ვახტანგ კალოიანი: ეს ტყუილია. არცერთ ექიმს, რომელიც იქ რუსეთის ინტერვენციის დროს იყო ფრონტის ხაზზე, როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ისე ცალკეულ სამედიცინო ბატალიონში, არ მიუტოვებია პაციენტები

ქართულ ტელემედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აგვისტოს ომის დროს მედიკოსებმა მიატოვეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი. განცხადების ავტორი ამბობს, რომ ეს 10 აგვისტოს საღამოს მოხდა და ფაქტი ეთერში შეგნებულად არ გაუშვა, რათა ქალაქის დაცლა და ჯარში პანიკის გავრცელება თავიდან აეცილებინა; „არ ვთქვი მაშინ ეთერში, არ ვთქვი ერთი ფაქტი, რომელიც მე, რა თქმა უნდა, როგორც ფაქტი ვიცოდი, როდესაც პანიკის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაიკრიფა პერსონალი თავისი ტექნიკით და დატოვეს დაჭრილები და მძიმედ დაჭრილები მათ შორის”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომენტარი ექიმ ვახტანგ კალოიანს ვთხოვეთ:

„ეს ტყუილია. არცერთ ექიმს, რომელიც იქ რუსეთის ინტერვენციის დროს იყო ფრონტის ხაზზე, როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ისე ცალკეულ სამედიცინო ბატალიონში, არ მიუტოვებია პაციენტები. და ეს არის უსინდისო ცილისწამება, თითქოს კოლეგებმა მიატოვეს პაციენტები, წაიღეს აპარატურა და გაიქცნენ, და გამოიქცნენ თბილისში. მოკლედ, მარტივად, ეს არის სიცრუე. მინიმუმ იმის მაჩვენებელია ეს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით სრულს და ზუსტს – ეს ერთი. და მეორე: უბრალოდ თავს უფლებას აძლევს დაკავდეს ჭორების განხილვით და ჭორების გავრცელებით. უპასუხისმგებლო არაპროფესიონალიზმია საუკეთესო შემთხვევაში… და დანარჩენი უკვე საინტერესოა, როგორ გაგრძელდა ამ ადამიანის კარიერა, სად არის დღეს, სად მუშაობს, რა, ასე ვთქვათ, თანამდებობაზეა და ეს ალბათ ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.“

აგვისტოს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, რუსი ოკუპანტების სამხედრო ინტერვენციას საქართველოს მხრიდან 412 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