გიგი წერეთელი – ავტოკრატიულ სისტემას ოპონენტებთან წითელი ხაზები აღარ აქვს, ამიტომ ბარამიძის დაპატიმრება მოსალოდნელი იყო – განსაკუთრებული პოლიტიკური სიბოროტე და იურიდიული აბსურდული ბრალდებაა, თითქოს მან საქართველოს „ღალატი“ ჩაიდინა

ავტოკრატიულ სისტემას ოპონენტებთან მიმართებით წითელი ხაზები აღარ აქვს, ამიტომ გია ბარამიძის დაპატიმრება მოსალოდნელი იყო და განსაკუთრებული პოლიტიკური სიბოროტე და იურიდიული აბსურდული ბრალდება – თითქოს მან საქართველოსწინააღმდეგ „ღალატი“ ან „საბოტაჟი“ ჩაიდინა,- ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის, საბოტაჟის მუხლით დაკავებას.

მისი თქმით, “საქართველოს რეპუტაციას და ინტერესებს რეალურად აზიანებს არა გია ბარამიძის სიტყვები, არამედ დღევანდელი მმართველობის არადემოკრატიული, ანტიდასავლური პოლიტიკა”.

“მისი გადაცემაში გაკეთებული განცხადება რომ უსაფუძვლო, გაუაზრებელი და მიუღებელი იყო, ეს არავის დაუმალავს და საზოგადოების შეფასება, თანამოაზრეების ჩათვლით, იყო მკაფიო. ეს გიამ თავადაც აღიარა, დამატებითი განმარტება გააკეთა და ბოდიშიც საჯაროდ მოიხადა. ამ ყველაფრის შემდეგ, მისი დაპატიმრება განცხადებული ბრალდებით, აშკარა პოლიტიკური დევნაა.

გიას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. წლების განმავლობაში ერთ პოლიტიკურ გუნდში ვიყავით, შემდეგ ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო კიდეც, მაგრამ მეგობრობა და ადამიანური ურთიერთობა ყოველთვის შევინარჩუნეთ.

ის მიეკუთვნება პოლიტიკოსების იმ ნაწილს, ვინც ინტრიგებს არადროს ხლართავს და ზურგს უკან არ მოქმედებს ვინმეს წინააღმდეგ. გია არის წესიერი, პირდაპირი და თავისი ქვეყნის ერთგული ადამიანი. ამიტომ განსაკუთრებით უსამართლოა, როდესაც, სწორედ ამ ერთგულებას იყენებენ მის წინააღმდეგ.

საქართველოს რეპუტაციას და ინტერესებს რეალურად აზიანებს არა გია ბარამიძის სიტყვები, არამედ დღევანდელი მმართველობის არადემოკრატიული, ანტიდასავლური პოლიტიკა, სწორედ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული საქართველო, შეიძლება გახდე საფხაზებთან და ოსებთან დაახლოების მყარი საფუძველი.

გიას რუსეთში მისჯილი აქვს პატიმრობა უკრაინის მხარდაჭერისთვის და ოდნავ პატრიოტი ხელისუფლება, არცერთ ასეთ პოლიტიკურ ფიგურას თუ სამოქალაქო აქტივისტს არ შეუქმნიდა პრობლემას, ვისაც ოკუპანტი ციხით ემუქრება. აქ კი საპირისპიროს ვხედავთ.

თორნიკე რაზმაძის დევნის ფაქტიც ამას ადასტურებს, საქართველოს მოძულე კრემლის პროპაგანდისტების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის რომ ემუქრებიან.

სოლიდარობა გიას, მის ოჯახსა დამეგობრებს!

თავისუფლება მას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!”- წერს გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ”.

პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.