III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ყველაზე ხშირად საყიდლების მიზნით გავიდნენ

2023 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18.2%-ით მეტია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასვლების უდიდესი ნაწილი (45.4%) 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
397.6 ათასი იყო ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ვიზიტი – 33.4% – საყიდლების მიზნით განხორციელდა. მათი უმეტესობა განხორციელდა თურქეთში (41,5%), 16% სომხეთში, 14,4% რუსეთში, 14% კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები კი 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 12%-ითაა შემცირებული და 915.3 ლარს შეადგენს.