კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
დიდად ჰარმონიული და ესთეტური ქალაქები არც არასოდეს გვქონია, მაგრამ ამ ბოლო 25 წელიწადში ჩამოყალიბდა კლასი ადამიანების, რომლებიც აგრესიულად თავს გვახვევენ საკუთარ ესთეტიკას თუ ესთეტიკის არ ქონას. კანონიც და სახელმწიფოც ამ ხალხს უჭერს მხარს.
ცოდოა ყველა ის ადამიანი საქართველოში, ვისაც მაღალი ვიზუალური კულტურა გააჩნია, აქვს განათლება, გემოვნება და პროფესიულად გაწვრთნილი თვალი არქიტექტურაში ან ვიზუალურ ხელოვნებაში. ასეთი ხალხი ყველაზე დაჩაგრულია. დანარჩენი საზოგადოება ისე არ იწვევს თანაგრძნობას როგორც ეს ხალხი, რადგან საზოგადოების ნაწილი შეიძლება ბევრ რამეს ვერ ამჩნევდეს, ხოლო ამ ხალხს ამ რეალობაში უწევს ცხოვრება.
ქართული ქალაქების ვიზუალირი დაბინძურება კი არა და უფრო ზუსტად გარემოს ვიზუალური ვანდალიზაცია — გამოხატული არქიტექტურის, ლანდშაფტის, ქუჩის, ისტორიული გარემოს, ქალაქისა და საერთოდ მთელი ქვეყნის გაუპატიურებაში, ნებისმიერ ადამიანზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, მაგრამ ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ მდგომარეობის მაინც ვიზუალური განათლების მქონე ხალხია.
ქაჯები არასოდეს გვაკლდა არც პოლიტიკაში, არც ბიზნესში და გნებავთ არც კულტურის სფეროში. მაგრამ, ფოლკლორული ყოფიდან აღმოცენებული ქაჯების ეს კლასი, რომელსაც ხელში ჩაუვარდა ფული, საამშენებლო ტექნიკა, ადმინისტრაციული ძალაუდლება და საკუთარი უკულტურობის და უგემოვნობის სხვებისთვის თავს მოხვევის შესაძლებლობა მაინც განსაკუთრებული კატასტროფა შეიქნა საქართველოსთვის.
რადგანაც უგემოვნობამ, გაუნათლებლობამ და უკულტურობამ შეიძინა ძალაუფლება და მიეცა საშუალება საკუთარი თავი გამოაცხადოს ნორმად, საკუთარი ხედვებით გარდაქმნას ქალაქი და მთლიანად ქვეყანა და აიძულოს საზოგადოება იცხოვროს ასეთ გარემოში.
ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია.

ასევე დაგაინტერესებთ