შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“.

საქმე ეხება ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაციას, დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, რომ პოლიციამ „25 წლის მამაკაცს ცემით და ნარკოტიკების ჩადებისა მუქარით აღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია და ციხეში ჩასვეს, 2 დღეში კი პოლიციაში ნამდვილი დამნაშავე გამოცხადდა“.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტს შეეხება.

ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.

საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს: მიმდინარე წლის აპრილში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, პოლიციელებმა შეაჩერეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დანა.

აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაულის ჩადენა აღიარა. მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები, იგი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ამოღებულ ცივ იარაღზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობისას, დაჭრის ფაქტიდან მეორე დღეს, დუშეთის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა დაკავებული პირის ნაცნობი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული თავად ჩაიდინა. მან სამართალდამცველებს ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღის ადგილმდებარეობა.

აღნიშნული პირის მიმართაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები.

ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად თავდაპირველად დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

საქმეზე დანიშნულ ექსპერტიზებზე დასკვნები ივლისის თვეში იქნა მიღებული, კერძოდ: 1. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (მათ შორის, ცივი იარაღის კვლევა) – 09.07.2026; 2. მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა (ტანსაცმელი, მიკრონაწილაკები) – 07.07.2026; 3. დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა – 03.07.2026.

დანაშაულის ჩადენის იარაღზე – დანაზე – ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მეორე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპროცესო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან თავდაპირველად დაკავებული პირის მიმართ ძალადობას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სამართალდამცველების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს და დანაშაულის ჩადენა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა. სწორედ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. შემდგომ, მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ასევე, განვმარტავთ, რომ თავდაპირველად მან უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე, ხოლო მისი ინტერესების დაცვა ადვოკატმა მხოლოდ ივნისის თვიდან დაიწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს