საჩივრის არასრულყოფილება

თუ განცხადება ან საჩივარი არასრულყოფილია და იგი ვერ გახდება განხილვის საფუძველი, საბჭო მოითხოვს დამატებითი მასალების წარდგენას უახლოესი 2 კვირის ვადაში. დამატებითი მასალების წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 84. შეტყობინების აუცილებლობა

1. განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი.

2. შეტყობინების გაგზავნა არ არის სავალდებულო, თუ ცნობილია, რომ ამ კანონის 83‑ ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

მუხლი 85. პასუხი განცხადებაზე ან საჩივარზე

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებზე წერილობით უნდა გასცეს პასუხი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბჭო გადაწყვეტს, რომ საკმარისია ზეპირი პასუხი.

2. პასუხში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა გარკვევით უნდა აღნიშნოს, ეთანხმება თუ უარყოფს განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებს, აგრეთვე დაასაბუთოს თავისი შეხედულება და წარადგინოს გამამართლებელი გარემოებები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 86. განცხადებაში ან საჩივარში მოყვანილი გარემოებების ექსპერტიზა

1. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს მიიღოს განმარტებები შესაბამისი პირებისაგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ექსპერტიზის ჩამტარებელი პირისათვის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება საბჭოსა და ექსპერტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. შესაბამის საექიმო სპეციალობის ექიმთა პროფესიულ ასოციაციას, მოპასუხის თანხმობის შემთხვევაში ან მისი მოთხოვნით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განცხადების ან საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანაში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 87. გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრების უფლება

საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრების უფლება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

მუხლი 88. განცხადების ან საჩივრის დელეგირება

თუ საბჭო მიიჩნევს, რომ პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადებაში ან საჩივარში აღძრული საკითხის განხილვა არ შედის საბჭოს კომპეტენციაში და უარი განცხადების ან საჩივრის განხილვაზე არ ხელყოფს პაციენტის უფლებებს, საბჭომ განცხადება ან საჩივარი განსახილველად შეიძლება გადაუგზავნოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებელს ან უფლებამოსილ ორგანოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7002 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 89. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს გადაწყვეტილება პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში.

ბმული ამ მუხლზე

თავი XII. ტელემედიცინა

მუხლი 90. სამედიცინო კონსულტაციის მიღება ტელემედიცინის გამოყენებით

1. ტელემედიცინის გამოყენებით სამედიცინო კონსულტაციის მიღების უფლება აქვს მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.

2. ტელემედიცინის გამოყენებით მიღებული სამედიცინო კონსულტაციის საფუძველზე პაციენტს რეკომენდაციას აძლევს მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი.

3. პაციენტისათვის ამ ფორმით გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგებზე პასუხისმგებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელიც უშუალოდ გასცემს რეკომენდაციას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 91. პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. ტელემედიცინის საშუალებების გამოყენებისას პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ევალება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.

2. პაციენტის მოთხოვნით მონაცემები მისი ვინაობის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ტელემედიცინის გამოყენებით შეიძლება გადაიცეს ანონიმურად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 92. ტექნიკური პერსონალი

1. ტექნიკურ პერსონალს, რომელიც მონაწილეობს ტელემედიცინის საშუალებებით ინფორმაციის გადაცემაში, ეკრძალება მიღებული კონსულტაციის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნება პაციენტისათვის.

2. ტექნიკური პერსონალი ვალდებულია დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალობა.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIII. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სოციალური და სამართლებრივი უფლებები

მუხლი 93. ადეკვატური სამუშაო პირობები და ანაზღაურება

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დამქირავებლისაგან მოითხოვოს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნა.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დამქირავებლისაგან მოითხოვოს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური ანაზღაურებით უზრუნველყოფა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5868 - სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ . 23

მუხლი 94. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სამართლებრივი დაცვა

1. საექიმო საქმიანობის განხორციელებისას ექიმისათვის, სხვა სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის მიყენებულ ფიზიკურ თუ მატერიალურ ზიანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი.

