„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
ამჟამად უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან – პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, დავით ღვინჯილია.
როგორც გამოკითხვამდე აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, ანზორ მარგიანმა განაცხადა, გიორგი ბარამიძის განცხადება სიცრუეა. მისი თქმით, შესაძლოა პოლიტიკოსს ამ განცხადების გაკეთების დავალება ჰქონდა მიღებული, ან არეულობა სჭირდებოდა.
„რა თქმა უნდა, იცრუა. 120 კაცზე მეტი გვყავს გამოყვანილი და როგორ დახვრიტე, როგორ გამოვიყვანეთ ტყვეები, თუ ტყვეები არ გვეყოლებოდა, ვინ მოგვცემდა? ბარამიძეს რა შეხება ჰქონდა ომთან?
გია ბარამიძე, რომელი ტყვის გამცვლელი იყო? მაგას არ უომია. ჩამოდიოდა ოჩამჩირეში, მე ვიყავი გარნიზონის კომენდანტი, ბრიგადის მეთაურის მოადგილე და როცა ჩამოვიდა მოითხოვა „კასკა“, [მეტსახელად] „კასკა“ ჰქონდა და დადიოდა, სურათებს იღებდა, გამორბოდა თბილისში. მერე ხან სოხუმში ჩადიოდა, ხან ჩვენთან იყო. ტყვეების დახვრეტა მაგან სად ნახა? ჩვენ ტყვეებს არ ვხვრეტდით. მე ერთ ტყვეში 3-4 ქართველი გამომყავდა. როგორ დავხვრეტდით ტყვეებს?
თვითონ აფხაზებმა დახვრიტეს ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბისკირია, მამია ალასანია. ბარამიძე ცრუობდა, ან დავალება ჰქონდა ვიღაცის, ან არეულობა ჭირდებოდა.
ეს განცხადება როგორ არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს? თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ასეთი რამ როგორ უნდა ელაპარაკა, ამას მეორეკლასელი ბავშვი ალბათ არ ილაპარაკებდა.
ალბათ დავალება ჰქონდა ვიღაცისგან, თორემ როგორ შეიძლებოდა ამის თქმა? ტყუილის თქმა, ჯერ ერთი, რომც იყოს სიმართლე, არ უნდა თქვას ამხელა კაცმა, რომელსაც ამხელა თანამდებობები ჰქონდა“,- განაცხადა ანზორ მარგიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.




