უმეტეს შემთხვევაში, რუსი ხალხი გამოხატავს იმ პოლიტიკას, რაც არის [მათ] ქვეყანაში. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო უნდა იყოს მათი ყმა. ისინი უნდა იყვნენ ბატონები, ჩამოდიოდნენ გასართობად, ჩვენ უნდა ვიყოთ მომსახურე ერი და ამის გამოხატულება არის ყოველდღიურად, ალბათ ძალიან ბევრგან, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა თელავში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „რუსები საქართველოს უყურებენ როგორც დიდ რესტორანს, სასადილოს, სადაც მუსიკა უკრავს და ვიღაცები ემსახურებიან“.
„ეს ცდება ერთ ინციდენტს, ასე აღიქვა საზოგადოების გონიერმა ნაწილმა ეს ამბავი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. ჩვენი მოქალაქეების ტოლერანტული პოზიციების გამოხატულებაა, რომ ასე არ მწვავდება ბევრჯერ. ამ ყველაფერში რუსეთის პოლიტიკის მთავარი საკვანძო ამბები იგრძნობა, დიდი ქვეყნის შეგრძნება, ყველაფერი. არ მინახავს ამერიკელი და ევროპელი ტურისტი, რომელიც აქ იქცევა იმგვარად, როგორც იქცევიან რუსები. შესაძლებელია, ის ხალხი, რომელიც აქ ჩამოდის, წინასწარი განწყობით ჩამოდის, რომ აქ ცუდად უნდა დახვდნენ და ეს მათი დაცვითი რეაქციაა. უმეტეს შემთხვევაში, რუსი ხალხი გამოხატავს იმ პოლიტიკას, რაც არის ქვეყანაში. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო უნდა იყოს მათი ყმა. ისინი უნდა იყვნენ ბატონები. ჩამოდიოდნენ გასართობად, ჩვენ უნდა ვიყოთ მომსახურე ერი და ამის გამოხატულება არის ყოველდღიურად, ალბათ ძალიან ბევრგან.
ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ რუსეთის დამოკიდებულება, მათი ხელისუფლების, კრემლის, პუტინის დამოკიდებულება არის განსხვავებული. ჩვენ არ გვესმის მუქარები, ჩვენ გვესმის, ხშირ შემთხვევაში, შექება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უპირისპირდება ევროპას, აშშ-ს. შესაბამისად, აღქმა იმისა, რომ მათთან მოთანამშრომლე რეჟიმია, მათ მოსწონთ, აგულიანებთ კიდეც. იციან, რომ მათ ნაკლებად დააჯარიმებენ, რაღაც მოხდება, ისევ ჩვენს თანამოქალაქეს გამტყუნებენ. ამის ბევრი ფაქტია. ეს გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, რომელიც არის. ისინი როგორც დიდ რესტორანს, დიდ სასადილოს, ასე უყურებენ ამ ქვეყანას, სადაც მუსიკა უკრავს და ვიღაცები ემსახურებიან.
ის ხალხი, რომელიც ლიფტში შეგხვდებათ და რუსული აქცენტით „გამარჯობას“ ან „მადლობას“ გეტყვით, ეს ნასწავლი აქვთ. შეიძლება ეს ძალიან უწყინარი ქალბატონი არის ჩვეულებრივად ჯაშუში, ინფორმაციას აგროვებს, ფოტოებს იღებს. სადღაც როცა დასჭირდება, პროვოკაციას მოაწყობს. შეიკრიბებიან რომელიმე მოედანზე და მოითხოვენ უფლებების დაცვას და კანონმდებლობა მხარს უმაგრებთ, რომელიც პუტინმა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად მიიღო. ისე როგორც ანექსიას და ოკუპაციას ახორციელებს, აქვთ თავიანთი სახელმძღვანელო – ჯერ იწყება მომზადება, მერე პასპორტების გაადვილება, მერე აძლევენ ამ პასპორტებს, მერე უკვე თავისი მოქალაქეების დიდ ჯგუფებს ქმნიან და მერე ამათ დაცვაზე უკვე პრეტენზიას აცხადებენ. მე ნაკლებად მჯერა, რომ ეს ხალხი ყველა აღრიცხულია და იციან, ვინ ჩამოდის და რისთვის ჩამოდის“,- განაცხადა წერეთელმა.
