მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2011–2013 წლებში:
ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ დაიწყო მისი ძალიან აქტიური გაპიარება მედიაში. მიზეზით თუ უმიზეზოდ ვხედავთ მის ფოტოებს და ვკითხულობთ გამონათქვამებს. არც ტელევიზია აკლებს ყურადღებას.
ალბათ საპატრიარქოს პიარმესვეურები თვლიან, რომ ასეთი ხშირი გამოჩენით შიო III-ის პოპულარობა და ავტორიტეტი მალე გაუტოლდება ილია II-ისას. არ ითვალისწინებენ იმას, რომ ილია II-ის იმიჯი ყალიბდებოდა ათწლეულების განმავლობაში და მიუხედავად მის მიმართ დამოკიდებულებისა, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაში, მისი აქტიური მოღვაწეობა მინიმუმ პატივისცემას იმსახურებდა და ცხოვრების ბოლოს კი მოხუცისადმი ემპათიაც დაემატა.
შიოს შემთხვევაში მისი იმიჯის ჩამოყალიბების პროცესის ხელოვნური დაჩქარება უკუეფექტს მოიტანს. მას არ გაუკეთებია ჯერ არაფერი, არც კარგი და არც ცუდი, რომ საზოგადოებაში მასზე რამენაირი შთაბეჭდილება ჩამოყალიბდეს.
ამ ბოლო ხანებში კი მისი გამონათქვამები საზოგადოებაში ხშირად გაოცებას და მიუღებლობასაც კი იწვევენ. არ ვიცი ეს მისი პიარჯგუფის გამოუცდელობით ხდება თუ წინასწარ განზრახვასთან გვაქვს საქმე. შიო III-ს ტექსტების ასეთი არასასურველი ფორმით გარჩევა უდავოდ შეასუსტებს მის, როგორც პატრიარქის ფიგურას, ხოლო ეს შემდეგ მთლიანად ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუციაზე უარყოფითად იმოქმედებს. მგონია, აჯობებს შიოს ყოველი ქადაგება ძალიან დაწვრილებით გადაამოწმოს პიარ ჯგუფმა და საზოგადოდ ცოტა ნაკლებად იაქტიურონ მედიაში, რომ მობეზრების ეფექტი არ ჩაირთოს.
P.S. მე დავსვამდი ასეთ კითხვას. ვის ინტერესებშია საქართველოს ეკლესიის პატრიარქის, როგორც პოლიტიკური ფიგურის დასუსტება? ამაზე თავად შიომ უნდა იფიქროს.

