რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოლდოვის ელჩი ლილიან დარი დაიბარეს.
„როიტერი“ წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში მოიყვანა ორი ბოლო შემთხვევა, როდესაც მოლდოვაში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს, მათი თქმით, დაუსაბუთებლად აყოვნებდნენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ან შემთხვევითი დოკუმენტების შემოწმების მიზნით აჩერებდნენ კიშინიოვში გადაადგილებისას.
ერთ-ერთ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ შაბათ-კვირას მოხდა, მოსკოვმა განაცხადა, რომ მოლდოვის პოლიციამ რუსეთის საელჩოს თანამშრომლების მიმართ გამოიყენა ძალა და დაკავებით დაემუქრა.
ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტი მოხდა 20 ივლისის ღამეს, როცა რუსეთის საელჩოს თანამშრომლები მოლდოვიდან რუსეთში ოფიციალური ტვირთის გადასატანად გადადიოდნენ, თუმცა თანამშრომლები საზღვარზე უსაფუძვლოდ ოთხ საათზე მეტხანს დააყოვნეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფაქტი მოლდოვის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასა.




