შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ამერიკელი პარტნიორებისადმი, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს – ბრიუსელის ხათრით კი …

ჩვენ გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისადმი, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკელ კონგრესმენთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილი განმარტავს, რომ „ბრიუსელს ნაკლებად ადარდებს საქართველოს მომავალი, რის გამოც, ხელისუფლება მათი დღის წესრიგით არ იმოქმედებს“.

„სასაცილოა, როცა ჯო უილსონი ფიქრობს, რომ მისი მოწოდება სჭირდება ტრამპის ადმინისტრაციას, რომ შეისწავლოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმ ქვეყნების გავლენა, რომლებთანაც, ამერიკის შეერთებული შტატები დღეს კონკურენციაშია. ამას რა თქმა უნდა, ადმინისტრაცია აკეთებს და არ სჭირდება არანაირი ჯო უილსონის შეხსენება. ჩვენ გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისადმი, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს. ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ნახეთ, რომ აგერ ეუთო-ში იყო ცოტა ხნის წინ და მისივე დელეგაციის ხელმძღვანელმა კონგრესიდან თვითმფრინავში აღარ ჩაისვა, ისეთი სასწაულები ჩაიდინა ეუთო-ში, დელეგაციის ხელმძღვანელმაც კი “ჩათში”, მიმოწერაში გაკიცხა, გააკრიტიკა ის და უკან თვითმფრინავში აღარ ჩაისვა. ის ასეთი ადამიანია, რა ვქნათ, ჩვენ ზოგადად გვაქვს რჩევა, ყურადღება არ მივაქციოთ, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს.

რაც შეეხება ურთიერთობებს, სხვა ქვეყნები საქართველოსთან მიმართებით რას შეისწავლიან, მათი საქმეა, შეისწავლონ, რაც და როგორც უნდათ. მათ ანალიზში და კვლევა-ძიებაში ვერ ჩავერევით, მათი მთლიანი უფლებაა, ისევე, როგორც ჩვენ ვსწავლობთ, რა ინტერესები აქვთ სხვა ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით“, – დასძინა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი მთავარი ამოცანა: „ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა“.

„რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის გახსნილი ვართ, რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არც ერთი არ იქნება დაშვებული. როგორც კი დავინახავთ, რომ არის მოწოდება ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, მაგალითად როცა რუსეთთან ესკალაციაზე გვიბიძგებს ბრიუსელი, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ბრიუსელის ხათრით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და მათი პოლიტიკურ დღის წესრიგს ნამდვილად ვერ ავყვებით. ბრიუსელს ნაკლებად ადარდებს საქართველოს მომავალი, ამიტომ ჩვენ მათი დღის წესრიგით არ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.