საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
თავი VIII. ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება
მუხლი 52⁷. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ზედამხედველობა
[მუხლი 52⁷. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ზედამხედველობა (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების საქმიანობას, არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, ინსტიტუციური ინვესტორების, თავდაპირველი კრედიტორებისა და ინიციატორების მიერ „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, განახორციელოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის რეგისტრაცია, გააუქმოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია. ზედამხედველობის გაწევა ითვალისწინებს აგრეთვე „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;
ბ) დაადგინოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის განხორციელების წესი;
გ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, ინსტიტუციურ ინვესტორს, თავდაპირველ კრედიტორსა და ინიციატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
დ) განახორციელოს „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
[მუხლი 52 ⁸. ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);
გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებსა და ფაქტორინგული პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს;
დ) შეამოწმოს ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია;
ე) ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;
ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების/აქციონერების და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების/აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმები;
ზ) ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმას დააკისროს ფულადი ჯარიმა, ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება;
თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალის ფორმირების წესი და ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის ოდენობა და მისი ფორმირების წესი.
2. ეროვნული ბანკის მიერ ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და მისი დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
4. ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებული არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.
5. ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმაში პირების შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სხვა პირებს პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.
6. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებსა და საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3944 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.
თავი IX. (ამოღებულია)
მუხლი 53. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1274 – ვებგვერდი, 02.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.
მუხლი 54. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1274 – ვებგვერდი, 02.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.
მუხლი 55. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1274 – ვებგვერდი, 02.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.
თავი IX¹. კომერციული ბანკის რეზოლუცია და ლიკვიდაცია, კრიზისული სიტუაციების კოორდინაცია და კრიზისის მართვა
მუხლი 55¹. კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უშუალოდ ან სპეციალური მმართველის მეშვეობით განახორციელოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის რეზოლუცია. რეზოლუციის პროცესში ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს რეზოლუციის შემდეგი მიზნებით:
ა) კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
ბ) ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითიგავლენის თავიდან აცილება;
გ) საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვა;
დ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა;
ე) მომხმარებელთა სახსრებისა და აქტივების დაცვა.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების ჩამონათვალი ან/და კრიტერიუმები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნები თანაბარმნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი იღებს ყველა ზომას რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, თითოეული შემთხვევისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. რეზოლუციის მიზნების შესაბამისად, ეროვნული ბანკი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სარეზოლუციო ხარჯებისა და კრედიტორთა დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად გამოსცეს სამართლებრივი აქტები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, კომერციული ბანკისთვის შეიმუშაოს რეზოლუციის გეგმები, ადმინისტრირება გაუწიოს სარეზოლუციო ფონდს, კომერციული ბანკის მიმართ შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი და ამ რეჟიმის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეზოლუციო უფლებამოსილებები.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო უფლებამოსილებების განსახორციელებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია).
6. კომერციული ბანკი და სხვა პირი ვალდებული არიან შეასრულონ რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში დადგენილი ეროვნული ბანკის ინსტრუქციები, მითითებები, მოთხოვნები და შეზღუდვები, აგრეთვე ხელი შეუწყონ ეროვნულ ბანკს რეზოლუციის მიზნების მიღწევაში. საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ეროვნულ ბანკს შესაბამის დახმარებას უწევენ.
7. ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესების დაცვით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 55². ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ და ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახორციელოს ყველა სარეზოლუციო უფლებამოსილება, რომლებიც აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად, მათ შორის:
ა) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სრული კონტროლი ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, განახორციელოს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება;
ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ დაიცვას იმავე კანონის 32-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპები;
გ) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება;
დ) თანამდებობიდან გაათავისუფლოს კომერციული ბანკის თანამშრომელი და ადმინისტრატორი და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის ნებისმიერი ოპერაციის, ტრანზაქციის ან სხვა საქმიანობის შეჩერების თაობაზე;
ვ) დროებით შემოიღოს მორატორიუმის რეჟიმი კომერციული ბანკის ვადამოსული ვალდებულებების მიმართ ან/და მხარეს შეუზღუდოს კომერციულ ბანკთან დადებული, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების მიმართ ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა;
ზ) მიმართოს სასამართლოს კომერციული ბანკის მიმართ არსებული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
თ) განახორციელოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან კომერციული ბანკის აქციების სხვა პირისთვის საკუთრებაში გადაცემა;
ი) კომერციული ბანკის აქტივები და ვალდებულებები სრულად ან ნაწილობრივ მესამე პირს (პირებს) გადასცეს. ამ უფლებამოსილების გამოყენებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეპოზიტები მხოლოდ სხვა კომერციულ ბანკს ან დროებით ბანკს გადაეცეს;
კ) განახორციელოს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების (გარდა აქციებისა) კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;
ლ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ახალი აქციების, საკუთრების სხვა ინსტრუმენტების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების გამოშვება;
მ) განახორციელოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა ან/და მათი კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;
ნ) კომერციული ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების ხელშეკრულების პირობის საფუძველზე გამოყენების გარდა, შეწყვიტოს, მათ შორის, ურთიერთგაქვითვის გზით, კომერციული ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, აგრეთვე დერივატივების შესახებ ხელშეკრულება;
ო) გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები და სხვა ვალდებულებები ან შეცვალოს მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთი ან/და პროცენტის გადახდის პერიოდულობა/ვადები. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება უზრუნველყოფილ ვალდებულებებზე (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებულ ვალდებულებებზე);
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის, მათ შორის, მიღებული პრემიის, ცვალებადი ანაზღაურების ან სხვა მსგავსი შემოსავლის, ანაზღაურება კომერციული ბანკის იმ აქციონერისაგან, ადმინისტრატორისაგან ან სხვა თანამშრომლებისაგან, რომლის/რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს;
ჟ) „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა;
რ) ეფექტური რეზოლუციის მიზნით კომერციული ბანკის ხარჯით დადოს ხელშეკრულება დამოუკიდებელ აუდიტორთან, შემფასებელთან, იურისტთან, ბუღალტერთან, კონსულტანტთან ან/და სხვა პირთან. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ამ პირის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს ეროვნული ბანკი გაიღებს;
ს) მიიღოს აუცილებელი ზომები დროებითი ბანკის ეფექტური მართვისთვის, შეიმუშაოს ინსტრუქციები დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე და დაეთანხმოს შემუშავებულ გეგმას;
ტ) გამოსცეს სამართლებრივი აქტი ამ კანონით დადგენილი, რეზოლუციასთან დაკავშირებული მოთხოვნების უცხოური ბანკის ფილიალზე გავრცელების თაობაზე;
უ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებები განახორციელოს ერთობლივად ან ინდივიდუალურად, თითოეული შემთხვევისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტებით, ხელშეკრულებებითა და ემისიის პროსპექტით დადგენილი წესების მიუხედავად, ეროვნული ბანკი და მის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი სარეზოლუციო უფლებამოსილებებს ახორციელებენ კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, კრედიტორებისა და მოვალეების თანხმობის გარეშე. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების, გამოქვეყნების, დოკუმენტის რეგისტრაციის, ემისიის პროსპექტის დამტკიცებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.
4. კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც კომერციულ ბანკს კრიტიკული მნიშვნელობის მომსახურებას აწვდის, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია უცვლელი პირობებით გააგრძელოს ამ მომსახურების მიწოდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისთვის, მისი უფლებამონაცვლისთვის, აგრეთვე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, − კომერციული ბანკის შემძენისთვის ან/და დროებითი ბანკისთვის. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა შეიძლება უზრუნველყოს შემძენი ან უფლებამონაცვლე ბანკისთვის ან დროებითი ბანკისთვის სხვა მესამე პირის მიერ მომსახურების კომერციული ბანკის ხარჯით მიწოდება.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად შეცვალოს კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტები/წესდება და მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.
