ბათუმში მცხოვრები კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ქალაქში მოქალაქეების პირადი სივრცის დარღვევის შემთხვევები გახშირდა.
მისი თქმით, უცნობი ახალგაზრდები საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებთან იკრიბებიან და მოქალაქეების გადაადგილებით ინტერესდებიან, რაც, მისი შეფასებით, დაუშვებელია.
„ბათუმის სადარბაზოები გადაიქცნენ უცხო თვალების ბაზრად, სადაც უცნობი ადამიანები თავხედურად იკვლევენ, ვინ სად ცხოვრობს და რას აკეთებს. ეს არ არის უბრალო ცნობისმოყვარეობა – ეს არის პირადი სივრცის უხეში დარღვევა, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ქალაქის ღირსებას.
მაინტერესებს, რა ხდება დღეს ჩემს ქალაქში. ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“ – წერს კობა ფარტენაძე.
ფარტენაძის მიერ გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც, მისი თქმით, მისი მეგობრის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მყოფი ახალგაზრდები არიან ასახული.




