ციხეში აკრძალულები – ლაშა ბუღაძის რომანი, სხვა წიგნები, მაისური და ბლოკნოტიც კი

მაშ, რის საფუძველზე და ვინ გადაწყვიტა, რომ „დამკვირვებელი“ ციხეში არ უნდა მოხვდეს?“საინტერესოა, ეს უშუალოდ ბადრაგის შეფასება იყო თუ უკვე რაიმე სია არსებობს აკრძალული ავტორების და წიგნების?” – იკითხა თავად რომანის ავტორმა, ლაშა ბუღაძემ ფეისბუკზე. ის ხედავს პოლიტიკურ ცენზურას, რომელიც მის ლიტერატურულ ტექსტს შეეხო.ლაშა ბუღაძე პირველი ქართველი ავტორია, რომლის მხატვრული ტექსტიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შევიდა, თუმცა არაერთი ისეთი შემთხვევაა, როცა ციხის თანამშრომლები, ზემდგომებთან კონსულტაციის შემდგომ, სხვადასხვა სახის ლიტერატურის პატიმრებისთვის გადაცემაზე უარს ამბობენ.“რას ნიშნავს „პოლიტიკურია“, როცა მხატვრულ ტექსტზე ვლაპარაკობთ? გამოდის, ვიღაც აფასებს ამ ტექსტს ისე, რომ გაჩნდეს საფუძველი – არ წაიკითხოს ის ადამიანმა. ამას ემატება კონტექსტი – ავტორი, რომელიც არის პროტესტის მონაწილე. სწორედ ესაა მათთვის რეალური პრობლემა თორემ პოლიტიკური ტექსტი, შესაძლოა, იყოს ოთარ ჭილაძის “აველუმიც” და ოთარ ჩხეიძის “ბორიაყიც”…ცხადია, რომ ეს არის მკაფიო პოლიტიკური ცენზურა, რაც ჩვენამდე გაიარა რუსეთმა, როცა ბიკოვის, სოროკინის, აკუნინის წიგნები აკრძალა და სახიფათოდ ჩათვალა და რაც უკვე შეეხო თანამედროვე ქართველ ავტორს”, – გვითხრა ლაშა ბუღაძემ.
„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული ნანა სანდერისთვის გადასაცემად რომანი “დამკვირვებელი”, რუსთავის #5 ქალთა დაწესებულებაში, აგვისტოს დასაწყისში მიიტანა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი რომელაშვილმა. ის წელიწად-ნახევარზე მეტია, პატიმრებს, ამანათებს, მათ შორის, წიგნებსაც უგზავნის ხოლმე და ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა წიგნი „დაიწუნეს“.როგორც წესი, ციხის ადმინისტრაცია, წიგნების შემოწმებაზე უფრო მეტ დრო ხარჯავს, ვიდრე საკვებსა და ტანსაცმელზე – წიგნი ცალკე გააქვთ და ნებართვასაც მეტად აყოვნებენ.“ხანდახან ორი-სამი საათიც დავლოდებივართ”, – იხსენებს გიორგი რომელაშვილი. თუმცა ამჯერად, ციხის თანამშრომელი ლაშა ბუღაძის რომანით ხელში, ხუთ წუთში დაბრუნდა უკან – უარით.“მითხრა, წიგნი უსაფრთხოების სამსახურის გამო “დაიბრაკა”, რადგან ის პოლიტიკური ან მსგავსი შინაარსის ინფორმაციას შეიცავსო”,- გვიყვება გიორგი რომელაშვილი, – “არ ვიცი ეგ ვინ და როგორ როგორ შეაფასა, ანოტაციის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტეს თუ დაგუგლეს, თუმცა ასე სწრაფად პასუხი არასოდეს გაუციათ… იქვე კი ვთქვი ხმამაღლა, ალბათ, ლაშასაც უნდა ვუთხრათ, რომ ციხეში აკრძალეს-მეთქი”.