6. თუ რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია აქციების ან სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/აქციებით ან სასესხო ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დროებით შეჩერება, ახალი აქციების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება, ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ხელახლა დაშვება ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობის გაცემა, ეს უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული წესით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ პროცესში შეიძლება არ იქნეს დაცული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამჟღავნებისა და ანგარიშგების მოთხოვნები ან მათი შესრულება გარკვეული ვადით გადავადდეს.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5687 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2137 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.
მუხლი 55³. კომერციული ბანკის ლიკვიდაცია
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი იწყებს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. კომერციული ბანკის ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, აგრეთვე აღნიშნული აქტივები ან/და ვალდებულებები ან/და მათი ნაწილი გადასცეს მესამე პირებს.
4. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესმა ზიანი არ უნდა მიაყენოს კომერციული ბანკის მიმართ გამოყენებულ სარეზოლუციო უფლებამოსილებებს (მათი გამოყენების შემთხვევაში) და რეზოლუციის მიზნებს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 55⁴. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება
1. რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ არის/არ იქნება და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37¹² მუხლის 10² პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები კომერციული ბანკის ლიკვიდაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო თანამიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრუ ლი დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის მოთხოვნით ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. ეს მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დაგეგმილი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის მიმოხილვას და დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროების დასაბუთებას, მათ შორის, დაფინანსების საჭირო ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
3. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, იგი დროებით სახელმწიფო დაფინანსებას გასცემს ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით:
ა) დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა;
ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის შეძენა ან/და კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი ვალდებულებების აღება;
გ) დაფინანსების სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ გამოყოფა ამ კანონის 55⁵ მუხლით დადგენილი წესით;
დ) სესხის ან/და გარანტიის გაცემა ან/და რეზოლუციის მიზნებისთვის აუცილებელი სხვა ფორმით, მათ შორის, პირდაპირი ფორმით, დაფინანსება.
4. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძენს წილს კომერციული ბანკის კაპიტალში, მან უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა კომერციული ბანკი ადეკვატური კომერციული და პროფესიული საფუძვლებით იმართებოდეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკის აქციების ან საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების შეძენის შემთხვევაში კომერციული ბანკი ვალდებულია შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს გრძელვადიან პერიოდში კომერციული ბანკის ფინანსური მდგრადობისთვის საჭირო ქმედებებს, რომლებსაც უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული ბანკი.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავენ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესს.
6. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავენ შესაბამისი შენატანის სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვით განხორციელების ვალდებულებას. აღნიშნული შენატანი თითოეული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადას. შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3949 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 55⁵. სარეზოლუციო ფონდი
1. რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ეროვნული ბანკი ხსნის ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს − სარეზოლუციო ფონდს.
2. ეროვნული ბანკი საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავს სარეზოლუციო ფონდში შესაბამისი წინასწარი შენატანის განხორციელების ვალდებულებას. აღნიშნული წინასწარი შენატანი თითოეული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს წინასწარი შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს.
3. წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და წინასწარი შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს წინასწარი შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, წინასწარი შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადას. წინასწარი შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ წინასწარი შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.
4. სარეზოლუციო ფონდში ირიცხება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანები, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის შემთხვევაში − ამ დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიები და გრანტები, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.
5. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მათ შორის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე ან დროებით ბანკზე სესხის ან გარანტიის გაცემის, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის ანაზღაურების მიზნით, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37¹⁰ მუხლის მე-12 პუნქტის ან/და იმავე კანონის 37¹¹ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში სესხი ან/და გარანტია შეიძლება გაიცეს კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან შერწყმის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდურობის გაუმჯობესებისთვის, რეზოლუციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებასა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების, დაფარვისთვის.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს, უცხოური ბანკის ფილიალს დროებით შეუჩეროს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების ვალდებულება, თუ კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალი დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში შენატანებს ახორციელებს ამ დაფინანსების სრულად დაფარვამდე.
7. სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3 პროცენტია.
8. საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალი ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა განახორციელოს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანი ამ კანონისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
9. სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებას ახორციელებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეროვნული ბანკი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო პასუხს არ აგებენ სარეზოლუციო ფონდის გამოყენებით წარმოშობილ ვალდებულებებზე. დაუშვებელია სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ შორის, გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების, გამოყენება.
10. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგებებისგან დამოუკიდებლად მოამზადოს. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება დამოუკიდებელმა აუდიტორმა უნდა შეამოწმოს. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა აღირიცხოს.
11. სარეზოლუციო ფონდის შექმნისა და სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული ფულადი სახსრების ადმინისტრირების საკითხები განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით. ამ სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული თანხების ინვესტირების საკითხები, ხოლო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების, აგრეთვე დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 55⁴ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი სამართლებრივი აქტით. ამ ერთობლივი სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე გარკვეული ტრანზაქციებისთვის აუცილებელი თანხმობის მიღების, მათი ანგარიშგების მოთხოვნების დადგენისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი თანხების გამოთხოვის წესები.
12. სარეზოლუციო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ადმინისტრირების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსთხოვოს მას და მიიღოს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3949 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 55⁶. კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადება და კრიზისის მართვა
1. ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტი (შემდგომ − კომიტეტი), რომელიც პასუხისმგებელია კრიზისული სიტუაციებისა და ფინანსური კრიზისის მართვის მექანიზმების შემუშავებისთვის. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე სხვა სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. კომიტეტს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია განახორციელოს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილების სხვა პირისთვის დელეგირება.
2. კომიტეტი სხდომას მართავს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.
3. კომიტეტის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკი. თუ კომიტეტის დებულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კომიტეტის წევრები გადაწყვეტილებას ერთხმად იღებენ.
4. კომიტეტის წევრები ვალდებული არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში მაქსიმალურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით.
5. ეროვნული ბანკი ვალდებულია:
ა) კომიტეტს აცნობოს ფინანსური სტაბილურობის პოტენციური საფრთხეებისა და რისკების შესახებ და მიაწოდოს მის ხელთ არსებული, კომიტეტისთვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) კომიტეტს დროულად აცნობოს კომერციული ბანკის რეზოლუციის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან/და ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროების თაობაზე.
6. კომიტეტის წევრებმა კომიტეტს უნდა მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაციის ჩათვლით), მათ შორის, ინფორმაცია იდენტიფიცირებული რისკების შესახებ, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კომიტეტის ფუნქციონირებისთვის. კომიტეტის წევრებმა უნდა დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. კომიტეტის საქმიანობა რეგულირდება დებულებით, რომელსაც იღებს კომიტეტი მისი ყველა წევრის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. კომიტეტის დებულება აწესრიგებს კომიტეტის წევრთა მიერ ინფორმაციის გაცვლის პროცედურულ საკითხებს, აგრეთვე სისტემური რისკების ერთობლივი იდენტიფიცირებისა და ანალიზის განხორციელების, სისტემური რისკსცენარების შეფასების წესებს, კრიზისული სიტუაციების წინარე შეფასებისა და მართვის ოპერაციული დაგეგმარების წესებს, შესაბამისი სიმულაციების ჩატარების პროცედურულ წესებს და კომიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
8. კომიტეტი/კომიტეტის სამდივნო ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან ერთად ყოველწლიურად აქვეყნებს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 55⁷. რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი
თუ რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი იმავდროულად არის „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალე, ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის/ლიკვიდაციის პროცესი წარიმართება იმავე კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2137 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.
თავი X. ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება, აუდიტი და საერთო ანგარიშგება
მუხლი 56. ეროვნული ბანკის საფინანსო წელი
ეროვნული ბანკის საფინანსო წელი იწყება იანვრის პირველ დღეს და მთავრდება დეკემბრის ბოლო დღეს.
