ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ევროკავშირის ჟან მონეს მოდულის მფლობელი ლექტორი ნინო ლაპიაშვილი:
თსუ-ში ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილების შემდეგ სოციალურ ქსელებში ორი ტიპის ტროლ-ბოტური ნარატივი გააქტიურდა.
პირველი – „წავიდნენ და რამე პრაქტიკული ისწავლონ“ ტიპის სიბრძნე.
კი, ბატონო. ქვითხუროობა და კირითხუროობაც ძალიან კარგი და საჭირო საქმეა. მაგრამ ევროკავშირის – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და რეგულირებული ბაზრის ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმების, მისი ეკონომიკური სამართლისა და იმ სამართლებრივი ვალდებულებების ცოდნაც, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან დაახლოების პროცესში იღებს, სხვათა შორის, ძალიან პრაქტიკული რამ
არის.
მით უმეტეს, როცა საქართველოს ეკონომიკური და სამართლებრივი სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ეფუძნება უოვე წლებია, გაგიკვირდებათ და, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
ამიტომ “ პრაქტიკულობის“
თვითგამოცხადებულ ექსპერტებს ერთი მოკრძალებული რჩევა: სანამ რომელიმე სფეროს გამოუსადეგრად გამოაცხადებთ, ჯერ გაერკვიეთ, რაზე საუბრობთ.
ყველა სფეროში ექიმბაშობა აუცილებელი ნამდვილად არ არის.
მეორე – პროცედურული ომის ნარატივი: ვადები, სამართლებრივი ტექნიკები, პასუხისმგებლობის თსუ-სთვის გადაბარების მცდელობა და ა.შ.
აქაც ძალიან მარტივია:
თსუ-ს შეეშვით!
აკრედიტაციის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით ორი კვირაა დარჩენილი. ხელშეკრულებების გაფორმებამდე – დაახლოებით თვენახევარი. როგორც გავარკვიე, აბიტურიენტებს თვის ბოლომდე აქვთ არჩევანის შეცვლა-დაზუსტების ვადა.
თუ არსებობს პოლიტიკური ნება, ამ გადაწყვეტილების გამოსწორებისთვის დრო ჯერ კიდევ საკმარისზე მეტია. ამისთვის არც თსუ-ს ადმინისტრაციისთვის პასუხისმგებლობის გადაბრალებაა საჭირო და არც პროცედურული ლაბირინთების გამოგონება.
საჭიროა პოლიტიკური ნება და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. ამიტომ, თუ ვინმეს მართლა უნდა საკითხის გამოსწორება, გამოსავალი არსებობს.
ხოლო, თუ ვინმეს უბრალოდ პასუხისმგებლობის გადაბრალება სურს, ეს უკვე სხვა ამბავია. თუმცა, აღარც ეგ “ტრიუკი” მუშაობს.