გიორგი რომელაშვილი
რა წერია “დამკვირვებლის” უკანა ყდაზე, ანოტაციაში ანუ რას წაიკითხავდნენ ციხეში, თუ მხოლოდ ამ შინაარსის მიხედვით მიიღეს გადაწყვეტილება? ციტატა: “დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მმართველობამ, ამ ქვეყნისგან მხოლოდ აჩრდილი, ზონებად დანაწევრებული და იდიოტებით დასახლებული ტერიტორია დატოვა. უცვლელობის, მიწისქვეშ მალვის და სიყალბის ოცდაოთხმა წელიწადმა ქართველებს – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – მომავლის შეგრძნება დაუკარგა.თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში, მოულოდნელად, არჩევნების არჩევნები ინიშნება – ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა არჩევნები იმართებოდეს”…გიორგი რომელაშვილის გამოცდილებით, საპატიმროში უარს ამბობენ ხოლმე უცხოენოვანი წიგნების მიღებაზე. როცა 2024 წლის აქციების დროს დაკავებულმა ანასტასია ზიმოვკინამ ჩინურად მოსაუბრე სხვა პატიმარი ქალისთვის წიგნების შეგზავნა ითხოვა – სამოქალაქო აქტივისტებმა იშოვეს ჩინურად ნათარგმნი ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი”, თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ წიგნის მიღებაზე უარი თქვა, ჩინურის თარჯიმანი არ გვყავსო.
გლდანის ციხეში კარგა ხანს ბჭობდნენ შეეგზავნათ თუ არა აქციების დროს დაკავებულებისათვის ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირაღები”.ბოლოდ საბადრაგო სამსახურმა გიორგი რომელაშვილს ასეთი პასუხი გასცა: “თეთრია, შავი ხომ არა, შევაგზავნოთო”. ასე მოხვდა ნოდარ დუმბაძის ეს წიგნი ციხეში.როდესაც თავად გიორგი რომელაშვილი იჯდა წინასწარი დაკავების იზოლატორში, მასთან ზაირა არსენიშვილის რომანის, “ვა სოფელოს” შეგზავნას რომ ცდილობდნენ, დაბრკოლება რომ შეხვდათ, ბადრაგს უთხრეს, ეს წიგნი “ვეფხისტყაოსნის” გაშინაარსებული ვერსიააო (წიგნის ყველა თავი “ვეფხისტყაოსნიდან ციტატით იწყება) და წიგნი დაუშვეს.დაახლოებით იგივე მოხდა წინასწარი დაკავების იზოლატორში “ანა ფრანკის დღიურის” შეგზავნისას – ერთ-ერთმა აქტივისტმა ბადრაგს უთხრა, რომ ეს სასიყვარულო რომანი იყო და შეატანინეს.“რომ ეთქვათ, სინამდვილეში წიგნი რაზე იყო, უარს ეტყოდნენ, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის წიგნი “იბრაკება”. თუმცა, ლაშა აღმოჩნდა პირველი ქართველი ავტორი, ვინც დაბლოკეს”, – უთხრა გიორგი რომელაშვილმა რადიო თავისუფლებას.ციხის ადმინისტრაციისგან მან იცის, რომ საპატიმროში შესაგზავნი წიგნი არ უნდა იყოს სქელყდიანი, გამონაკლისი „ბიბლიაა“. არ უნდა იყოს ბრძოლასა და ომზე. ცეცხლი და მსგავსი რამ არ უნდა ეხატოს. არ უნდა იყოს, მაგალითად, რომელიმე საბრძოლო ხელოვნების, მაგალითად, კარატეს შემსწავლელი სახელმძღვანელო…თუ ციხეში ლაშა ბუღაძის “დამკვირვებელი” გადაშალეს კიდეც, იქ, შესაძლოა, ეს ნაწყვეტიც მოხვედროდათ თვალში, არჩევნების არჩევნების დღის ასეთი