მთელი ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ პაპასქირმა განაცხადა, რითაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ თეიმურაზ პაპასქირმა განაცხადა, რომ ყველა ის მოწმე, რომელიც პროკურატურამ მიიყვანა, ცრუ მოწმეა და როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველა მათგანი პასუხს აგებს.
„ცრუ მოწმეებითაა თავიდან ბოლომდე სავსე ეს საქმეები. არცერთი მოწმე, რომელიც პროკურატურამ მოიყვანა, არ არის მართლა მოწმე, ყველა არის ცრუ მოწმე და როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველა მათგანი პასუხს აგებს ამის გამო. უფრო მეტიც – პასუხს აგებს პროკურორიც იმიტომ, რომ ზუსტად რომ იცი, ადამიანი დამნაშავე არ არის,მისთვის უსამართლოდ ბრალის წარდგენა არის დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით. პასუხს აგებს მოსამართლე, რადგან როდესაც იცი, რომ დამნაშავე არ არის და მაინც უსჯი სასჯელს, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამაზე შესაბამისი მუხლებია სისხლის სამართლის კოდექსში და მათ უნდა გაითვალისწინონ ეს. პროკურატურას უკვე არაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ მოსამართლეს ეყოს ჭკუა იმისათვის, რომ მიხვდეს, არ შეიძლება ამის გაკეთება.
ოპოზიციის ციხეში ჩასმა სავაჭროდ უნდა. ივანიშვილი წევს ფსონს. ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან, რომ როდესაც რაღაც გიჭირს, პირიქით, კიდევ უფრო უნდა გააორმაგო ფსონი და რაღაც მომენტში დაიხევს უკან დასავლეთი და გეტყვის, „კარგი ოღონდ ეს არ გააკეთო და ამაზე თანახმა ვართ“. არავინ არაფერს არ გააკეთებს და პირიქით, როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამს „ქართული ოცნება“ გაცილებით უარესი შედეგები ექნება საგარეო კუთხით და გაცილებით დიდ დარტყმას მიღებს. „ქართული ოცნების“ ლოგიკა ის არის, რომ ისინი [დასავლეთი] დაიხევენ უკან, მაგრამ ისინი უკან არ იხევენ და მიხვდნენ, რომ ამათთან არ შეიძლება ვაჭრობა, გამორიცხულია.
პლუს ამას „ქართულ ოცნებაში“ ჩქარობენ იმიტომ, რომ ხედავენ რუსეთის საქმე არ არის კარგად. ხედავენ, რომ შემოდგომაზე ფრონტზე არსებული ვითარება შეიძლება იმდენად შეიცვალოს, რომ ფაქტობრივად განწირულები აღმოჩნდნენ ყველა კუთხით. ჩქარობენ რომ მანამდე რამეს მიღწიონ“, – განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.




