ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

როდესაც პარტიის რეფორმაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ უნდა მოხდეს პარტიის სიღრმისეული რეფორმა, რაც პარტიას სჭირდება იმისთვის, რომ იყოს გახსნილი და იყოს მეტი კონკურენცია – შეჯიბრი არა ასაკით, არამედ შეჯიბრი საქმით! რამდენიმე თვის განმავლობაში პარტია სრული ინსტიტუციური გარდაქმნის რეჟიმში იქნება, – ამის შესახებ “ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ “რეფორმატორთა საბჭოს“ ინიციატივაზე, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა შეიქმნას და რომელსაც თავმჯდომარის როლში თავად სააკაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნება, ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

ფარულავას თქმით, პარტიაში არსებობდა მოსაზრება, რომ შექმნილიყო ერთობა პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ გამოჩნდა, რომ ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელი და არაეფექტიანი.

“რეჟიმის პირობებში ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს პრობლემები – ფინანსური თუ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ეს არის რეალობა! ეს პრობლემები აქვს მედიასაც. საქართველოში არის კრიტიკული სიტუაცია, არსებობს საჩივარი, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია უნდა გაუქმდეს. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, პრობლემები ყველა პარტიას აქვს. ჩვენ გვსურს, რომ არსებულ რეალობას მოვერგოთ – გვსურს, რომ პოლიტიკური პარტია ფართოდ იყოს გაშლილი და საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად მაღალ ხარისხში იყოს.

პარტიაში რაღაცა თვალსაზრისით იყო მოსაზრება, რომ უნდა შექმნილიყო ერთობა პოლიტიკურ ძალებს შორის. გამოჩნდა, რომ ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელი და არაეფექტიანი. პლატფორმა, რაზეც  საუბრობს, იმას გულისხმობს, რომ ფართო საზოგადოება პარტიის ცხოვრებაში აქტიურად იყოს ჩართული და თუ რამე “ნაციონალურ მოძრაობაში არ მოსწონს, ინიციატივები თავად შემოიტანოს, რაც პარტიას რეფორმაში დაეხმარება.

ერთი მხრივ, ლაპარაკია “რეფორმების საბჭოზე“, სადაც კარი ღია იქნება ყველა ინიციატივისთვის, ყველა ადამიანისთვის, ყველა აქტივისტისთვის. ამ ინიციატივების აღმასრულებელი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. პარტიის შიგნით ჩამოყალიბდება ჯგუფი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას პარტიის რეფორმაზე, შემოთავაზებული რეკომენდაციების დანერგვაზე და მის იმპლემენტაციაზე“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ფარულავას ინფორმაციით, გუნდი ძალიან მალე დასახელდება. მისი თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში პარტია სრული ინსტიტუციური გარდაქმნის რეჟიმში იქნება.

“მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არა თუ გაგებით ვეკიდებით, არამედ მისი აღსრულებისთვის ვემზადებით. მთავარ ღირებულებას წარმოადგენს არა პარტიული თანამდებობა, არამედ ქვეყანა და ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. თუკი პოლიტიკაში დღის წესრიგს არ ქმნი, გინდ გქონდეს თანამდებობა, გინდ – სტატუსი, ეს არაფერს არ ნიშნავს. რამდენს ადამიანს ჰქონია ამ პარტიაში სტატუსი და თანამდებობა, რაში გამოიყენეს, თუ საქმეს არ გააკეთებ?! ამიტომ ჩემი მიდგომა მარტივია – მსურს, ოპოზიცია იყოს უფრო გახსნილი ახალი ადამიანებისთვის. ახალი ადამიანების შემომტკიცებას ნდობა სჭირდება, ხოლო ნდობას ისეთი ღია და გამჭვირვალე პროცესი სჭირდება, სადაც თითოეულ აქტიურ ადამიანს პოლიტიკურ ასპარეზზე თავის რეალიზების შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ფარულავა ამბობს, რომ ოპოზიციაში “საბოტაჟნიკების“ ჯგუფი იყო. მისი თქმით, პარტიების ერთობა პოლიტიკური პარადიგმა იყო, “თუმცა არაფერი გამოვა იქ, სადაც ზოგიერთი საბოტაჟნიკისთვის და პოლიტიკოსისთვის სიძულვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული ინტერესი“.

ფარულავამ ამ კონტექსტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიპეტიები გაიხსენა.

“პარტიაში შიდა ჩატარდა. იყო „საბოტაჟნიკების“ გარკვეული ჯგუფი, რომელთაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნეს, რაზეც ახლა სხვათაშორის  საუბრობს. ჩვენ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას მეორედ აღარ ვაპირებთ – ვაპირებთ ინსტრუმენტის ყველა იმ კეთილსინდისიერი ადამიანისთვის მიცემას, ვისაც ამ ქვეყანაში დემოკრატია და ევროპული მომავალი სურს.

რატომ მოხდა თინა ბოკუჩავას თავმჯდომარედ მოყვანა და მისთვის ამ მანდატის მიცემა? – ამაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, რომ გარკვეულწილად ოპოზიციის მთავარ ამოცანას ერთობა წარმოადგენდა. თინა ბოკუჩავას ჰქონდა მანდატი, რომ ერთობა შემდგარიყო. „საბოტაჟნიკები“ ლევან ხაბეიშვილს არ ესაუბრებოდნენ და იწუნებდნენ მას. უწუნებდნენ ყველაფერს – აღარ ჩამოვთვლი, რას და როგორ. ამორალური იყო მათი ქცევა. იყო პოლიტიკური პარადიგმა – პარტიების ერთობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არაფერი გამოვა იქ, სადაც ზოგიერთი „საბოტაჟნიკისთვის“ და პოლიტიკოსისთვის სიძულვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული ინტერესი. ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად, ჩვენზე უკეთ იცის – იყო თამარ ჩერგოლეიშვილით დაწყებული, “ახლების“ ერთ-ერთი ლიდერით დამთავრებული.

გამარჯვების მთავარი ფორმულა არის ერთობა. როდესაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო ერთობა, ერთიანი სიის ფორმატში, ვიღაცეებმა ფეხები დააბაკუნეს, საბანკო ოლიგარქიისგან ფული მოიზიდეს და თავისი დღის წესრიგი შექმნეს – და რა შედეგი?! ამ ქვეყნის მომავალს ეშველა? – არა! ქვეყანა გაჭედილია და იზოლაციაში მოქცეული. ამაზე კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ილაპარაკონ, თუ როგორ მოხვდა ეს ფული მათ პარტიაში.

ყველა კონტური არსებობს, რომ “ქართულ ოცნებას“ უკან დახევა მოუწევს – ახლა მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია იყოს ფორმაში, პარტია პასუხობდეს ამომრჩევლის ინტერესებს და იყოს გახსნილი ახალი ადამიანებისთვის.

შიდა პრაიმერიზით და შიდა არჩევნებით პარტია სრულ გარდაქმნას დაიწყებს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება