ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EU ორბანის ვეტოს შემთხვევაში უკრაინისთვის 20 მილიარდის ოდენობის დახმარების გეგმას ამზადებს | FT

ევროკავშირი ამზადებს 20 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს უკრაინისთვის, რაც იქნება "გეგმა ბ" იმ შემთხვევისთვის, თუ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი დაბლოკავს 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს. ამის შესახებ Financial Times წერს.
ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ სქემაში მონაწილე ქვეყნებმა გასცენ გარანტიები ევროკავშირის ბიუჯეტისთვის, რაც ევროკომისიას საშუალებას მისცემს მომავალ წელს კაპიტალის ბაზრებიდან 20 მილიარდ ევრომდე სესხი აიღოს უკრაინის მხარდასაჭერად.
გამოცემის ცნობით, შეთანხმების ზუსტი პირობები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და უკრაინისთვის დასახმარებლად გამოსაყოფი თანხის რაოდენობა კვლავ შეიძლება შეიცვალოს ომში მყოფი ქვეყნის საჭიროებების მიხედვით.
აღნიშნული სქემა არ მოითხოვს გარანტიებსა და თანხმობას ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოსგან, სანამ მასში გაერთიანების წევრი ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნები მონაწილეობენ. შესაბამისად, იგი ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს გვერდი აუარონ უნგრეთის ვეტოს.
FT წერს, რომ ეს გეგმა მსგავსია 2020 წელს გამოყენებული სქემისა, როდესაც კომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს 100 მილიარდი ევრო გამოუყო კორონავირუსის პანდემიის დროს მოკლევადიანი სამუშაოების მხარდაჭერისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.