თორნიკე რაზმაძე “ფეისბუქ“ კომენტართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმეზე – სიჩუმე აირჩიეს და ველოდები, რას გადაწყვეტენ – ალბათ, ბოლოს იტყვიან: „უი, ვერ გავარკვიეთ“

სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის განცხადებით, ვერავინ იტყვის, რომ მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფის გამო დაიწყო, რადგან ოქმში წერია, რომ საქმე აღძრულია 166-ე მუხლით, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ბილწსიტყვაობას, ხოლო თუ ჩათვლიდნენ, რომ ირაკლი კობახიძეს ან რომელიმე მაღალჩინოსანს მიაყენა შეურაცხყოფა, მაშინ 173-ე მუხლით უნდა აღძრულიყო.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ მოითხოვს, სასამართლო სხდომები იყოს ღია და იუსტიციის სამინისტროში განცხადება უკვე შეიტანა.

„პროპაგანდისტულად დაწერეს „ტვ იმედის“ და „რუსთავი 2-ის“ “ქარდებზე”, რომ გამოვლინდა ორი სამართალდარღვევა, თორნიკე რაზმაძის და კიდევ ამა და ამ პირის, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კობახიძეს. „რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენესო“ კი არა „რომელმაც“. ჩემს შემთხვევაში ვერ იტყვიან იმიტომ, რომ ოქმი მიჭირავს ხელში. ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრულია 166-ე მუხლით, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ბილწსიტყვაობას. რომ ჩაეთვალათ, რომ ირაკლი კობახიძეს ან რომელიმე მაღალჩინოსანს მივაყენე, მაშინ ეს არის 173-ე მუხლი და ეს კანონი ითვალისწინებს პირდაპირ იმ ადამიანის სახელი და გვარის ჩაწერას ოქმში, რომელსაც, მათი აზრით, შეურაცხყოფა მივაყენე. ასე მანიპულაციურად იმიტომ დაწერეს, რომ პროპაგანდისტებისთვის მიეცათ სათქმელი, ბოლოს ალბათ იტყვიან „უი, ვერ გავარკვიეთ“.

იმ ვიდეოში მე ვაკეთებ პარალელს, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკას ემთხვევა-მეთქი. გინება ვიდეოში არაა, გინება დაწერილია კომენტარში და ვიყენებ მარგარიტა სიმონიანის ციტატას, რომ ერეკლე მეორე მუხლებზე დამდგარი მოვიდაო და მაგის გამო ვაყენებ შეურაცხყოფას. ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს ეხებოდა მარგარიტა სიმონიანს. თავიდან მეგონა, რომ ირაკლი კობახიძეზე ეგონათ-მეთქი, ასეთ სისულელე როგორ გააკეთეს-მეთქი, მაგრამ იურისტებთან კონსულტაცია რომ გავიარე, უბრალოდ გამორიცხულია, არ გამოდის ეგეთი რამ. თანამდებობის პირის შეურაცხყოფა სხვა მუხლია და სახელი და გვარი ეწერებოდა. ეს არის ამათი პროპაგანდისტული საკვები, რასაც საკმაოდ დიდი ხანი არ გამოეხმაურნენ. ბოლოს არჩიეს სიჩუმე. საბოლოო ჯამში ველოდები, რას გადაწყვეტენ“, – განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.