პაპუაშვილი: ბუბა კიკაბიძე პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი გახლდათ, მაგრამ, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი…

ზოგადად ვისურვებდი, რომ ჩვენს საზოგადოებაში იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ – ადამიანებს, რომლებსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის მიმართ, რა თქმა უნდა, სათანადო მოპყრობა სჭირდებათ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიასა და კრიტიკას, რომელიც „უცნობის“ მიერ სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი ვიდეოს გამოქვეყნებას მოჰყვა მომღერალ ნანი ბრეგვაძის მონაწილეობით.

„ადამიანებს, რომლებსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის მიმართ, რა თქმა უნდა, სათანადო მოპყრობა სჭირდებათ. წინა მოწვევის პარლამენტში ბუბა კიკაბიძე პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი გახლდათ, მაგრამ, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი, რომელიც ჩვენ ბუბა კიკაბიძის მიმართ გვქონოდა კრიტიკული. ჩვენი დამოკიდებულებაა ნათელი და ბუბა კიკაბიძის მაგალითზე ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ერთი წუთი დაფიქრდით და წარმოიდგინეთ პირიქით მდგომარეობა, რომ ჩვენს ადგილას ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო მყოფი ე.წ. პროევროპული ჯგუფები, რა დღეში ჩააგდებდნენ თუნდაც მაშინ ბუბა კიკაბიძეს. გაიხსენეთ, რას კადრულობდნენ და კადრულობენ სპორტსმენების მიმართ, რომლებიც მათთვის არასასურველ პოზიციას გამოახატავენ. რას კადრულობენ კულტურის მოღვაწეების მიმართ. მთავარი ნიშა, რაც ე.წ. პროევროპულმა ძალებმა დაიკავეს, არის ავტორიტეტების ნგრევა, რომ არავის არ ჰქონდეს ავტორიტეტი, რომ შემდეგ რასა იუკნევიჩიანეს ჰქონდეს ავტორიტეტი ამ ქვეყანაში. ეს იყო ნოდარ დუმბაძეზე თავდასხმა. ამის საპირისპირო არის „ქართული ოცნება“ და ამის საპირისპიროს ამტკიცებს „ქართული ოცნება“ მთელი მისი არსებობის განმავლობაში. გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში,- რომ ჩვენ მოგეპყრობით არა ისე, როგორც იმსახურებთ, არამედ როგორც იმსახურებს ქართველი ხალხი. ჩვენი დამოკიდებულება ყველას მიმართ არის ის, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა პატივს ვცემთ ჩვენს საზოგადოებას. თუ ვინმე თავს თვლის ჩვენს მხარდამჭერად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი დამოკიდებულება უნდა გაიაზროს და ჩვენი დამოკიდებულების შესაბამისად იმოქმედოს“.- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გიგა გაჩეჩილაძემ(„უცნობი“) სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი ვიდეო მომღერალ ნანი ბრეგვაძის მონაწილეობით, რომელიც სიმღერას რუსულ ენაზე ასრულებს. ვიდეოში, სახელწოდებით „ნანი ოფენ ეარზე 2027“ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტთან და ასევე მსმენელთა შორის არიან ლაშა ბუღაძე, ნიკა მემანიშვილი, ქეთი დევდარიანი, ნინია კაკაბაძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია ნანუკა ჟორჟოლიანი და სამოქალაქო აქტივისტები.