მუხლი 57. ბუღალტრული აღრიცხვა
ეროვნული ბანკი ანგარიშგებას, თავის ოპერაციებს და საფინანსო მდგომარეობის ასახვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 58. ეროვნული ბანკის საფინანსო ანგარიშგება
ეროვნული ბანკი ადგენს ყოველი საფინანსო წლის საფინანსო ანგარიშგებას. ანგარიშგება მოიცავს ბალანსს, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას, საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას, ფულადი ნაკადების შესახებ ანგარიშგებას და მათთან დაკავშირებულ განმარტებითი ხასიათის შენიშვნებს.
მუხლი 59. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი
1. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა.
2. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტი მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან არაუგვიანეს 1 დეკემბრისა აირჩევს 1 აუდიტორულ ფირმას (აუდიტორს) არაუმეტეს 3 წლის ვადით. შერჩეულ აუდიტორულ ფირმას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკის მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს.
ცვლილებები ამ მუხლში (9)
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 27 ნოემბრის ორგანული კანონი №2795 - ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის ორგანული კანონი №3904 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის ორგანული კანონი №545 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.
მუხლი 60. ეროვნული ბანკის საბალანსო ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარდგენა და გამოქვეყნება
1. ეროვნული ბანკი ამზადებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში, არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს და აქვეყნებს არააუდიტირებულ საბალანსო უწყისს საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით.
2. საფინანსო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა ეროვნული ბანკი აქვეყნებს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს გასული წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას და ამ ორგანული კანონის 61-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს.
3. ეროვნულ ბანკს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საფინანსო ანგარიშგებებისა და დოკუმენტების გარდა შეუძლია გამოაქვეყნოს სხვა ანგარიშგებები და გამოკვლევები საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებზე, რომელთა გამოქვეყნებასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
მუხლი 61. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება
1. ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს.
2. არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.
3. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამტკიცებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
4. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, ეროვნული ბანკი მოქმედებს თავის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.
5. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტში უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.
6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ეროვნული ბანკი ამ ანგარიშში ასახავს საპენსიო ფონდის საქმიანობის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს აღნიშნულ ანგარიშს.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3264 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4326 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 62. საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დადოს საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები ან ამავე მიზნით ნებისმიერი სხვა კონტრაქტი უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ცენტრალურ საკლირინგო დაწესებულებებთან როგორც თავისი სახელით, ისე საქართველოს სახელითა და დავალებით.
მუხლი 63. კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს საქართველოში საგადახდო სისტემების შექმნასა და დანერგვას, მართოს და უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დაეხმაროს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგადახდო სისტემებს და საგადახდო მომსახურებას.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და დეპოზიტარის სისტემაში დაუშვას საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება, ფასიანი ქაღალდების ფლობისა და ფასიანი ქაღალდებით განხორციელებულ ტრანზაქციათა ანგარიშსწორების მიზნით ანგარიშები გაუხსნას საქართველოს მთავრობას, უცხო ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს, ცენტრალურ დეპოზიტარს, ანგარიშის მწარმოებელს, კასტოდიანური მომსახურების გამწევ პირს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს და ამ მიზნით განსაზღვროს შესაბამისი წესები და კრიტერიუმები.
3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემებისა და საინვესტიციო ფონდების სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №3354 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის ორგანული კანონი №3730 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
თავი XI. ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებები და ძირითადი აკრძალვები
მუხლი 64. ეროვნული ბანკის უპირატესი და უპირობო უფლება
1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირატესი და უპირობო უფლება, დაიკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა დაფარვის ვადის დადგომისას მოვალის ანგარიშებზე არსებული სახსრების, სალაროს ნაშთების ან მოვალის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების ხარჯზე. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული სახსრები.
