FT: საპროტესტო აქციების ფონზე ზელენსკი არმიის მთავარსარდლის გადაყენებას განიხილავს

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის გადაყენებას განიხილავს, თუკი მის შემცვლელად შესაფერისი კანდიდატის პოვნას იქნება შესაძლებელი.

პრეზიდენტის ოფისის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა FT-ს განუცხადა, რომ ზელენსკი ამ შაბათ-კვირას სამხედრო მეთაურებთან შეხვედრას გამართავს, რათა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ მათი შეფასებები მოისმინოს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობისთვის პოტენციურ კანდიდატებთან ინტერვიუები გამართოს.

შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე ოლექსანდრ სირსკის დატოვება განხილვის მთავარი საკითხი გახდა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

უკრაინის პრეზიდენტმა ფედოროვი პოსტიდან გასულ კვირაში დაითხოვა, რასაც, ფედოროვის თქმით, წინ უძღოდა სირსკის მხრიდან ზელენსკისთვის “ულტიმატუმი” წაყენება. თუმცა, თანამდებობიდან ფედორივის გათავისუფლებას უკრაინის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

Financial Times წერს, რომ ზელენსკიმ სირსკის გადაყენების განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. ამ კვირაში მან განმარტა, რომ ფედოროვსა და სირსკის შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში იმდენად გაუარესდა, რომ ისინი ერთმანეთსაც კი აღარ ელაპარაკებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტის შუამავლობით მართავდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციას.

16 ივლისს, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფედოროვმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სირსკი თავდაცვის სამინისტროში რეფორმების გატარებას ბლოკავდა. მან სირსკი ასევე კორუფციის ხელშეწყობაშიც დაადანშაულა.

ამასთან, ფედოროვმა აღნიშნა, რომ მას სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით ზელენსკისთვის უკვე მიმართული ჰქონდა, რადგან რუსეთს დასამარცხებლად ახალი გავლენიანი სამხედრო ხელმძღვანელობის დანიშვნაა საჭირო.

FT-ს მიხედვით, ფედოროვსა და სირსკის ფუნდამენტურად განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთთან ბრძოლა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფედოროვი ომის მომავალს დრონებსა და ავტომატიზაციაში ხედავს, ხოლო სირსკი ძირითადად ტრადიციულ მიდგომას ემხრობა.