მედიაგამოცემა „ჩემი ხარაგაული“ წერს, რომ ხარაგაულის საკრებულომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვყენა ფოტო, რომლიდანაც მათი ჟურნალისტი ამოჭრეს

მედიაგამოცემა „ჩემი ხარაგაული“ წერს, რომ ხარაგაულის საკრებულომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვყენა ფოტო, რომლიდანაც მათი ჟურნალისტი ამოჭრეს. რეალური ფოტო კი მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ფაქტით გაკვირვებულმა რედაქციამ მერის მოადგილეს ჰკითხა, რატომ ამოჭრეს მათი ჟურნალისტი კადრიდან.
🗯 „ფოტოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის და მათზე 2026 წლის 6 ივლისის სხდომაა აღბეჭდილი. ფეხზე მდგომი ქალბატონი ნანა კიკნაძე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია, მის გვერდით დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ზის.
სხდომას დაწყებიდან რამდენიმე წუთში შემოუერთდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც ჯერ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა, – „მეც მჭირდება სხდომაზე დასაჯდომი ადგილიო“; სკამი რომ შემოუტანეს, ჟურნალისტის მისამართით იხუმრა, – ფოტოებში მაინც გამოჩნდებითო. მასაც შეუმჩნევია, – სხდომებზე ფოტოებს ისე რომ იღებენ, ჩვენ, ჟურნალისტები კადრებში რომ არსად გამოვჩნდეთ…
…თუმცა, რაც გუშინ მოხდა, განგაშის ზარის შემოსაკვრელია! არც მეტი, არც ნაკლები – ხარაგაულის საკრებულომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი, უბრალოდ, არ არის!
არადა, არც ერთი წამით არ ამდგარა საკრებულოს თავმჯდომარისგან სახელდახელოდ გამოყოფილი ამ ადგილიდან. ამას სხდომაზე მყოფი ოცდაათზე მეტი ადამიანიც გაიხსენებს და დაადასტურებს.
როგორც კი ეს „ჟურნალისტის გარეშე“ ფოტო ვნახეთ, მომხდარით გაოგნებულებმა და გაოცებულებმა ეს კადრი დაუყოვნებლივ ჩავუგდეთ მესენჯერში ამავე ფოტოზე მყოფ მერის პირველ მოადგილეს, – „ფოტოებზე მაინც გამოჩნდებითო“, – რომ ეგონა (?!).
სავარაუდოდ, მისი ძალისხმევით, მალევე გამოცვალეს და რეალური კადრი დააბრუნეს საკრებულოს ფეისბუქგვერდზე.
ამ ფაქტის დამადასტურებელ მასალებს ვინახავთ“, – წერს „ჩემი ხარაგაული“.
⭕ ასევე, როგორც მედიაგამოცემა წერს, ჟურნალისტი მერიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილ ადგილას იმიტომ იჯდა, რომ საკრებულოს დებულების და მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარე მედიისთვის ცალკე ადგილს არ გამოყოფს.