2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს არსებული სახსრების თავის ანგარიშზე ჩარიცხვის უპირატესი უფლებით და სხვა აქტივების აუქციონზე გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ. აუქციონის ჩატარების წესებს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ქონების პირდაპირ საკუთრებაში მიღებით. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, ეროვნულ ბანკს მისცენ ასეთ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:
ა) ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით ლიკვიდაციის ან დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მყოფი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ;
ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
მუხლი 64¹. მომხმარებლის უფლებების დაცვა
1. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს შეიძლება დაუდგინოს:
ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები;
ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 2¹ ნაწილითა და 301-ე მუხლის 1² ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები.
1¹. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას (შესრულებას) უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ამ მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები, გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი № 238 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3320 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის ორგანული კანონი №1477 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1141 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
მუხლი 64². ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისია
1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავებს, რომლებიც უკავშირდება ამ კანონიდან, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, აგრეთვე მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებს, განიხილავს ეროვნულ ბანკთან არსებული, დამოუკიდებელი დავების განმხილველი კომისია (შემდგომ − დავების განმხილველი კომისია). დავების განმხილველი კომისიის მიერ დავის განხილვის დაწყების საფუძველია საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრის დავების განმხილველი კომისიისთვის წარდგენა და მისი წარმოებაში მიღება.
2. დავების განმხილველი კომისია საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებით.
3. დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.
4. დავების განმხილველი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, ორგანიზაციული სტრუქტურა, მხარეებთან ურთიერთობის წესი, აგრეთვე დავის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
5. დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია დავასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ან/და ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) მისაღებად მიმართოს ეროვნული ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს/ერთეულებს.
6. დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დავის მხარეს/მხარეებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების (მათ შორის, კონფიდენციალური) წარდგენა. დავების განმხილველ კომისიას აგრეთვე უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულება (მათ შორის, კონფიდენციალური) მოსთხოვოს ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ასევე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარუდგენლობის შემთხვევაში დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია დააჯარიმოს დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა).
8. დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის ორგანული კანონი №1810 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2026 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №1889 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 65. ეროვნული ბანკისათვის აკრძალული საქმიანობა
ამ ორგანული კანონით პირდაპირ გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეროვნულ ბანკს ეკრძალება:
ა) განახორციელოს ფინანსური დახმარება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, პირდაპირი გასესხების, უსასყიდლო სესხის ან პირობითი ვალდებულების კრედიტის ყიდვის, კრედიტში წილობრივი მონაწილეობის გზით ან სხვა ვალდებულებებით თავის თავზე სასესხო ან პირობითი ვალდებულებების აღებით;
ბ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა, შეიძინოს აქციები;
გ) ყიდვის ან იჯარით აღების გზით ან სხვა სახით შეიძინოს სრული ან ნაწილობრივი უფლება უძრავ ქონებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელი ან მიზანშეწონილია შენობის გამოყენება ადმინისტრაციული საქმიანობისათვის, ოპერაციების ჩატარებისათვის, ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებისათვის;
დ) გასცეს სესხი საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებზე, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №858 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან;
ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი;
გ) განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია;
დ) თავის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს ოპერაციები ოქროთი ან/და ოქროსთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით;
ე) განახორციელოს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისათვის საჭირო ნივთების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია;
ვ) მართოს დეპოზიტების დაზღვევის ფონდი;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებად არ მიიჩნევა ფულადი დახმარება, გარდა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხისა.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №858 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
მუხლი 66¹. ეროვნული გადახდების საბჭო
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროს განვითარების მიზნით შექმნას ეროვნული გადახდების საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სფეროს წარმომადგენლებს, მომხმარებლებს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა დაინტერესებულ პირებს შორის დისკუსიასა და მჭიდრო თანამშრომლობას. ეროვნული გადახდების საბჭო უფლებამოსილია კოორდინირება გაუწიოს ბაზრის ინიციატივებს და ბაზრის განვითარებისთვის საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ხელი შეუწყოს ამ სფეროში ინოვაციების დანერგვას.
