ნინო წილოსანი: ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ

მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნება, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ – ყველას მოვუწოდებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ გახდეს ფორმა, რომლითაც დამნაშავე ადამიანებს გაუსწორდებიან, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ყველამ „გავატაროთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ვიღაც თუ ჩვენი მორალური სოციალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს, არც უნდა გაუკვირდეს, რომ ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

წილოსანი აღნიშნავს, რომ „როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, მზად უნდა იყო, რომ ადამიანები საკუთარ ღირსებას დაიცავენ“.

„მე წარმოვადგენ საკანონმდებლო ორგანოს და ჩვენ ვმუშაობთ კანონებზე, მაგრამ კანონის გარდა არსებობს მორალური და ეთიკური სტანდარტები, რომლის დაცვის უფლება ნამდვილად აქვს საზოგადოების წევრებს. ამ წლების განმავლობაში, თითქოს, შეგვაჩვიეს, რომ როდესაც ჩვენს ოჯახებს შეურაცხყოფენ, ჩვენს სიწმინდეებს გადაუვლიან და შებღალავენ, თითქოს, არის ნორმა და ახლა რატომაც გადაწყვიტეს, რომ ეს იუმორის კონკრეტული სახეობაა. რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერზე სერიოზულად ბრაზდება და ის, რაც ახლა დაანონსდა, ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილის ბუნებრივი რეაქცია იყო – არ შეიძლება ჩვენს რწმენაზე, ოჯახებზე, ღირებულებებზე ვიღაც ადამიანებს გარკვეული შეურაცხყოფები „გავუტაროთ“. ჩვენი რწმენა, ოჯახები, გამორჩეული ეროვნული გმირები და საზოგადოებრივი მოღვაწეები არის ჩვენი ღირსება. როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, უნდა იყო მზად, რომ ადამიანები საკუთარ ღირსებას დაიცავენ. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს ფიზიკურ დაცვაში გადავიდეს, მაგრამ როდესაც შენ ამას მიზანმიმართულად აკეთებ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეც არ გამოირიცხება ხოლმე. ყველას მოვუწოდებ, ფიზიკური ანგარიშსწორება არ არის ფორმა, რომელიც მისაღებია, თუმცა ამავდროულად არც ერთი ასეთი მავნებლური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი არ უნდა იყოს უპასუხოდ დარჩენილი.

ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ. არის ის ნორმა და მორალური სტანდარტი, რომელსაც ქართული საზოგადოება საუკუნეებია შევთანხმდით. ვიღაც თუ ამ შეთანხმების და ჩვენი მორალური სოციალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს არც უნდა გაუკვირდეს, რომ მყისიერი რეაგირება მოყვება, თუმცა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს ფორმა. რა თქმა უნდა, მე ვერავისზე ვიქნები პასუხისმგებელი, თუმცა ჩემი მხრიდან ყველას მოვუწოდებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ გახდეს ფორმა, რომლითაც თუნდაც დამნაშავე ადამიანებს გაუსწორდებიან, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ყველამ „გავატაროთ“,“ – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.

ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად