მამუკა გამყრელიძე: ჰქონდა თუ არა აშშ-ს ეჭვი (ან უარესი, იცოდა თუ არა), რომ საქართველოში რუსეთის გავლენა დაბრუნდებოდა?

მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2011–2013 წლებში:

ორიოდე დღის წინ დავწერე NVIDIA-ს ტექნოლოგიით ხელოვნური ინტელექტის დატა ცენტრის გახსნაზე. საბოლოო ინვესტიცია 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. გარდა ამისა, აშშ-მ სომხეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით აშშ სომხეთს გადასცემს მცირე მოდულურ ატომურ რეაქტორებს რითიც სომხეთის ენერგეტიკაში აშშ-ს ინვესტირება მიაღწევს 9 მილიარდ დოლარს.

ლოგისტიკური პროექტის TRIPP-ის შესახებ ყველამ იცით. მასშიც აშშ გახლავთ ჩართული. ამ ეტაპზე მისი ინვესტიცია 402 მილიონი დოლარია თუმცა საბოლოო თანხა ბევრად გაიზრდება. ამრიგად, აშშ სომხეთში, ეკონომიკის კრიტიკულად მნიშვნელოვან სეგმენტებში, (ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მაღალი ტექნოლოგიები) ინვესტიციების სახით დებს მინიმუმ 11 მილიარდ 400 მილიონ დოლარს და სავარაუდოდ ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება. ინვესტიციები, ნებისმიერი ქვეყნისთვის გახლავთ უსაფრთხოების გარანტია. მითუმეტეს თუ ეს ინვესტიციები აშშ-ს კომპანიებს ეკუთვნის.

ახლა მითხარით რამდენი ინვესტიცია განახორციელა აშშ-მ საქართველოში? ის 5 მილიარდი რაზეც ხშირად საუბრობენ გახლდათ პენტაგონის და სახდეპის თანხები, რომლებიც მოხმარდა საქართველოს ჯარის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ეს არ იყო ინვესტიცია, არამედ ამ ორი უწყების ხარჯები. დახარჯეს და ჩამოწერეს. ერთადერთი ინვესტიცია, რომელიც უნდა განხორციელებულიყო გახლდათ ანაკლიის პორტი. როგორც იცით ეს პროექტი ჩაიშალა. აშშ-ს ინვესტიციები საქართველოში, გარდა წვრილი კერძო ინვესტირებისა არის ნულის ტოლი. შესაბამისად არც უსაფრთხოების გარანტიები არსებობს. აქ ჩნდება კითხვები, რატომ არ მოხდა ინვესტირება “იმ 9 წლის” განმავლობაში? რამდენად იყო აშშ დარწმუნებული საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სტაბილურობაში? ჰქონდა თუ არა აშშ-ს ეჭვი (ან უარესი, იცოდა თუ არა), რომ საქართველოში რუსეთის გავლენა დაბრუნდებოდა?

ასევე დაგაინტერესებთ