2. ეროვნული გადახდების საბჭოში შეიძლება მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები, მოწვეული პირები და სხვა დაინტერსებული პირები. ეროვნული გადახდების საბჭოს შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი დგინდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის ორგანული კანონი №1810 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
მუხლი 67. მარეგლამენტირებელი დებულებები
1. ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკი აწარმოებს ნორმატიული აქტების, დირექტივებისა და მითითებების საჯარო რეგისტრს.
2. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას ინდივიდუალური წესით გადაეცემა. ისინი მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.
3. ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, ნორმატიული აქტის პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას განსაზღვრავს მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი). ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაშია მასში მითითებული თარიღიდან.
5. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების ნორმის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულ ნორმატიულ აქტში ცალკე მუხლით უნდა მიეთითოს ამ აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზები.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი საქმიანობის პროცესში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით (მათ შორის, საარქივო მასალის სახით) შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. ამ პუნქტის მიზნებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საკუთარი საქმიანობის მიზნებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების პოლიტიკა.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის ორგანული კანონი №668 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
მუხლი 68. ადმინისტრირების ნორმები
1. ეროვნული ბანკისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს.
2. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავი შეიკავოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ისეთი მიზნის მისაღწევად გამოყენებისაგან, რომელიც ამ უფლებამოსილებებს არ შეესაბამება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებებს.
3. ამ კანონის დებულებების შესრულების მიზნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები მიუკერძოებლობის პრინციპს ექვემდებარება. მათი მოტივაცია ობიექტური და რაციონალური უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა სრულდებოდეს და დასახულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.
4. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
5. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
5 ¹. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ხარისხობრივ და რაოდენობრივ შეფასებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეფასება აშკარა შეცდომას/ხარვეზს შეიცავს.
5². რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების, ეროვნული ბანკის მიერ რეზოლუციის რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილების ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისას ეროვნულ ბანკს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რომელიც არ შეიძლება ანაზღაურდეს სარეზოლუციო ფონდიდან.
6. ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მისი მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე, სპეციალურ მმართველზე, ლიკვიდატორზე, დროებითი ბანკის ადმინისტრატორზე, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის ადმინისტრატორსა და პროგრამის ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.
6 ¹. (ამოღებულია - 10.03.2017, №436).
6². (ამოღებულია - 10.03.2017, №436).
7. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.
8. (ამოღებულია - 10.03.2017, №436).
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2137 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.
თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 69. საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება
საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაიფაროს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან, ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.
მუხლი 70. გარდამავალი დებულებები
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო 2009 წლის 1 დეკემბერს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი რეორგანიზებულ იქნეს.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზებულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა განახორციელონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებანი.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამართალმემკვიდრე.
5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს.
6. საქართველოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
7. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები, ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც არ არის გაუქმებული, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
8. ამ ორგანული კანონის ამოქმედებიდან:
ა) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან;
ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან.
9. ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 საფინანსო წლის წმინდა მოგების განაწილებაზე, რომელიც განიკარგება 2008 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 1 ივნისამდე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებას საინვესტიციო ფონდების მიმართ ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
11. (ამოღებულია - 09.12.2025, №1141).
12. (ამოღებულია - 09.12.2025, №1141).
13. 2019 წლის 1 იანვრიდან 1 თეთრისა და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის ორგანული კანონი №1828 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის ორგანული კანონი №2211 – ვებგვერდი, 08.04.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის ორგანული კანონი №2954 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №101 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3313 – ვებგვერდი, 31.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1141 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
მუხლი 71. კანონის ამოქმედება
1. ეს ორგანული კანონი, გარდა პირველი–69-ე მუხლებისა, 70-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ორგანული კანონის პირველი–69-ე მუხლები, 70-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
3. 2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1995 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 642).
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 24 სექტემბერი.
№1676–IIს
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.