არჩილ გორდულაძე MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის დაფუძნებაზე – კარგია, როცა ადამიანებს აქვთ სურვილი, ხმა აიმაღლონ კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე

კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე – რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „საქართველოში პირთა თავისუფალი გაერთიანება უზრუნველყოფილია“.

„ყველას აქვს უფლება, რომ გაერთიანდეს, საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ამავდროულად, ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში სრულად მოქცეული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში,“ – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.

ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“