დასასრულის: “საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ხმის მიცემის დრო ამოიწურა… ყუთი არ დაულუქავთ, იქვე გადმოაბრუნეს და კონვერტები ძირს გადმოყარეს…სულ რამდენი ადამიანი მოსულა? აღმოჩნდა, რომ 84. არადა, რვაზე მეტი არ დამითვლია. ტუალეტში ჩემი გასვლისას თუ შემოყარეს სხვები… იქვე გადათვალეს. ამ კაცმა, მთავარმა, კონვერტიდან ამოღებული ფურცელი ორი ხელით ასწია მაღლა და ხრიალით გამოაცხადა: “არა”. 84 არა აღმოჩნდა. ბოლოს თქვა: – სულ 84 ხმა, აბსოლუტური უმრავლესობით არა. მერე ლეკური იცეკვეს, კართან მდგომმა ქალმა ხელები გაშალა და ოთახს დაუარა.. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ქვეყნის ნარჩენის მასშტაბით ყველა უბნის მონაცემები გამოცხადდა. სწრაფად, ახსნა-განმარტების გარეშე. პასუხი ყველგან ერთი იყო: არა. 98%-მა უარი თქვა არჩევნების ჩატარებაზე”.ადვოკატი გოგა ბოგვერაძე, რომელიც სასამართლოში ნანა სანდერს იცავდა, გვეუბნება, რომ კანონით დადგენილი წესებით, ციხეში არ შეიძლება სქელყდიანი წიგნების, ასევე მინაწერებიანი წიგნების შეტანა. ასევე, ისეთი შინაარსის წიგნების შეტანა, რომელიც საფრთხეს უქმნის ან თავად პატიმრის ჯანმრთელობას ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას – კონკრეტული წიგნების სია, რომელთა შეტანა საპატიმროში აკრძალულია, არ არსებობს და ეს, მითუმეტეს არ ეხება მხატვრულ ლიტერატურას.“თუ რომელიმე მხატვრულ ნაწარმოების შეგზავნაზე მისი შინაარსს გამო ამბობენ უარს, მაშინ ეს უნდა დაასაბუთონ. თუ ლაშა ბუღაძის წიგნზე მსგავსი დასაბუთება არ არსებობს, მაშინ ეს მიკერძოებული გადაწყვეტილებაა, რომელიც მისი კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის გამო მიიღეს და ეს კი უკვე ცენზურაა”.კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი, რომელსაც რუსთავის ქალთა დაწესებულებაში მსგავსი რამ გადახდა, ნინო დათაშვილია – მარია რესას გახმაურებული წიგნის, “როგორ დავამარცხოთ დიქტატორის” მთარგმნელმა, ხატია დეკანოიძემ მას ციხეში ეს წიგნი გაუგზავნა სამახსოვრო წარწერით:“ძალიან იშვიათად შევხვედრივარ შენნაირ მამაც ადამიანს. არ მავიწყდება, მიტინგზე რომ გაგიცანი და მას შემდეგ სულ იბრძვი. მინდა იყო ჩვენთვის ყველასთვის სამაგალითო და მალე ჩვენთან ერთად”…წიგნი კი დაიტოვეს, თუმცა ნინოს მეუღლეს ეს ფურცელი ამოახევინეს.
უარი უთხრეს ცარიელი ბლოკნოტის დატოვებაზე, რომელსაც ყდაზე ქართულთან ერთად ინგლისური წარწერაც ახლდა -“ფემინისტური ფორუმი”’“რა ვიცით, აქ რა წერიაო”.
ცარიელი ბლოკნოტი, რომლის ნინო დათაშვილისთვის გადაცემაზე ციხეში უარი განაცხადეს
ასევე დაბლოკეს ინგლისური ენის სახელმძღვანელო, სადაც ნინოს ფანქრით ჰქონდა სავარჯიშოების ნაწილი გაკეთებული. ხოლო ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილების კრებულის სარჩევზე, მოსწავლეებისთვის მონიშნული წერტილები, საგანგებოდ ამოფხიკეს.
