Bloomberg-ი: რუს ბიზნესმენებს აქტივები ევროკავშირიდან რუსეთში გადააქვთ, საფრთხის მიუხედავად
მდიდარი რუსები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში აქვთ ბიზნესები და აქტივები, ცდილობენ თავიანთი ქონება გადაიტანონ რუსეთში, ან ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში, მაგალითად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ რუსეთში ბიზნესის ნაციონალიზაცია განხორციელდება და თავს საფრთხეში გრძნობენ - იუწყება სააგენტო Bloomberg-ი.
ანონიმურობის დაცვის პირობით სააგენტო ელაპარაკა რამდენიმე რუს ბიზნესმენს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს თავიანთი ბიზნესები და აქტივები რუსეთში. ორმა მილიარდერმა თქვა, რომ სანქციების პირობებში მათ ბიზნესის წარმოების საშუალება მხოლოდ რუსეთში აქვთ, და ცდილობენ არ იფიქრონ აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობაზე. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც ასევე შეეხო სანქციები, განაცხადა, რომ ჯერ არ იცის როგორ უნდა გადააწყოს ბიზნესის მუშაობა, მაგრამ იგი ოჯახთან ერთად ახალ ცხოვრებას რუსეთში იწყებს.
მდიდარი ბიზნესმენების შიშებს შორის Bloomberg-ი აღნიშნავს რუსეთის საომარი ეკონომიკის არასტაბილურობას ბიზნესისთვის და მისი დაკარგვის საფრთხეს. სააგენტო წერს, რომ მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებისა, რომ სახელმწიფო არ გეგმავს რუსეთში კერძო კომპანიების ნაციონალიზაციას, კონფისკაციის პერსპექტივები მძლავრადაა დამოკიდებული ხელისუფლებასთან ლოიალურ დამოკიდებულებაზე.
მანამდე, გამოცემა novayagazeta.eu იუწყებოდა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში გაძლიერდა კერძო კომპანიების ნაციონალიზაციის მასშტაბური ტალღა. გამოცემის თანახმად, ომამდელ, 2021 წელთან შედარებით შარშან 9-ჯერ გაიზარდა ნაციონალიზაციის თაობაზე სახელმწიფო საჩივრების რიცხვი.
იმ კომპანიებს შორის, რომელთა მიმართაც უკვე დაწყებულია ნაციონალიზაციის პროცედურა, არიან როგორც რუსული საწარმოები - მაგალითად ავტოდილერი "როლფი" და ჩელიაბინსკის ელექტრომეტალურგიული კომბინატი - ისე უცხოური ფირმები, მაგალითად ლუდის დანიური მაწარმოებელი კომპანია Carlsberg-ი.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.