საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და სხვა აქტივისტების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიები უნდა დაასრულოს, – ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში – „საქართველო – რეპრესიების ანატომია : პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“, რომელსაც Amnesty International-ი აქვეყნებს.
Amnesty International-ი ანგარიშში სხვადასხვა საკითხზე როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ისე ევროკავშირისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის რეკომენდაციებს ასახელებს.
ორგანიზაცია დეზინფორმაციის იარაღად გამოყენების შესახებ რეკომენდაციების ნაწილში საქართველოს მთავრობას ცილისწამების კამპანიების დასრულებისკენ და ყველა შემთხვევის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსმა ცილისწამებამ გამოიწვია შევიწროება, ქონების დაზიანება, ფიზიკური თავდასხმები, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ან გავლენა მოახდინა სამართლებრივ პროცესებზე, ყველა დაზარალებულმა სრული კომპენსაცია უნდა მიიღოს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ „უზრუნველყოს, რომ ყველა სახელმწიფო ოფიციალურმა პირმა, მათ შორის მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, თავი შეიკავონ დეზინფორმაციულ კამპანიებში მონაწილეობისგან, მათი გაძლიერებისგან და მათში ჩართულობისგან“.
„დაასრულოს საგადასახადო და დაფინანსების წყაროების შესახებ გამოძიებების, როგორც მედია საშუალებების შევიწროებისა და დელეგიტიმიზაციის ინსტრუმენტების, ბოროტად გამოყენება“, – წერს ორგანიზაცია.
Amnesty International-ი ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მედია საშუალებებისთვის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
„გააფართოონ მხარდაჭერა ცილისწამების კამპანიების შედეგად დაზარალებული ორგანიზაციების მიმართ. ასევე, უზრუნველყონ, რომ დიპლომატიური და სტრატეგიული კომუნიკაციები გაგრძელდეს ცილისწამების კამპანიების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაცია კანონის იარაღად გამოყენების შესახებ რეკომენდაციების ნაწილში საქართველოს მთავრობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
„გააუქმოს ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან უცხოური ან საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსების მისაღებად წინასწარ ნებართვას მოითხოვს; განბლოკოს ყველა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები, რომლებიც მიზანში ამოიღეს ხელისუფლების კრიტიკის ან საერთაშორისო დაფინანსების მიღების გამო და მოხსნას მათ წინააღმდეგ ყველა შესაბამისი ბრალდება; გააუქმოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები; გააუქმოს ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლებიც კრძალავს მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას“, – წერია ანგარიშში.
ორგანიზაცია პოლიციის იარაღად გამოყენების შესახებ რეკომენდაციების ნაწილში საქართველოს მთავრობას საპროტესტო აქციების დროს უკანონო ძალის გამოყენების შესახებ, მათ შორის ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების გამოყენების შესახებ, ბრალდებების საფუძვლიანად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„უზრუნველყოს, რომ პოლიციამ სრულად დაიცვას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა; დაუყოვნებლივ აკრძალოს წყლის ჭავლის რეზერვუარებში ნებისმიერი სახის ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებების შერევა; დააწესოს მორატორიუმი სამოქალაქო დემონსტრაციების დროს წყლის ჭავლის გამოყენებაზე, ვიდრე არ მოხდება 2024 და 2025 წლის საპროტესტო აქციების დროს მისი ყველა გამოყენების შემთხვევის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების შედეგების გასაჯაროება; ითანამშრომლოს დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებასთან 2024 და 2025 წლებში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი გამოძიება დაიწყება; გამოძიების მიუხედავად, გაასაჯაროოს ყველა გამოყენებული აგენტის სრული შემადგენლობა; უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციებზე დარბევების დროს დაკავებული პირების წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ბრალდებების შესახებ; შექმნას ზედამხედველობის, საჩივრების მიღებისა და საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ექნება შესაბამისი მანდატი და რეალური დამოუკიდებლობა მსგავსი გამოძიებების ჩასატარებლად“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ საქართველოსთვის ყველა სახის საპოლიციო აღჭურვილობის, მათ შორის ნაკლებად ლეტალური იარაღის, სათვალთვალო ტექნოლოგიებისა და სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვასა და გადაცემაზე ემბარგო დააწესოს, ვიდრე დამოუკიდებელი გამოძიებები არ დასრულდება.
„შესაბამისი ნაბიჯები გადადგან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად და მოითხოვონ საქართველოს მხრიდან თანამშრომლობა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაცია სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენების შესახებ რეკომენდაციების ნაწილში საქართველოს მთავრობას 2024 წლის აპრილიდან დემონსტრანტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ გამოტანილი ყველა სისხლისსამართლებრივი განაჩენის დამოუკიდებელი გადახედვისკენ მოუწოდებს.
„ყველა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც დადგინდება, რომ უსამართლო სამართალწარმოების შედეგად იქნა მიღებული, უნდა გაუქმდეს და დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ვიდრე მათ წინააღმდეგ დასაბუთებული ბრალდებები არ იქნება წარმოდგენილი; გადაიხედოს ყველა ის ჯარიმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაწესდა 2024-2026 წლებში დემონსტრაციების დროს სავარაუდო სამართალდარღვევებისთვის; აღდგეს სასამართლო პროცესებსა და სასამართლო შენობებში საზოგადოების სრული და თავისუფალი წვდომა და სასამართლო შენობებში გადაღებაზე, მობილური ტელეფონებისა და ლეპტოპების გამოყენებაზე ნებისმიერი შეზღუდვა მოიხსნას“, – ნათქვამია ანგარიშში.




