განათლების დარგის მკვლევარი სიმონ ჯანაშია:
პეტრიაშვილის მე-6 გერმანული სკოლის (იგივე 21-ე სკოლა) ამბავში არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ ორი წლის წინ ქართულმა ოცნებამ დირექტორობიდან გაათავისუფლა Tamara Amzashvili, რომელიც ამ სკოლაში დაარსებიდან მუშაობდა. სკოლის პატრიოტისა და გამოცდილი პროფესიონალის გათავისუფლება არ იყო ერთადერთი ნიშანი, რომ ეს ნაბიჯი სკოლის პოლიტიკურად დამორჩილებისთვის გადაიდგა. ახლადდანიშნული დირექტორის ვინაობაც ამაზე მეტყველებდა. შორენა ბუნტური, ახალი დირექტორი პირველად არ მონაწილეობდა არსებულის ჩანაცვლების “ოპერაციაში”.
2010 წელს განათლების მაშინდელმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა სკოლების დასამორჩილებლად მანდატურების სისტემა შემოიღო. აქედან რამდენიმე თვეში, მანდატურების ძალაუფლების გასამყარებლად, შაშკინმა 173-ე სკოლის დირექტორი მოხსნა და მის მაგივრად მანდატური, თინათინ ნასიძე დანიშნა. ამ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი პროტესტით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. სახელმწიფომ მაშინ უკან არ დაიხია.
იგივე გააკეთა შაშკინმა 157-ე სკოლაშიც, სადაც დირექტორი გაათავისუფლა და მის ნაცვლად 25 წლის მანდატური, შორენა ბუნტური დანიშნა. ამ ნაბიჯის გასამართლებლად, ამ სკოლას მიანიჭეს საუკეთესო სკოლის ჯილდო, საუკეთესო უცხოელი მასწავლებლის ჯილდო, ხოლო შორენა ბუნტური, გამოუცდელი, 25 წლის ყოფილი მანდატური საქართველოს საუკეთესო დირექტორად დაასახელეს.
თინათინ ნასიძემ 173-ე სკოლაში დიდხანს ვერ გაძლო და იმ სკოლის მოსარჯულებლად 2012 წელს ისევ ყოფილი მანდატური, და ახლა უკვე “საუკეთესო დირექტორი”, შორენა ბუნტური გადაიყვანეს. საინტერესო ისიც უნდა იყოს, რომ შორენა ბუნტურის გარდა, იმდროინდელ ამბებში მისი უშუალო უფროსი, გეკა გელაძეც (დიახ, 2024-ში განათლების მინისტრის მოადგილე რომ იყო, მერე შსს მინისტრი, შემდეგ სუსის უფროსი და ახლა ისევ შსს მინისტრის მოადგილე) იყო ჩართული – როგორც შაშკინისდროინდელი მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე.
2024 წელს, როდესაც შორენა ბუნტური 21-ე სკოლის დირექტორად დანიშნეს ცხადი იყო, რომ რეპრესიული სისტემისთვის “ნაცნობი კადრი” შემთხვევით არ ინიშნებოდა იქ, სადაც სასკოლო საზოგადოებისთვის ახლობელი დირექტორი უნდა გაეთავისუფლებინათ. ამიტომაც არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ დღესაც მას სწორედ იმისთვის იყენებენ, რომ მე-6 სკოლის საზოგადოებისთვის ძალიან პრობლემური და არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღოს.
სკოლის პატრიოტი დირექტორი ხომ არასოდეს დაუმალავდა სასკოლო საზოგადოებას იმას, რომ თურმე სკოლის “მდგრადობას” სახელმწიფო სასწავლო წლის დაწყებისთვის “სწავლობდა”? ასეთი რამ მხოლოდ გარე დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელმა შეიძლება გააკეთოს.
ამიტომაც, როდესაც ასეთ ხალხს გვინიშნავენ სკოლის დირექტორებად, მაშინვე საჭიროა პროტესტი და პოზიციის გამოხატვა, სკოლის ნამდვილი პატრიოტების და პროფესიონალების მხარდაჭერა. ფოტოზე ჩანს ორი წლის წინანდელი გაფრთხილება, მაშინვე ცხადი იყო, რომ კარგად ეს ამბავი არ დამთავრდებოდა.





