europop forum: Tales of Play – რა გელით სპორტზე თხრობის ფორუმზე

12-13 აპრილს თბილისში, Tbilisi Factory-ში დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება. europop forum: Tales of Play – სპორტზე თხრობის ფორუმი – ასე ეწოდება 2-დღიან ღონისძიებას, რომელიც ევროპოპის ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება.
ევროპოპ ფორუმის სცენას სპორტის მენეჯმენტისა და მედიის პროფესიონალებთან ერთად, რამდენიმე ვარსკვლავური ფეხბურთელიც გაიზიარებს – მათ შორის იქნებიან ნიდერლანდელი ლეგენდები კლარენს ზეედორფი და პატრიკ კლუივერტი. ფორუმის მიზანია, გახდეს რეგიონში სპორტის ფანებისა და პროფესიონალების ყოველწლიური შეკრების ადგილი. ESPN, DAZN, მადრიდის რეალი, ბარსელონა, აიაქსი, მსოფლიო რაგბი – ჟურნალისტები, მენეჯერები, მსაჯები, მწერლები – ევროპოპის ფორუმის სტუმრები სპორტის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სფეროსა და დისციპლინას წარმოადგენენ, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებს – თითოეულ მათგანს აქვს მოსაყოლი ამბავი.
„ჩვეულებრივ, ქართველ გულშემატკივარს არ აქვს პლატფორმა, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა ხდება სტადიონის ან სარბენი ბილიკის მიღმა. სპორტში ცალკეულ გამოსვლებზე ბევრად უფრო მეტი რამ არსებობს: ისტორიები, მომავლის პერსპექტივები, უმაღლეს დონეზე თამაშის მენტალური მხარე. სპორტის გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება, სწორედ ასეთ საკითხებზე ისაუბრონ. აუდიტორიას შეეძლება, სტუმრებს კითხვები დაუსვან და საუბრის მიმართულებაც თავად განსაზღვრონ.” – ამბობს ფორუმის კონსულტანტი სოფიკო ვასაძე.
ასეთი მასშტაბის ფესტივალი, რა თქმა უნდა, უამრავ სხვადასხვა ადამიანს აერთიანებს. სოფიკოს გარდა, საორგანიზაციო გუნდს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილებას ZEG ფესტივალის კიდევ ორი დამფუძნებელი უზიარებს – ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია, ფორუმის ჩატარების აღმასრულებელ ნაწილს კი ევროპოპის გუნდი უძღვება, რომლის სათავეში ღონისძიების დირექტორი დიმიტრი ვაჩნაძე და იდეის ავტორი მიშა დუმბაძე დგანან.
ღონისძიების 2-დღიანი განრიგი უწყვეტი სპორტული თავგადასავალია, რომელიც ერთდროულად ორ სცენაზე გაიმართება. ინდივიდუალური გამოსვლები, Q&A, პანელური დისკუსიები, ნეტვორქინგი, ფილმის ჩვენება და დაუვიწყარი აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი კიდევ ერთი ცნობილი სპორტსმენისგან (რომლის ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება) – ფესტივალი თავისი მასშტაბითა და შინაარსით რეგიონული მნიშვნელობის ტრიბუნაა, რომელიც სპორტული ამბების თხრობის ხელოვნებას ეძღვნება.
ფესტივალი დაიწყება 12 აპრილს, გახსნის ცერემონიითა და საუბრით კლარენს ზეედორფთან, პროგრამის მთავარი ნაწილი კი 13 აპრილს გაიმართება და მას პატრიკ კლუივერტის გამოსვლა დააგვირგვინებს.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაცია და მომხსენებელთა სრული სია ხელმისაწვდომია ფესტივალის ვებგვერდზე, ბილეთების შეძენა კი უკვე შესაძლებელია აქ.

NS