გარდა ამისა მან გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელს 23 ივლისს გადასცემს.
„ევროპაში ხშირად მიხდება ყოფნა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე. კარგად ვგრძნობ როგორი „ჩამოლაბორანტებულია“ ჩვენი ქვეყანა ამ ადამიანების ხელში, ვინც დღეს გადაწყვეტილებას იღებს. არავისთვის დასამალი არაა, რა ვითარებაა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. რა რიტორიკაა, როგორი ლანძღვა-გინებაა ევროპის მიმართ. არცერთ ქვეყანას არ დაუმალავს, რომ მინიმიზებული აქვთ ურთიერთობები, პროგრამები შეჩერებულია, ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ სარგებლობს იმ სიკეთეებით, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ.
დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას ახსნის, რომ რამდენიმე თვე ამას სჭირდება, იმას სჭირდება, მაგრამ არაფერი სასიამოვნო მათთვის ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში არაა. ტრამპის წერილთან დაკავშირებით იყო კიდევ დიდი აჟიოტაჟი.
გერმანიას არ გაუწყვეტია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები. სანამ ეს გაწყვეტილი არ არის, მანამდე ასეთი ამბები იქნება. ელჩსაც ალბათ მისცემენ თანხმობას, შეიძლება გასწორდეს რაღაც, მაგრამ საბოლოოდ არ გასწორდება ის დამოკიდებულება ბოლომდე, რომელიც არის გამოწვეული კონკრეტული ამბებით, რეპრესიული, ანტიდასავლური პოლიტიკით.
გუშინ პროტესტის 600 დღე შესრულდა. რატომაა ეს პროტესტი? ეს ხალხი სოციალური პრობლემების გამო ხომ არ გამოდის, გადასახადების დაწევასა და ხელფასების გაზრდას ხომ არ ითხოვს? ითხოვენ, რომ პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ და თავისუფალი სიტყვის გამო არ დევნიდნენ ადამიანებს და აირჩიონ ის, ვინც უნდათ ანუ თავისუფალი არჩევნები“,- განაცხადა წერეთელმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან გადაცემაში ისაუბრა, „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის ის განცხადებაა, სადაც ის ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეულ დიალოგზე საუბრობს. როგორც წერეთელმა აღნიშნა, დიალოგი მისაღებია, თუმცა დიალოგის დაწყებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„კარგია, რომ ვიქტორი და მისი გუნდი გამოვიდა ასპარეზზე. რაც შეეხება დიალოგს „ქართულ ოცნებასთან“, დიალოგი მტერთან არის საჭირო. ეს ბუნებრივი ამბავია, საბოლოოდ ერთმანეთის განადგურებით ხომ არ უნდა დასრულდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია?! ამ დიალოგს პირობები სჭირდება. ეს ხალხიც ამას ითხოვს. ამ საკითხებზე დიალოგი ბუნებრივია შესაძლებელია, როცა რაღაც ნაბიჯს გადადგამს „ქართული ოცნება“, რეპრესიას დაასრულებს, დევნას დაასრულებს. დიალოგი რაღაც პირობებს მოიცავს, უპირობო დიალოგი მე არ გამიგია. მიმაჩნია, რომ ეს, საბოლოოდ, ცივილიზებულად, დიალოგით უნდა გადაწყდეს. მანამდე სანამ დიალოგამდე მივალთ და მაგიდასთან დავსხდებით, არის კონკრეტული საკითხები გადასაწყვეტი“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.