წერტილებით მონიშნული ადგილები ამოშლილია
უარი თქვეს ნინო დათაშვილისთვის წარწერიანი მაისურების შეგზავნაზეც.„მე რამდენადაც ვიცი, ქალთა ციხეში აბსოლუტურად ყველაფერზე ნესტანს (ნესტან ვერულაშვილი, #5 ციხის დირექტორი -რ.თ.) ურეკავენ შესათანხმებლად. ალბათ, ლაშას წიგნის შემთხვევაშიც ასე მოხდა“,- ვარაუდობს ნინო დათაშვილი.ბოლო პერიოდში არც ტიმოთი გარტონ ეშის წიგნს გაუმართლა “პოლონეთის რევოლუცია – სოლიდარობა” – უკან დაუბრუნეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი კვირით დაპატიმრებული ჟურნალისტის, ვახო სანაიას მეუღლეს, თამუნა ყურაშვილს.“ბადრაგმა დახედა და მითხრა, გავალ, აბა, უფროსს ვკითხავო და რომ დაბრუნდა, ეს წიგნი უკან მომაწოდა, ეს არ შეიძლებაო. მიზეზი ვიკითხე და, ასე თქვესო”, – უყვება თამუნა ყურაშვილი რადიო თავისუფლებას.
რას ამბობს კანონი?საქართველოს პენიტენციური კოდექსით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება, თავისი სახსრებით გამოიწეროს ან მიიღოს მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და რელიგიური გამოცემები – გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა.ამავე კოდექსით, დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია შეზღუდოს ან ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ისეთი ნივთები ან ბეჭდური მასალები, რომლებიც „საფრთხეს უქმნის დაწესებულების უსაფრთხოებას, წესრიგს, სხვა პირთა უფლებებს ან ხელს უშლის რესოციალიზაციის პროცესს“.საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №465 ბრძანებით კი მკაცრად იკრძალება ისეთი ბეჭდური გამოცემების, წიგნებისა და ჟურნალების შეტანა და შენახვა, რომლებიც შეიცავენ:სასტიკი ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პროპაგანდას;კრიმინალური სუბკულტურის, „ქურდული სამყაროს“ წესებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას;პორნოგრაფიული ან აშკარად ეროტიკული ხასიათის მასალებს;რასობრივი, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელ მოწოდებებს;ინსტრუქციებს იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა თუ ნარკოტიკული საშუალებების დამზადების შესახებ.რაც შეეხება შინაარსობრივ შემოწმებას: სოციალური სამსახური ეცნობა წიგნის ანოტაციას და შინაარსს და თუ მასში კანონსაწინააღმდეგო ან დესტრუქციული ტექსტს აღმოაჩენს, „წიგნი კონფისკაციას ექვემდებარება“.
აკრძალული ნივთების სია ცალკეული სასჯელაღსრულების დაწესებულებების მიხედვით ოდნავ განსხვავებულია, თუმცა ციხეში აკრძალული კონკრეტული წიგნების ან ავტორების სია არ არსებობს.მსგავსი შინაარსის (ექსტრემისტული, ნაცისტური ან ტერორისტული შინაარსის მანიფესტები, პორნოგრაფია და ძალადობის წახალისება. ძალადობა, იარაღის/ასაფეთქებლების დამზადების ინსტრუქციები, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური შუღლის გაღვივება) ლიტერატურა აშშ-სა და ევროპის ციხეებშიც იკრძალება.რადგან ლაშა ბუღაძის რომანი ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ შინაარსს არ შეიცავს, რა შეიძლება გამხდარიყო ციხეში მისი შეტანაზე უარის მიზეზი?იურისტი ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ უარის სამართლებრივ საფუძვლად, სავარაუდოდ, გამოიყენეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის ბრძანება №1166. №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ, რომლის დანართშიც ჩამოთვლილია აკრძალული და დაშვებული ნივთების სიაც და იქ მხოლოდ წერია, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, „გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას“.ეს სამართლებრივი საფუძველი კი, როგორც ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, არ არის საკმარისი თუნდაც პოლიტიკური შინაარსის მხატვრული ნაწარმოების ასაკრძალად და ეს, მისი შეფასებით, არის არაკანონიერი, არაკონსტიტუციური პრაქტიკა, რაც ცალსახად ნიშნავს პოლიტიკურ ცენზურას.რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროშიც და მის დაქვემდებარებულ უწყებაში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურშიც იკითხა, რატომ არ მივიდა რომანი “დამკვირვებელი” ადრესატამდე, რა ნიშნით ჩაითვალა ეს მხატვრული ტექსტი პოლიტიკურად და ვინ მიიღო მის შეგზავნაზე უარის გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)