უკრაინის არმიის მაღალჩინოსანი გადადგა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ფედოროვის გაშვების გამო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა პოლკოვნიკი პავლო ელიზაროვი. მან მიზეზად დაასახელა მიხაილო ფედოროვის გათავისუფლება თავდაცვის მინისტრის პოსტიდან.

პოლკოვნიკმა ელიზაროვმა 16 ივლისს ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა გადადგომის შესახებ განცხადება, რომლითაც უკრაინის საჰაერო ძალების სარდალს მიმართა.

განცხადების ფოტოასლს თან ახლავს პავლო ელიზაროვის მოკლე ტექსტი, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლებას მიიჩნევს „დიდ ბოროტებად ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალისთვის“.

ცვლილებები უკრაინის მინისტრთა კაბინეტში

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა მას შემდეგ გადადგა, რაც 14 ივლისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იულია სვირიდენკოს გათავისუფლებას. საკადრო ცვლილებების ინიციატორი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო

15 ივლისს ზელენსკიმ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელის, სერჰი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის პოსტს არ შეინარჩუნებს და მის ნაცვლად წარდგენილია შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იჰორ კლიმენკო.

კონფლიქტი მინისტრს და არმიის მთავარსარდალს შორის

უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკისა და პარლამენტის დეპუტატებს შორის მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მსჯელობისას ყველაზე მეტი შეკითხვა ეხებოდა თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის შეცვლას.

ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უამბეს, რომ 15 ივლისს, ფრაქციის სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების განხილვისას პრეზიდენტს უჭირდა ფედოროვის შეცვლაზე საუბარი და ჩანდა, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მარტივად მისაღები არ ყოფილა.

ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა ახსნა მიხაილო ფედოროვსა და უკრაინის არმიის მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის შორის მუდმივი კონფლიქტებით, რადგან ფედოროვს სურდა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის განვითარება, სირსკი კი მუდმივად უჩიოდა, რომ სხვა მიმართულებებს სამინისტრო არ აფინანსებს.

წყაროთა თანახმად, ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ ფედოროვმა ვერ გაატარა მობილიზაციის დაპირებული რეფორმა, მისი შემცვლელი იჰორ კლიმენკო კი ამ სფეროში წესრიგის დამყარებას შეძლებს.

ფედოროვსა და სირსკის შორის კონფლიქტი ინფორმირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს ბრიტანულ გამოცემა Financial Times-საც.

გამოცემის თანახმად, პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებამ ფედოროვი გაეთავისუფლებინა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, უკრაინაში ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია.

Financial Times-ი წერს, რომ მიხაილო ფედოროვმა, რომელიც თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი იყო, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გარღვევას თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და დრონების შემუშავების სფეროში, მისი მართვის სტილი კი მმართველი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენელთა ნაწილის შეშფოთებას იწვევდა.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელი, პარლამენტის არაერთი დეპუტატი და სხვა მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ფედოროვი იყო წინაღობა მათთვის, ვინც დაინტერესებულია უკრაინის უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტიდან სარგებლის მიღებით. გამოცემის წყაროთა ცნობით, მიხაილო ფედოროვი ბლოკავდა მცდელობებს, მომგებიანი კონტრაქტები მიეღოთ მმართველი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის გავლენიანი წარმომადგენლების ფავორიტ კომპანიებს.

  • 35 წლის მიხაილო ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა 2026 წლის იანვარში.