2. ექიმს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

3. ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5868 - სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ . 23

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3110 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 95. შეღავათები ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის

1. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ცენტრალურ ორგანოებს შეუძლიათ დააწესონ ხელფასზე დანამატები ან/და სხვა შეღავათები, საცხოვრებელი ფართობისა და სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფის ჩათვლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობათა და რეგიონთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. მაღალმთიან რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის შეღავათებს განსაზღვრავს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულ შეღავათებს განსაზღვრავს აგრეთვე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი იმავე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1246 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4042 - ვებგვერდი, 28.07.2015წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7002 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 96. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

მუხლი 97. პროფესიული შეცდომის დაზღვევის უფლება

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დააზღვიოს პროფესიული შეცდომა, რომლის შედეგადაც პაციენტს მიადგა ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 98. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ დაწესებულებებში ან/და სასწავლებლებში განხორციელდეს 2009 წლის 1 მარტიდან.

2. 2009 წლის 1 მარტამდე მიღებული რეზიდენტების/მაძიებლების მზადება გაგრძელდეს დაწესებულების ან/და სასწავლებლის მიერ შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვების მიუხედავად, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დასრულებამდე.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება – 2008 წლის 15 მაისამდე;

ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმებისა და პროფესიული რეაბილიტაციის წესები, აგრეთვე აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები – 2009 წლის 1 მარტამდე;

გ) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესები;

დ) იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა;

ე) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის ფორმა, ერთიანი რეზიდენტურის და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადებისათვის) – 2008 წლის 31 დეკემბრამდე;

ვ) სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის – სუბსპეციალობის მოწმობის ფორმა – 2008 წლის 31 დეკემბრამდე;

ზ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები;

თ) ცალკეულ საექიმო სპეციალობებში რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი.

4. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით 2009 წლის 1 მარტამდე.

5. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის ექიმი სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძვლად ჩაითვალოს:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი;

გ) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის დიპლომის ასლი, რომლითაც დასტურდება სამეცნიერო ხარისხის 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭება;

დ) შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი ბოლო 15 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის და შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ბოლო 10 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის;

ე) (ამოღებულია);

ვ) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი.

6. საბჭო არის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს და დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს უფლებამონაცვლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (8)

საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1135 - სსმI, №33, 10.11.2001წ., მუხ . 133

საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №593 - სსმI, №34, 16. 11.2004წ., მუხ . 161

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

საქართველოს 2009 წლის 4 დეკებრის კანონი №2224 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.341

საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4122 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.507

საქართველოს 2016 წლის 28 დეკემბრის კანონი №213 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

მუხლი 99. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №593 - სსმI, №34, 16. 11.2004წ., მუხ . 161

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ.74

მუხლი 100. უმცროსი ექიმის მიერ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ

1. უმცროს ექიმს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ:

ა) იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით;

ბ) მის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. უმცროსი ექიმის მიერ დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ ამ საექიმო სპეციალობით მისი მუშაობის ხანგრძლივობა აღნიშნულ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები არ იყოს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის (უმცროსი ექიმის) დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესსა და პირობებს, აგრეთვე დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

4. დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო სპეციალისტთა საჭირო რაოდენობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მასთან მიმართებით რეალურად დასაქმებულ სპეციალისტთა რაოდენობა, აგრეთვე მათი ასაკი და დასაქმებული უმცროსი ექიმების რაოდენობა დეფიციტური საექიმო სპეციალობების მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323

საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5840 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 28 დეკემბრის კანონი №213 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №824 - ვებგვერდი, 30.06.2025წ.

მუხლი 100¹. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

მუხლი 100². 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში

კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ასპირანტს, თუ მანამდე არ ჰქონდა მიღებული საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი, უფლება აქვს შეასრულოს ექიმის ფუნქცია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის პროგრამით, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლა გათანაბრებულია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურაში მომზადებასთან. თუ რეზიდენტურაში მომზადების ვადა აღემატება ასპირანტურაში სწავლის ხანგრძლივობას, ასპირანტურაში სწავლის წლები ჩაითვლება რეზიდენტურის ხანგრძლივობის შემადგენელ ნაწილად;

გ) პირს, რომელმაც კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საექიმო სპეციალობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323

მუხლი 100³. 2008 წლის 1 მაისამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატების მოქმედების ვადის გაგრძელება

1. 2008 წლის 1 მაისამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატების მოქმედება, მიუხედავად მათი იურიდიული ძალისა, გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო სერტიფიკატებზე, რომელთა გაუქმების თაობაზედაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიმართვის საფუძველზე საბჭო გასცემს ახალი ფორმის სახელმწიფო სერტიფიკატს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ.,მუხ . 74

მუხლი 101. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 8 ივნისი.

№904–IIს

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.