მედია: საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელში ეჭვებს გამოთქვამს, რომ ცნობილი ადვოკატი საქმეში, შესაძლოა, “ვიღაცეების დავალებით, საქმის ჩასაფარცხად” ჩაერთო

ნატა ვიბლიანის საქმეში ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის გამოჩენის შემდეგ, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა.
ცნობილი გახდა, რომ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 35 წლის წინ, სვანეთში, 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ჯგუფური ძალადობის საქმეზე ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთის, ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს.
საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელში ეჭვებს გამოთქვამს, რომ ცნობილი ადვოკატი საქმეში, შესაძლოა, “ვიღაცეების დავალებით, საქმის ჩასაფარცხად” ჩაერთო. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ კუბლაშვილი მხოლოდ ერთ ეჭვმიტანილს იცავს (რომელიც, მისი თქმით, არ არის ჯგუფურ ძალადობაში ეჭვმიტანილი), თუმცა, მათი შეფასებით, “ირიბად ის დანარჩენი სავარაუდო მოძალადეების ინტერესების დამცველიც გამოდის, რადგან ჯიმშერ ვიბლიანის გამართლებით, დანარჩენ ეჭვმიტანილებსაც ავტომატურად მოეხსნებათ ბრალი”.
სოციალური ქსელის მომხმარებელი დალი გულედანი-ყარაულაშვილი ამასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
‘მარიამ, რას ემსახურებით? ვის დავალებას ასრულებთ? ამჯერად ნატა ვიბლიანის გასაშავებლად მოგვევლინეთ. არ მჯერა თქვენი გულწრფელობის და თქვენი ადვოკატობის!
ნატა ვიბლიანმა ჯიმშერ ვიბლიანი დამნაშავედ მერე კი არ დაასახელა, არამედ თავიდანვე. მოვლენებს გულდასმითა და დაკვირვებით გაჰყევით! შეიძლება? ქალი! დედა! როგორც თქვენ აცხადებთ, ბავშვზე ძალადობაში ეჭვმიტანილს დაუდგეთ დამცველად?! მაშინ იმ სამმა სავარაუდო მოძალადემ რაღა დააშავა?! ეგებ მათი დაცვაც გეთავათ?
რატომ ერთი და არა ოთხივე? სად არის აქ ძაღლის თავი დამარხული? თუ თვლით, რომ ის სამი შეიძლება იყვნენ სავარაუდო დამნაშავეები, მაშინ ამ ერთ ვიბლიანს რატომ დასწამებდა ცილს ნატა? ესე იგი, სამი შეიძლება იყოს ბავშვზე მოძალადე, ჯიმშერი კი- არა?! რატომ მაინც და მაინც ჯიმშერი?! რაღაც ლოგიკაში ვერ ჯდება!
თქვენი არგუმენტები თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლო ბრალდებებია ცილისწამებაზე! არ შეიძლება ქალი ტყუილად ყვიროდეს, იძალადესო. ამას, როგორც წესი, ქალები მალავენ. ასე რომ, მთელს საქართველოს სჯერა ნატა ვიბლიანის სიმართლის და თქვენ თქვენი ადვოკატობის რეპუტაციას წყალს უყენებთ. რაში გჭირდებათ ეს სიბინძურე? რაც შეეხება იმ შოუს, რაც დადგით ვიბლიანის შვილების ტელეეთერში გამოყვანით, არანაირი ეთიკა ამაში არ არის. ეს არის საზიზღრობა!”- წერს დალი გულედანი-ყარაულაშვილი.
დალი გულედანი-ყარაულაშვილი კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ძალადობაში ეჭვმიტანილების დამცველებს მიმართავს:
“გამოძიება მიმდინარეობს 9-დან 18 წლამდე ასაკის ნატასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და არა იმაზე, როგორ განვითარდა მისი ცხოვრება შემდგომ. გამოძიებას აინტერესებს ნატას არასრულწლოვნების პერიოდის ფაქტები. ის, თუ რას აკეთებდა ნატა მოგვიანებით, გამოძიების საგანი არ არის.
ეს ინფორმაციები საიდან მოიპოვეთ? ესე იგი, ამტკიცებთ, რომ ნატას შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობაში არსებობდა განცხადება ძალადობის შესახებ და ასევე ამტკიცებთ, რომ 14 წლის ასაკში ქალიშვილი იყო. დადეთ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.
მეორე საკითხი – ნატამ ჭუბერი 17 წლის ასაკში დატოვა. მას არ ჰქონდა არც მათემატიკის ცოდნა და ვერც ზუსტ წლებს ასახელებდა. მათემატიკის ელემენტარული ცოდნა ერთ-ერთი თავშესაფრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მისცა. მან დიდი როლი ითამაშა ნატას გამოფხიზლებასა და დათრგუნული ბავშვის გონზე მოყვანაში.
ესე იგი, თქვენ ამტკიცებთ, რომ ნატა მეძავად იქცა და მამაკაცებთან ერთობოდა? კარგი, დავუშვათ, ეს სიმართლეა. ვისი ბრალია? ვინ იყო მისი ცხოვრების არევის ინიციატორი? ვინ დაუნგრია ბავშვობა და მომავალი?
გპასუხობთ: ბავშვზე ძალადობაში ეჭვმიტანილთა ჯგუფმა, რომლებმაც ნამსხვრევებად უქციეს ბავშვობა და ახალგაზრდობა.
ერთი ქართული ფილმი გამახსენდა – გაბრიელი რომ შეხვდება საროსკიპოში თავის ყოფილ რჩეულს, რომელზეც თავადის ვაჟმა იძალადა, და ქალი ამბობს: “მე ის თამრო აღარა ვარო”. ნანახი გაქვთ ეს ძველი ქართული ფილმი? მგონი, გეხსომებათ. “გლახის ნაამბობიდან” არის ეს ფრაზა.
ახლა თქვენ ცდილობთ ნატას ცხოვრების გაშავებას. და ვინ არის ამაში დამნაშავე?
გაიქცაო… აბა რას იზამდა?! უკვე წამოზრდილ ძმებს უკიჟინებდნენ- თქვენი და ცუდი ყოფაქცევისაა და მოკალითო.
გეკითხებით: თუ ნატა აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა, ვინ არის ამაში დამნაშავე? მიპასუხეთ, სასწრაფოდ და არგუმენტირებულად!
იცით, რომ მეძავიც რომ გააუპატიუროს ვინმემ მისი ნების საწინააღმდეგოდ, ესეც გაუპატიურებად ითვლება და იმავე პასუხისმგებლობას იწვევს?
ცხოვრება დაუნგრიეს! სახლ-კარი და მიწები წაართვეს! სოფლიდან ამოძირკვეს! ახლა კი ბრალდებას უყენებთ?!
თქვენნაირმა უსამართლო ადამიანებმა უბიძგეს მას ამისკენ! თქვენნაირმა უსამართლო და გულგრილმა ადამიანებმა გაწირეს მისი მომავალი! დადუმდით! დადუმდით! და კიდევ ერთხელ, დადუმდით!
მოინანიეთ ცოდვები, ვინც ამ ქალის ცხოვრების არევ-დარევაში მიიღეთ მონაწილეობა! შეიძლება მიწიერ სამსჯავროს გადაურჩეთ, მაგრამ უფლის სამსჯავროს სად წაუხვალთ?! ვერსად გაექცევით ზეცას, თქვე ურწმუნოებო,”- წერს დალი გულედანი-ყარაულაშვილი.