FBI: ტრამპზე თავდამსხმელს რამდენიმე თვე დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად თუ ვისთვის ესროლა
20 წლის თომას კრუქსს, რომელმაც ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა, რამდენიმე თვე დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად თუ რომელი ცნობილი პირისთვის ესროლა. აღნიშნულის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა, კევინ როეკმა ბრიფინგზე განაცხადა.
როეკის თქმით, FBI-მ აღმოაჩინა, რომ კრუქსმა 60-ზე მეტჯერ მოიძია ინფორმაცია რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატისა და მისი მაშინდელი კონკურენტის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესახებ.
„ის საბოლოოდ დარეგისტრირდა ივლისის დასაწყისში პენსილვანიაში ტრამპის მიტინგზე დასასწრებად“, - აცხადებს როეკი.
მისი თქმით, FBI-მ ჯერ ვერ დაადგინა, რატომ გადაწყვიტა კრუქსმა ტრამპის მკვლელობა. „მისი ელექტრონული მოწყობილობების მონაცემები მიუთითებს, რომ მას აინტერესებდა სხვადასხვა იდეოლოგია, მაგრამ ვერ დადგინდა, რომ რაიმე კონკრეტული შეხედულებებით იყო მოტივირებული“, - აცხადებს როეკი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.