დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

პოლიტიკოსი, დავით მიროტაძე:

წინა პოსტში ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება.
ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ.
საქართველოში 3 617 სოფელია.
2024 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, 200 სოფელში მუდმივი მოსახლე საერთოდ აღარ ფიქსირდება.
კიდევ 278 სოფელში 10 ან ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.
მათ შორის:
40 სოფელში — მხოლოდ 1 ადამიანი;
42 სოფელში — 2;
31 სოფელში — 3;
29 სოფელში — 4;
32 სოფელში — 5…
ეს მხოლოდ „სოფლის მოსახლეობის შემცირება“ არ არის, ეს სოფლების დაცლის პროცესია და პროცესი მხოლოდ სოფლებში არ მთავრდება.
2014–2024 წლებში საქართველოს ქალაქების მოსახლეობა 15.7%-ით გაიზარდა, სოფლის მოსახლეობა კი 7.4%-ით შემცირდა.
ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები სოფლიდან ქალაქში გადავიდნენ, მაგრამ ეს სურათი გაცილებით რთულია და ამაზე ცალკე აუცილებლად ვისაუბრებ, რადგან დემოგრაფიული პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღეს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია ისიც, სად ცხოვრობენ ისინი, რამდენი ბავშვი იბადება და რა ხდება რეგიონებში.
2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა, ხოლო 44 319 ადამიანი გარდაიცვალა.
ანუ მხოლოდ ერთ წელიწადში ბუნებრივი კლება 6 452 ადამიანი იყო.
სოფლის დაცლა კი დაახლოებით ასე გამოიყურება, ჯერ მიდიან ახალგაზრდები, შემდეგ მცირდება ახალგაზრდა ოჯახების რაოდენობა, შემდეგ იბადება ნაკლები ბავშვი, შემდეგ სკოლაში აღარ შედის პირველი კლასი, შემდეგ მცირდება მაღაზიის, ტრანსპორტის, სამედიცინო და სხვა მომსახურების საჭიროება, შემდეგ ეს მომსახურებებიც ქრება და ბოლოს სოფელი შეიძლება რუკაზე ისევ არსებობდეს, მაგრამ ცოცხალი საზოგადოება ნელ-ნელა გაქრეს.
ამიტომ 188 სკოლა მხოლოდ განათლების პრობლემას არ გვიჩვენებს. ის გვიჩვენებს, რა ხდება იმ ადგილებში, სადაც ახალი თაობა აღარ მოდის და ეს უკვე მთელი ქვეყნის საკითხია.
კითხვა აღარ არის მხოლოდ — რამდენი სოფელი დაგვეცლება. კითხვაა:
როგორი საქართველო დაგვრჩება 20–30 წლის შემდეგ, თუ ეს პროცესი გაგრძელდა?
დემოგრაფია უბრალოდ სტატისტიკა არ არის, დემოგრაფია ქვეყნის მომავლის ანგარიშია და ეს ანგარიში სერიოზულ გაფრთხილებას გვაძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო