Amnesty ხოშტარიაზე: საპირისპირო აზრის დასასჯელად სასამართლო სისტემის გამოყენების მორიგი მაგალითია

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის პარტია დროას თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანების” გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას აკრიტიკებს და მას საპირისპირო აზრის დასასჯელად სისხლის სამართლის სისტემის გამოყენების მორიგ მაგალითს უწოდებს.
Amnesty International ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ ხოშტარიას პატიმრობა გააუქმოს და ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმე დაუყოვნებლივ დაასრულოს.
ამის შესახებ განცხადება Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა გააკეთა.
“პროტესტის სიმბოლური აქტისთვის, ქუჩის პლაკატზე ძლივს ხილვადი გრაფიტის დაწერის გამო, ელენე ხოშტარია ციხეში წელიწადნახევარს გაატარებს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სისხლის სამართლის სისტემა საპირისპირო აზრის დასასჯელად გამოიყენება. საპირისპირო აზრის მშვიდობიანად გამოხატვისას ჩადენილი არაძალადობრივი წვრილმანი დარღვევებისთვის სისხლის სამართლის სასჯელები, სავარაუდოდ, გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვაა. ასეთ შემთხვევებში პატიმრობა თავიდან უნდა იყოს აცილებული
ელენე ხოშტარიას საქმეში მისი სასჯელის სიმძიმე, როგორც ჩანს, უკავშირდება არა მატერიალურ ზიანს, არამედ მის პოლიტიკურ მოსაზრებებსა და სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა. ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს, გადახედოს მის სასჯელს, კერძოდ, გააუქმოს პატიმრობა და ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმე მყისიერად დაასრულოს”. – თქვა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.
კალაძის ბანერის “დაზიანებისთვის” ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ, 24 მარტს გამოიტანა.
ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარერა “რუსული ოცნება”. მას პროკურატურა “სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე” 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.
პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.