ნებისმიერი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს სამად სამი სახელმწიფო ინსტიტუტის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირება: სასამართლოების, უშიშროების სისტემისა და ეროვნული ბანკის. ისინი უზრუნველყოფენ, როგორც ქვეყნის ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებას შიდა და გარე რისკ/ფაქტორებისგან, ასევე, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას. ამიტომ ამ სტრუქტურების ხელმძღვანელების მიერ უფლება-მოვალეობების შესრულების პერიოდი და გარკვეული ხელშეუხებლობა შესაბამისი კანონებით არის გარანტირებული.
16 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება – სუსის ხელმძღვანელის ამჟამინდელი მოადგილე, პოლკოვნიკი თამაზ ბორაშვილი, რომელიც დანიშვნის შემდეგ მალევე გენერალ-მაიორის წოდებასაც მიიღებს. ის იქნება სუსის მეექვსე უფროსი 2015 წლის შემდეგ. საქართველოს პარლამენტი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბრის დილას, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დახურულ სხდომაზე განიხილავს და იმავე დღეს კენჭისყრაც გაიმართება, რომლის შედეგების გამოცნობას დიდი მკითხაობა არ უნდა. დილით დაიწყება და საღამოს დასრულდება ქვეყნის უმთავრესი სპეცსამსახურის ახალი უფროსის დამტკიცების პროცესი. ცოტა გაუგებარია ამგვარი სპრინტერული ტემპი: ბორაშვილისთვის რამდენიმე დღე ხომ მაინც უნდა მიეცათ საკუთარი პროგრამის, სუსში ცვლილებებისა და ახალი ხედვების წარმოსადგენად. რეგიონში საგარეო და საშინაო საფრთხეების წამისმიერი ცვლილებების პირობებში და არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ სივრცეში ვიმყოფებით, ამიტომ, ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო იქნებოდა მისი შეხედულებების გაცნობა, დღეს საქართველოს წინაშე არსებული უმთავრესი საფრთხეებისა და მათი განეიტრალების, თუნდაც ზოგადი მიმართულებების შესახებ. ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ერთ დღეში მისი მომზადება/პრეზენტაცია ჩვენს მეგობარ ხელოვნურ ინტელექტსაც კი გაუჭირდება.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყოფილი უფროსის, გეკა გელაძის გათავისუფლება, ჩემი აზრით, სრულიად მოულოდნელად მოხდა (რის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებ), მაშინ გასაგებია, რომ უფროსობის ახალ კანდიდატს გარკვეული დრო უნდა ჰქონოდა მოსამზადებლად.
„სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის“ თანამდებობაც მალევე გაუქმდება. სწორედ ამაზე იტყვიან: ან შექმნა რა იყო, ან გაუქმებაო. ამ, თავიდანვე განწირული სტრუქტურის პირველი და უკანასკნელი შეფი, სუსის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე გახლდათ. არ ვიცი, მოხვდება, თუ არა ის გინესის რეკორდების წიგნში (შესაძლოა, სადმე სხვა, შორეულ ქვეყანაში კონკურენტები ჰყავს), თუმცა შედეგი მაინც ძალზე შთამბეჭდავი და ისტორიული აქვს: 2025 წლის 3 სექტემბერს ის ლეიტენანტი იყო, შვიდი თვის (!!!) შემდეგ კი უკვე მეექვსე სპეციალური წოდება მიიღო და გენერალ-მაიორი გახდა. თავად ნაპოლეონ ბონაპარტსაც კი რვა წელი (1786-1794) დასჭირდა ეს ეკლიანი გზა რომ გაევლო. ასე რომ, ალბათ არავის მიუღია სპეციალური წოდებები ასე სწრაფად, თანაც – არა საომარ ვითარებაში, არამედ – „კაბინეტური ბრძოლების“ დროს. მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის განცხადებაც გააკეთა. ამის შემდეგ როგორ არ გაგახსენდება უკვდავი ფრაზა ნოდარ დუმბაძის რომანიდან „თეთრი ბაირაღები“- „რა მინდოდა წვენებში . . .“
თ. ბორაშვილი სუსის მეექვსე ხელმძღვანელი იქნება ბოლო ათ წელში. სავარაუდოდ, ისიც საკადრო ცვლილებებით დაიწყებს და კვლავ დიდი ციებ-ცხელება შეიქმნება მთელ ვერტიკალში: სუსის უფროსის მოადგილეებით დაწყებული და მძღოლებით დასრულებული. ამ ორომტრიალში ეროვნული უსაფრთხოებისთვის ვის ეცლება? სამწუხაროდ, ამგვარია „ქართული მართვის სტილი“ და – არა მარტო სუსში.
დავუბრუნდეთ გეკა გელაძის გათავისუფლების თემას. ის ამ პოსტზე 2026 წლის 28 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ექვსი წლის ვადით დაამტკიცა და წესით, სულ რაღაც ხუთი თვის გასვლის შემდეგ პოსტი არ უნდა დაეტოვებინა. ასეც ჩანდა.
სუსის ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღის წინ, 7-10 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევით ის “გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში” (Global Public Security Cooperation Forum) მონაწილეობდა, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში გაიმართა. კარგადაა ცნობილი, რომ ამგვარი კონფერენცია/ფორუმები მასპინძელი ქვეყნის სპეცსამსახურების პატრონაჟით იმართება და საკმაოდ დიდი სადაზვერვო მნიშვნელობაც აქვს. ბუნებრივია, ასე იქნებოდა მით უფრო ჩინეთში, სადაც ყველაფერს კომუნისტური პარტიის “ერთგული გუშაგი” – სპეცსამსახურები აკონტროლებენ. ოფიციალური ჩინური წყაროების მიხედვით, წელს „ფორუმში“ მონაწილეობდა 2100-ზე მეტი დელეგატი 139 ქვეყნიდან, რეგიონიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის: რუსეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. დელეგაციები. მონაწილეთა სტატუსი საკმაოდ მაღალი იყო: შინაგან საქმეთა/საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრები, პოლიციის ხელმძღვანელები, სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლები და საერთაშორისო უსაფრთხოების ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირები.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 2026 წლის ლიანიუნგანის ფორუმზე ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ასე რომ, საქართველო ამ ფორმატში აღმოჩნდა არა დასავლურ უსაფრთხოების ბლოკთან ერთად, არამედ – ჩინეთის მიერ ორგანიზებულ „გლობალური სამხრეთი- პოსტსაბჭოთა სივრცე – აზიურ უსაფრთხოების“ ფორმატში.
როგორც ირკვევა, კონფერენციის გახსნამდე გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან ერთად, გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოფენას ეწვია და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნო. გამოფენას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პირველმა კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლაო, – ამგვარ ინფორმაციას გვაწვდის სუს-ის ოფიციალური ვებგვერდი. ბუნებრივია გ. გელაძეს სხვა შეხვედრებიც ჰქონდა.




